ვილები, სახლები, ბრენდები, მანქანები – “შაბათის ეთერი” გაჩვენებთ ქონებას და ბიზნესს, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავად ადეკლარირებენ და წერენ, რომ ეს ყველაფერი სამართავად ცოლებზე და ქმრებზე აქვთ გადაფორმებული.
“კარტიეს” ბრენდის სამაჯური და ბეჭედი – ღირებულება 10 500 აშშ დოლარი; 10 და 12 ათას დოლარად შეფასებული “როლექსის” 2 საათი; 60 000 დოლარიანი BMW-ს მარკის ავტომობილი, აქციები ელექტომობილების კომპანია Rivian Automative INC-სა დაTesla Inc- ში; 309 ათასი დოლარი ანაბარზე. მოგზაურობაში დახარჯული 60 ათასი; რემონტში გადახდილი 40 ათასი და ტანსაცმლის ხარჯი – 20 ათასი. ქონებრივ დეკლარაციაში ასახული ეს მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის და მისი მეუღლის ქონების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. მილიონ 200 ათასი აქვთ გადახდილი მინისტრსა და მის მეუღლეს ბინებსა და აგარაკებშიც. დეკლარაციაში “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი წერს, რომ მხოლოდ 2 კომპანიიდან 300 ათასზე მეტის შემოსავალი მიიღო.
იუსტიციის მინისტრის გამდიდრების ისტორია “ქართული ოცნების” მმართველობის წლებს ემთხვევა.
ვილა საგურამოში პაატა სალიას ცოლის საკუთრებაა. “ოცნების” მთავრობის წევრის ოჯახმა მდიდრების დასახლებაში უძრავი ქონების შეძენა 2020 წელს დაიწყო და სამჯერ გაფართოვდა. ქონების შეძენა პაატა სალიას მეუღლეს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. ბევრად მეტია გადახდილი “ოცნების” მინისტრის ცოლის სახელზე გაფორმებულ ლისის აპარტამენტებშიც. პრესტიჟულ საცხოვრებელ უბანში ქეთევან ჯელაძეს, დეკლარაციის მიხედვით, 203 130 აშშ დოლარია გადახდილი. პარლამენტში შესვლამდე 2 თვით ადრე, 2024 წლის 10 ოქტომბერს, სალიას ოჯახმა 122 800 ევრო, “პორშე კაიანში” გადაიხადა. “ლენდროვერ დეფენდერიც” “ოცნების” იუსტიციის მინისტრის ოჯახის ავტოპარკს ეკუთვნის. ძვირადღირებული ავტომობილი 2025 წლის იანვარშია შეძენილი და მასში პაატა სალიას ცოლს 66 400 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. სალია, მინისტრობისა და ადვოკატობის გარდა, ბიზნესმენიცაა. პაატა სალიამ და მისმა ცოლმა, 95 ათას დოლარის ოდენობის დანაზოგის შენახვაც მოახერხეს.
შალვა გოგოლაძეც სპორტის ბიზნესმენი მინისტრია. მინისტრის პორტფელი “ქართული ოცნებისთვის” თანხის შეწირვიდან 2 კვირაში ჩააბარეს. მას ამ დროისთვის უკვე ჰქონდა 350 ათასიანი დანაზოგი, 2 ძვირადღირებული ავტომობილი – “ლენდ კრუიზერ 200” და “ლენდ კრუიზერ 300” – ჯამში 120 ათასი დოლარის ღირებულების. მინისტრის ძმა, გურამ გოგოლაძეა. გოგოლაძე “არენას” მფლობელია და ამ მშენებლობის უკანაც ის დგას. ძმის ბიზნესსაქმიანობასთან კავშირს, ვერც ბატონი შალვა უარყოფს. ახლა სტადიონის ადგილას მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. ოცნების მინისტრი ვერ უარყოფს, რომ სპორტული სივრცე, ბეტონის ნაგებობამ შეიწირა.
