document.body.remove()
გურიის მოამბე

რაში იხარჯება ხალხის ფული? – “ქართული ოცნება” კვლავ ახალ მანქანებს ყიდულობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი 5 მილიონი ლარის ღირებულების პიკაპებს, ჯიპებსა და მინი-ვენებს ყიდულობს. ამ დროისთვის, ფონდს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ ეტაპზე, სულ 62 ავტომობილს ყიდულობს. მათ შორის, ტენდერი გამოცხადებული 31 პიკაპზე, 29 მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილზე და 2 მინი-ვენზე.

კორუფციის მკვლევარებს აინტერესებთ რა საჭიროება დგას ახლა ავტო-პარკის განახლების. ამასთან, მათთვის გაუგებარია ავტო-პარკის განახლების დროს სად მიდის ძველი ავტომობილები.

იურისტის, ბადრი ნიაურის განცხადებით, ქვეყანას ამ ტიპის შესყიდვის საჭიროება არ აქვს. მისი განცხადებით, ავტომობილების შესყიდვა “მანია და გავლენების წინა პლანზე წამოწევაა”.

”ფაქტია, რომ არანაირი საჭიროება ასეთი ტიპის შესყიდვის ქვეყანას არ აქვს. გამართლება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის. 

პარკის ჩანაცვლება მიზანშეწოლილია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა რამესთან. ეს არის სწორედ მანია, ეს არის ახალი ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი მანქანები და გავლენების წინა პლანზე წარმოწევა. 

როტაციის სახე მიიღო ასეთი ტიპის შესყიდვებმა, სადაც ეს ბიზნესები უნდა წახალისდნენ და ბუნებრივია, ამ ტიპის გადახდილი თანხებიდან, შემდგომ ხდება პარტიების დაფინანსება,” – აცხადებს ბადრი ნიაური. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს ახასიათებთ მსგავსი “ავტომანია”.

მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელი 2025 წლის აპრილში დაინიშნა, “მან გადაწყვიტა, ცვლილებები შეიტანოს ორგანიზაციის მართვაში და თავისთავად ცხადია საიდან უნდა დაიწყოს ეს ცვლილებები თუ არა გარაჟის განახლებით”. 

”საჭიროება რამდენად შეიძლება იყოს დასაბუთებული. უფრო უკეთესი ხომ არ იქნებოდა მაგალითად, პერიოდულად ყოფილიყო განაწილებული და საჭიროების მიხედვით ყოფილიყო მიღებული ეს მომსახურეობა. 

მანქანების მიმართ რაღაც განსაკუთრებული მიზიდულობა აქვთ. 250 000-ლარიანი ჯიპებიდან დაწყებული, რომელიც 2013 წლიდანვე დაიწყეს ესე სათითაოდ ასეთი ტიპის მანქანების შესყიდვა, ძალიან მორგებული პარამეტრებით, ლამის როგორი უნდა ყოფილიყო ზედაპირი და ფერი, კარი როგორ უნდა იკეტებოდეს, ყველა დეტალის მითითებით, აქამდე გრძელდება. მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, ჩამოწერილი მანქანები, რომლებიც შეიძლება სულაც არ არის დაზიანებული, სად მიდის ვერ მივაკვლიეთ. 

მთავარი არის ერთი, ეს ავტომანია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ახასიათებთ. სხვათა შორის მათი ახალი შეფი 2025 წლის აპრილშია დანიშნული და ეტყობა მან გადაწყვიტა, ცვლილებები შეიტანოს ორგანიზაციის მართვაში და თავისთავად ცხადია საიდან უნდა დაიწყოს ეს ცვლილებები თუ არა გარაჟის განახლებით,” – ამბობს ქეთევან ენუქიძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდს 5-მილიონახევრიანი შესყიდვა უკვე ოფიციალურად აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება აგვისტოს ბოლოს დაიწყება, სექტემბრის დასაწყისში კი უნდა გავიგოთ, რომელ კომპანიას გაუფორმდება მსხვილი შესყიდვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights