გურიის მოამბე

კობახიძე ამაღლობელზე: აღიარონ, რომ ქმედება იყო დასაძრახი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე

“გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა, უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა და მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ვიღაც “ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს”, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედებაა.

მან კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა უცხოელი აგენტების დაკვეთა და ამ დაკვეთის მიზანი პოლიციის დაკნინება იყო.

”ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა მზია ამაღლობელმა დანაშაული და მერე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამასაც აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი. ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახა, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შესაბამისი ქმედება, ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო…

ეს ყველაფერი არის ერთი ხაზით მართული – პოლიცია უნდა იყოს დაკნინებული. ამის უფლებას ვერავის მივცემთ. შესაბამისად, ჯერ პირველ რიგში ვისაუბრებ იმაზე, იყო თუ არა პირველ რიგში, ამორალური ქმედება ჩადენილი, კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაველოდოთ სასჯელს, ვინ ეკითხება მათ კვალიფიკაციის განხილვას. ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, ეს სამარცხვინოა. უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე,” – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights