ქალაქ ოზურგეთის თავი – თავადი ნიკო თავდგირიძე
პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე თავადი ნიკოლოზ (ნიკო) ყარამანის-ძე თავდგირიძე დაიბადა 1871 წელს. თედო სახოკია 1897 წელს გამოქვენებულ მგზავრის წერილებში ოზურგეთზე წერს – ”ქალაქის თვითმმართველობა, შემოღებულია 1896 წელს. ქალაქის თავად მოწვეული ჰყავთ ახალგაზრდა უნივერსიტანტი, ოზურგეთის მაზრისავე მკვიდრი.“ სახოკია ამ შემთხვევაში გულისხმობს ნიკო თავდგირიძეს, სახოკიას გურიაში სტუმრობის ძირითადი მიზანი თავდგირიძის წამოწყებებისა და იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება გახლდათ, მისი წერილების შედეგად გურია ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც თავისი პრობლემების თავადვე მომგვარებელი მხარე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გურიის შესახებ მანამდე არსებული ინფორმაცია ძირითადად ფირალებისა და ხელისუფლების დაპირისპირებას ასახავდა.
ნიკო თავდგირიძის სახელს უკავშირდება გურიაში სხვადასხვა სახის სამრეწველო ამხანაგობების შექმნა, რომელთა საქმიანობის შედეგად გურიაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამხანაგობები ეწეოდნენ აბრეშუმის, ხილის, თაფლის და ა.შ. პროდუქციის წარმოებას და მათ რუსეთის ბაზარზე გატანას. ასევე ამხანაგობისა და ქალაქის თვითმმართველობების მეშვეობით მოგვარდა მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტის პრობლემა, ოზურგეთში დაიწყო იაფი წიგნების ბეჭდვა ხელმოკლე მოსახლეობისათვის, დაიწყო სკოლების მშენებლობა, ჩამოყალიბდა საკრედიტო კავშირები ე.წ. „სასოფლო ბანკები“, გაიყვანეს სარწყავი არხები, დაიწყო ქალაქის ქუჩების მოწესრიგება და დასუფთავება, დაიწყო ქალაქის ბაღის აღდგენა, მოხდა ქალაქის ქონების აღწერა და ა.შ.
„რაც აქამდე დააკლდა ქალაქს უპატრონობითა და მოუვლელობით, ახლა ცდილობს თვითმმართველობა, შეივსოს. მართალია, მთელი წლიური ბიუჯეტი ქალაქისა სამას-ოთხას თუმანს არ აღემატება, მაგრამ ამით გულს არ იტეხს თვითმმართველობა, გაორკეცებული მხნეობით ეკიდება ყოველსავე დაბრკოლებასა. ბევრი კითხვები აღძრა თვითმმართველობამ, რომელთაც სამაზრო მნიშვნელობაცა აქვთ. თვითმმართველობამ შეაფასებინა ქალაქის უძრავი ქონება შემოსავლის კვალობაზე. თვითმმართველობა ცდილობს ოზურგეთში სავაჟო პროგიმნაზია დააარსოს, თვითმმართველობამ გაუხსნა მკვიდრთ საჯარო წიგნთსაცავი, თვითმმართველობავე ცდილობს სამუდამო თეატრი შეაძენინოს ოზურგეთსა, ბოლოს, თვითმმართველობავე თავობს ოზურგეთში საექიმო თავშესაფარის დაარსებას და ექიმის მოწვევასა და სხვ..“ წერდა თედო სახოკია.
ამ პერიოდის საქართველოში გამომავალი ქართული და რუსული პრესა სავსეა გურიაზე სტატიებით, მრავლადაა თავდგირიძის წერილობითი მიმართვები, როგორც კავკასიის მთავარმმართებლის ისე ქართული საზოგადოებისადმი, რომლითაც იგი დასაბუთებულად ითხოვდა გურიაში სხვადასხვა სახის ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც გააუმჯობესებდნენ მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. სახოკია სთაოსნობით ოზურგეთში იწვევდნენ მსახიობებს, ტარდებოდა თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საღამოები და ღონისძიებები.
27.02.1898 წლის გაზეთ ცნობის ფურცელში გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ რომ თავდგირიძე პეტერბურგს მიემგზავრებოდა ქალაქ ოზურგეთის საკითხებზე, განსაკუთრებით კი ოზურგეთში ვაჟთა პროგიმნაზიისა დაარსებისა და ნატანებიდან ოზურგეთამდე რკინიგზის გაყვანის მიზნით. 1898 წლის (# 277) გაზეთ კავკაზის ინფორმაციის მიხედვით – ქალაქ ოზურგეთის მოურავმა ნიკოლოზ თავდგირიძემ ხელმეორედ მიმართა შუამდგომლობით (დამატებით დოკუმენტების დართვით) სახალხო განათლების სამინისტროს მიეცათ სუბსიდია ქალაქის თვთმმართველობის ვაჟთა პროგიმნაზიის შენახვის მიზნით. რომლის შენახვა მისი დასაბუთებით წელიწადში 16 000 მანეთზე მეტი არ დაჯდებოდა. მინისტრიც დათანხმებულა და ამავე ინფორმაციის მიხედვით ოზურგეთში ვაჟთა პროგიმნაზიის გახსნა უკვე გადაწყვეტილად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
1900 წლიდან თავდგირიძე ქალაქ სოხუმში გადადის და თედო სახოკიასთან ერთად მოღვაწეობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას. ამის შემდეგ იგი ქალაქ სოხუმის თავი ხდება. თედო სახოკია, რომელსაც თავდგირიძესთან ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მეფის მთავრობამ სოციალ ფედერალისტების მიერ საქართველოში 1905 წელს იარაღის შემოტანაში დაადანაშაულეს და გადაასახლეს, შემდგომში 1911 წელს თავდიგირიძესაც დასდეს ბრალი იარღის შემომტანების მხარდაჭერაში.
ნიკო თავდგირიძე 1906 წელს მოსკოვში გამართულ რუსეთის იმპერიის ქალაქების წარმომადგენლობითი საბჭოების სხდომაზე თავდგირიძე მოხსენებით გამოვიდა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ავტონომია და დეცენტრალიზებული მმართველობის შემოღება რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რასაც სერიოზული გამოხმაურება მოყვა.
1917 წელს თავდგირიძე ხდება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქალაქ ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე და აქტიურად ეწევა თავის საქმიანობას არამარტო სოხუმში არამედ ტუაფსეშიც. მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთის ელიტის იმ ნაწილთან, რომელიც რუსული გავლენების წინააღმდეგი იყო და ქართული საზოგადოებასთან ინტეგრაციაში ხედავდა აფხაზეთის მომავალს.
შემორჩენილია ნიკო თავდგირიძის გამოსამშვიდობებლი სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის დაკრძალვაზე, რომლიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ: „შენმა საყვარელმა ხალხმა აბხაზებმა გვერდი აგიხვია, ვერ შეგამჩნია შენ და იმ რუსის აღზრდა აზროვნება-მიმართულებით გაჟღენთილ ადამიანებს მიჰყვა, რომელთან ბრძოლას შენი ხალხის დაჩაგვრისათვის მთელი შენი კაცთა შორის აღიარებული ბედნიერება შესწირე”.
ასეთია ძალზედ საინტერესო ადამიანის ნიკო თავდგირიძის არასრული ისტორია, რომლის სიმწირისდა მიუხედავად მაინც ნათელია თუ როგორი პიროვნების ძალისხმევითა და მონდომებით დაიწყო ქალაქ ოზურგეთის ისტორიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა