საქართველოში ფაფრიანი გველი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
“თბილისის ზოოპარკის საველე მკვლევრები პერმანენტულად აწყობენ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ექსპედიციების მიზანია იშვიათი, გადაშენების საფრთხეში მყოფი სახეობების გავრცელების არეალის დაზუსტება, მათი რაოდენობრივი აღრიცხვა და ბიოლოგიის შესწავლა. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკვლევ ტერიტორიას ივრისა და ალაზნის ჭალებს შორის მოქცეული არეალი წარმოადგენს. კვლევა ჩვეული საველე მეთოდებით ხორციელდება: კვალის ძიება, ფოტოხაფანგების დაყენება, ექსკრემენტების ლაბორატორიული ანალიზი, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და ა.შ. აღნიშნული ღონისძიებები აუცილებელია იმ სახეობების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელთა რიცხოვნობაც საკმაოდ მცირია და მათი პოვნა არც ისე ადვილია. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ზოლებიანი აფთარი, მწვანე ქვაჭამია, ჭრელი მალმოვალი, შავთვალა თხუნელა და სხვა.
ადგილობრივი მოსახლეობის (ძირითადად მწყემსების) მონათხრობში ძალიან ხშირად ფიგურირებდა ცხოველი, რომელიც არ იყო შეყვანილი ჩვენს კითხვარებში. მათი აღწერის მიხედვით, ეს აგრესიული ხასიათით გამორჩეული, სამლიტრიანი ქილის დიამეტრის სხეულის მქონე თმიანი გველი შიშის ზარს სცემდა მწყემსებს და ხანდახან მანქანებსაც კი ესხმოდა თავს. დასტურად, ექსპედიციების მონაწილეებისთვის არაერთხელ უჩვენებიათ მანქანის ძარაზე დატოვებული გველის კბილების ანაბეჭდები. რასაკვირველია, ეს ცნობები სერიოზულად არასოდეს მიგვიღია, მით უფრო, რომ, ჩვენი გამოცდილებით, ხშირად, მსგავსი ინფორმაცია ცხოველის ფიზიკური მონაცემების შესახებ გადაჭარბებულია ხოლმე და რეალობას არ შეესაბამება. ამ ისტორიების ავტორები დიდი ენთუზიაზმით გვთავაზობდნენ თმიანი გველის ჩვენებას, მაგრამ ჩვენ ზრდილობიანად ვუარობდით, რადგან მითოლოგიური პერსონაჟების ძიება ჩვენს ფუნქციებში არ შედის.
თბილისის ახალი ზოოპარკი (თბილისის ზღვის მიმდებარედ) ივრის ზეგანს ესაზღვრება. ხშირია შემთხვევები, როცა ჩვენს ტერიტორიაზე ადგილობრივი ფაუნის საინტერესო, უწყინარი წარმომადგენლები (მწვანე კოდალა, ოფოფი, კურდღელი…) შემოდიან. ჩვენი პერიმეტრი კამერებითა და ფოტოხაფანგებით კონტროლდება, რაც მათი დაფიქსირების საშუალებას იძლევა. ზოგი იქვე ბინადრობს, ზოგი მოფრინავს, ზოგი გაზაფხულზე ადიდებული მდინარეების ტალღებს მოჰყვება, თბილისის ზღვაში ხვდება და შემდეგ ჩვენთან შემოდის (მაგალითად წავი).
მარტის დასაწყისში ჩვენმა ფოტოხაფანგმა უცნაური ცხოველი დააფიქსირა: ერთი შეხედვით ეს Stultitiam-ების გვარის ჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო (Vanitas-ების ოჯახი). თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ კისრის გარშემო გაურკვეველი ლაქა ეტყობოდა. თავდაპირველად ფოტოკადრის დეფექტი გვეგონა, მაგრამ სხვა სურათებზე უკვე მკაფიოდ გამოჩნდა გველი, რომელსაც კისრის არეში უცნაური ფაფარი ჰქონდა. სამუშაო სახელიც შევურჩიეთ: Stultitiama pultikola, Mziae 2023.
მაშინვე დავიწყეთ ამ საინტერესო ფაქტის კვლევა. რა თქმა უნდა, გველი სამლიტრიანი ქილის დიამეტრის არ ყოფილა; მისი დიამეტრი დაახლოებით 8 სმ იქნებოდა, სიგრძე – 2 მეტრამდე. ფაფრისებრი წარმონაქმნის წარმომავლობა ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ. გვაქვს ორი ვარაუდი:
1. საქმე გვაქვს „სქოთსდეილ-კლეიბორნის სინდრომთან“: ფაფარი ბეწვის ანალოგია, რომელიც ძუძუმწოვრების შორეულ წინაპრებში – პერიოდონტებში ან ორთოდონტებში – შეიძლება ვეძებოთ. ისინი ქვეწარმავლებისგან წარმოიშვნენ. ქვეწარმავლების ქიტინოვანი საფარველი ბეწვად გარდაიქმნა. არსებობს ალბათობა, რომ ჩვენი გველის ფაფარი ატავისტური წარმონაქმნია, რომელიც სახეობის რიცხოვნობის დაცემის, პართენოგენეზური პროცესების დაწყებისა და ინბრედული დეპრესიის შედეგად გამოვლინდა. ამგვარ შემთხვევებში, მიტოქონდრიული დეენემის საშუალებით, შეიძლება თავი იჩინოს მილიონობით წლის წინ (მეზოზოურ პერიოდში) ჩაკარგულმა ატავისტურმა ნიშნებმა;
2. შეიძლება ეს იყოს ე.წ. „ზილაშკის ეფექტი“: სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია თმიანი ბაყაყი (Trichobatrachus robustus), რომლის ბეწვისებრი წარმონაქმნები რეალურად ეპიდერმისის გამონაზარდებია. თუ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს, ადგილი აქვს ისეთივე მუტაციას, როგორიც ამ ბაყაყის შემთხვევაში. ეს სახეობა მდინარისპირა, მაღალტენიან ტყეებშია გავრცელებული, რამაც, შესაძლოა, ამგვარი წანაზარდების წარმოქმნა განაპირობოს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავაგზავნეთ საფრანგეთის კრიპტოზოოლოგიისა და ჰერპეტოლოგიიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ტეზიე“. როგორ ფიქრობთ, რა იყო მათი პირველი რეაქცია? ხმამაღალი შეძახილი: Incroyable!!!
ფაფრიანი გველით თავად ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი ჟან მარკი დაინტერესდა. ის სიხარულით გამოეხმაურა ჩვენს მოწვევას და გამოთქვა სურვილი, პირადად მიიღოს მონაწილეობა თბილისის ზოოპარკისა და „ტეზიეს“ ინსტიტუტის თანადაფინანსებით ორგანიზებულ ექსპედიციაში”, – ნათავქმია გავრცელებულ ინფორციაში.