ძმის ბიზნესის გარდა, სამეწარმეო რეესტრში, თავად ოცნების მინისტრის გვარის გასწვრივაც რამდენიმე კომპანიაა. ახლა ამ ბიზნესების მართვას კანონი უკრძალავს და ვალდებულია წილი სამართავად სხვა პირს გადასცეს. ოცნების მინისტრთა კაბინეტის წევრმა გადაწყვიტა, რომ თავისივე წილების მმართველად რამდენიმე კომპანიაში, საკუთარი ცოლი დაენიშნა. ყველაზე შემოსავლიანი კომპანია მინისტრისვე განმარტებით, “კაულინ ჯორჯია” გამოდგა. კერამიკისა და ფაიფურის ჭურჭლით ვაჭრობა. შალვა გოგოლაძე აზუსტებს, რომ სარესტორნო ინვენტარის შემოტანითაა დაკავებული.
შემდეგი გაჩერება, კიდევ ერთი ბიზნესმენი და მილიონერი მინისტრია. მხოლოდ საბურთალოს შუაგულში არსებული 336 კვ.მ. ფართის ბინა, ამ ეტაპზე მილიონზე მეტის ღირებულებისაა – აქ “ოცნების” სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლს, ქეთევან მაღულარიას ვხვდებით.
ქეთევან მაღულარია “სი ემ სი” ჯგუფის მეწილეა. ბიზნესმენ მინისტრს კი საკუთარი წილები, დეკლარაციის მიხედვით, მართვაში სხვა პირებისთვის აქვს გადაცემული. თუმცა დავით სონღულაშვილის ძმა ამ დრომდე მსხვილი დეველოპერული ბიზნესის მმართველია და თბილისის მასშტაბით არაერთ კორპუსს აშენებს.
ბიზნესმენი მინისტრების სია ამით არ სრულდება. “ოცნების” რეგიონული განვითარების მინისტრიც სამეწარმეო რეესტრის სუბიექტია. კახაბერ გულედანის სახელისა და გვარის გასწვრივ რამდენიმე კომპანიას ვხედავთ, მათ შორისაა “საქართველოს მეტროლოგიის ცენტრი”, რომელიც სახელმწიფო ტენდერებსაც იგებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მის სახელზე ამ დრომდე რჩება “შპს მაინჰაუსი”, რომელიც სარემონტო პროფილით მუშაობს. მედიის ცნობით, კი სოხაძე ფლობდა 32% წილს სამშენებლო კომპანია ფლექსშიც.
“ოცნების” მინისტრთა კაბინეტის 14 წევრიდან, საკუთარი ბიზნეს კომპანია მხოლოდ 6 – ს არ აქვს. ესენი არიან თავდაცვის, ფინანსთა, განათლების, საგარეო, შერიგებისა და ჯანდაცვის მინისტრები.
სამეწარმეო რეესტრში არც ძალოვანი გელა გელაძე იძებნება, თუმცა მისი ქონებრივი მდგომარეობა ბევრად უფრო შთამბეჭდავია: 150 ათასი დოლარის ღირებულების სასტუმროს ნომერი ყაზბეგის 22-ში, შეძენილია 2024 წელს; 228 541 ათასი დოლარი – მშენებარე ბინისთვის 2023-ში; 182 350 დოლარი ჭავჭავაძეზე არსებული უძრავი ქონებისთვის. ჯამში 20 ერთეული უძრავი ქონება და მილიონნახევრამდე ლარს ითვლის. გელაძის ოჯახის ბალანსზეა, ძვირადღირებული მოძრავი ქონებაც 105 ათასი ევროდ ნაყიდი მერსედესი ცოლისთვის და 70 ათასი დოლარიანი ტოიოტა ლ 200 საკუთარი მოხმარებისთვის.
კულტურის მინისტრის 300 ათასიან ბინაზე, 8 ათას ევროიან ჩანთასა და მრჩევლობით მიღებულ ასიათასიან შემოსავლებზე, “შაბათის ეთერის” მაყურებლისთვის უკვე ცნობილია. თინათინ რუხაძეც ბიზნესის მკეთებელი მინისტრების რიგებშია და მასაც წილები სამართავად, სხვების მსგავსად, დიდი ალბათობით ფიქტიურად, მეგობრის შვილისთვის აქვს გადაცემული.
ანტიკორუფციული ბიურო ჯერ არც რუხაძის დეკლარაციის მონიტორინგით დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებისთვის რაჟდენ კუპრაშვილს არაფერი უცნობებია.