ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 27 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს ნაკრები კი ევრობასკეტზე ასპარეზობას, დღეიდან, 28 აგვისტოდან დაიწყებს. პირველი მეტოქე ესპანეთია.
https://ge.betsson.sport/
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დიდი იმედებით და არცთუ ცოტა კითხვის ნიშნით ხვდება. ერთის მხრივ, ეროვნულ გუნდს ცალკეულ პოზიციებზე ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომ საკმაოდ სერიოზული პოტენციალი იგრძნობა, მაგრამ მეორე მხრივ, წაგებული საკონტროლო მატჩები გაურკვევლობას იწვევს და გუნდის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.
ამ სტატიაში ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გარშემო აქტუალურ კითხვებზე ოთხი ექსპერტის პასუხებს ნახავთ. ნაკრების ფორმაზე, ტაქტიკაზე და მოლოდინებზე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი და ამჟამად საკალათბურთო გუნდ ივერიონის მწვრთნელი დავით როგავა, ნაკრების ყოფილი მოთამაშე გივიკო ბაქრაძე და betsson.sport-ის ავტორები, დათო მანჯავიძე და გიორგი უგულავა საუბრობენ.
– ყველა საკონტროლი მატჩი წაგებულია. რამდენად გვაძლევს ეს პანიკის საფუძველს?
დავით როგავა: როცა მოსამზადებელ ეტაპზე ექვსივე ამხანაგურ მატჩს დათმობ, გულშემატკივრებისთვის ეს იმედი მიმცემი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალურად, გუნდმა ექვსივე მატჩი არასრული შემადგენლობით ჩაატარა. ერთის მხრივ ეს შეიძლება გასამართლებელი საბუთიც იყოს, თუმცა მეორე მხრივ, კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად კარგად ვითამაშებთ და შეთამაშებული ვიქნებით, როცა გუნდი სრული შემადგენლობით იქნება.
გივიკო ბაქრაძე: ყველა ტესტ-მატჩის წაგება, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. სხვა ყველაფერთან ერთად, მოსამზადებელი პერიოდი ხომ იმისთვისაცაა, რომ გუნდი დიდ ტურნირს თავდაჯერებული შეხვდეს. მთავარი მიზეზი ის მგონია, რომ ამ შეხვედრებში ნაკრებს თორნიკე შენგელია ვერ ეხმარებოდა. წინა ევრობასკეტზეც ვნახეთ, რამხელა ძალაა კაპიტანი. შენგელიასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს. მას დიდი დრო არ გასცდენია და ფორმაში იქნება.
დათო მანჯავიძე: დამაფიქრებელი ფაქტია. საქართველოს ნაკრები იმ ორ გუნდს შორის მოხვდა, რომელთაც მოსამზადებელ ციკლში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგეს. ამ ორიდან მეორე ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი კვიპროსია, რომელიც აშკარა აუტსაიდერად უნდა მივიჩნიოთ. ცხადია, ხდება, როდესაც გუნდი მოსამზადებელ პერიოდს სუსტად ატარებს, თუმცა, ფორმის პიკში სწორედ ტურნირის მიმდინარეობისას გადის, მაგრამ ნამდვილად არ ჩანს, რომ ეს ჩვენი შემთხვევაა. საქართველოს ნაკრების გასამართლებლად მხოლოდ ერთი ფაქტორი თუ გამოდგება: ჯიკიჩმა ექვსიდან ვერცერთი თამაში ვერ ჩაატარა სრული შემადგენლობით და რაც მთავარია, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ნაკრები კაპიტნისა და აშკარად ყველაზე საკვანძო კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას გარეშე ემზადებოდა. ცხადია, მისი დამატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების პოტენციალი ერთიორად გაიზრდება, თუმცა ეს რამდენად მოახდენს იმ უამრავი ნაკლის გადაფარვას, რაც საკონტროლო მატჩებში გამოჩნდა, რთული სათქმელია.
გიორგი უგულავა: პანიკის საფუძველს თუ არ გვაძლევს, მინიმუმ ძალიან უსიამოვნოა. ბევრი სისტემური პრობლემა დავინახეთ. ჩეხეთთან ორ მატჩში მიღებულ 200 ქულას და 30 სამქულიანს მხოლოდ ტაქტიკური მიზეზებით ვერ ახსნი. სისტემური პრობლემებია. სისტემური პრობლემის რამდენიმე დღეში ან კვირაში გადაჭრა კი ძალიან რთულია.
– რა გამოჩნდა ამ საკონტროლო მატჩებში?
დავით როგავა: პირველი, რაც თვალშისაცემი იყო, ვერ დავინახეთ გუნდის ის ტაქტიკური მონახაზი, რისი იმედიც უნდა გვქონდეს, ან გეგმა, რა სტილის კალათბურთს ვითამაშებთ. მწვრთელი ყველა მატჩში სხვადასხვა ხუთეულებს იყენებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვფიქრობ, აქცენტი არა შედეგზე, არამედ უფრო სამომავლოდ ამ მოთამაშეების გამოყენებაზე იყო გადატანილი. გუნდი შენგელიასთან ერთად და მის გარეშე ორი სხვადასხვა რამ არის. თორნიკე ამ გუნდის პლეიმეიკერია ხშირ შემთხვევაში – მიუხედავად მისი პოზიციისა და როდესაც მის გარეშე ვთამაშობთ, ამ ფუნქციის გადანაწილება ხდება სხვა მოთამაშეებზე 40 წუთის განმავლობაში და ამის რესურსი, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
გივიკო ბაქრაძე: კამარ ბოლდუინის გარდა, ინდივიდუალურად ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საერთოდ არ გვაქვს გუნდური თამაში. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოთამაშეები ეგოისტურად თამაშობენ, არამედ ჩვენი თამაშის სტილი და სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას. შეტევითი კომბინაციები მეტოქისთვის მარტივად გასაშიფრია და ცოტა უფანტაზიო. თუნდაც გიორგი შერმადინის მაგალითი რომ ავიღოთ: ტენერიფეში ის სხვა მოთამაშეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჯადოქარი ჰყავს უკანა ხაზში, არამედ მწვრთნელი და სისტემაც მას ამაში ეხმარება.
დათო მანჯავიძე: ნათელი წერტილები ძალიან ცოტა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეთაგან გრანდებს მხოლოდ ლიეტუვა მიეკუთვნებოდა, ჯიკიჩის გუნდმა ვერავისთან ითამაშა დომინანტურ როლში, ფაქტობრივად ყველა მატჩში მდევრის როლში იყო და საჭირო მომენტში მომატების რესურსიც არ აღმოაჩნდა. საინტერესოა, რომ ქართველი კალათბურთელები სასტარტო ამხანაგურ მატჩებში გაცილებით ნაკლებ ქულას იღებდნენ თავის კალათში, ბოლო თამაშები კი ამ მხრივ საერთოდ კატასტროფული იყო. საქართველოს ნაკრებში აშკარა დისბალანსია პოზიციების მხრივ – თუკი წინა ხაზი ასე თუ ისე მოწოდების სიმაღლეზეა, უკანა ხაზს “მაღლებისთვის” სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენა უჭირს. ეს ფაქტი იმდენად თვალსაჩინოა, რომ მეტოქე გუნდების სამწვრთნელო შტაბს სათანადო დასკვნების გამოტანა არ უნდა გაუჭირდეს.
“ჯიკიჩი ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია, თუმცა ამ ეტაპზე არ მეჩვენება, რომ საქართველოს ძლიერ მხარეებს მისი კალათბურთი კარგად ერგება.” – გიორგი უგულავა
გიორგი უგულავა: ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ გუნდს არ აქვს იდენტობა, გუნდური თამაში. აქამდე, ბევრი წელი, ილიას ზუროსი ხშირად საკმაოდ უსამართლოდ ვაკრიტიკეთ. ახლა, ჯიკიჩის შემთხვევაში, სამართლიანად გვაქვს ბევრი შეკითხვა მისი და მის მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ. რა არის ჩვენი თამაში, როგორ ვთამაშობთ და რამდენად ერგება ეს ჩვენს ძლიერ მხარეებს? როცა დიდი და მაღალი გუნდი გყავს, როგორ ვაპირებთ პერიმეტრის დაცვას, მით უმეტეს თანამედროვე კალათბურთში, როდესაც ყველა სწრაფად თამაშობს და აქცენტს სამქულიანებზე აკეთებენ. ჯიკიჩი ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია, თუმცა ამ ეტაპზე არ მეჩვენება, რომ საქართველოს ძლიერ მხარეებს მისი კალათბურთი კარგად ერგება. პირიქით.
– რა იყო მოსაწონი და რა არა?
დავით როგავა: წაგებული ტესტ-მატჩებიდან გამომდინარე ამაზე ლაპარაკი რთულია. დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური რგოლია. ასევე კამარ ბოლდუინის ფორმა, რომელსაც წელს დიდი დრო გაუცდა.
გივიკო ბაქრაძე: ყველა გამოძახებული მოთამაშის საქმეში ნახვა მინდოდა. კონკურენცია აუცილებელია, გუნდს უფრო მობილიზებულს ხდის. ეს აუმჯობესებს ვარჯიშის და თამაშის ხარისხს. ამდენი წაგება გვაქვს და დამატებით 4-5 მოთამაშე საერთოდ არ იღებს სათამაშო წუთებს. გამორიცხულია, ამან გუნდის ხასიათი უარესობისკენ არ შეცვალოს. პოზიტიური იყო ლიეტუვასთან მატჩი, რადგან სამი მეოთხედი თორნიკეს არყოფნის და ახლადდამატებული სანდროს ფონზე, კარგად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. გადამწყვეტი ფაქტორი იქნება კამარ ბოლდუინი. ის ძალიან კარგი „დრაივერია“, ანუ მაგრად შედის ფარქვეშ, მთელი მეტოქის გუნდის გაჭრა შეუძლია. მწვრთნელმა და სისტემამ ის უნდა ჩააყენოს იმ სიტუაციაში, რომ ეს შეძლოს.
დათო მანჯავიძე: ყველაზე ცუდი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრებს ე.წ. საბრძოლო ხუთეულით თამაშის საშუალება ერთხელაც კი არ მიეცა. არადა, ვიცით, რომ სამწუხაროდ, არსებული რესურსი საშუალებას არ გვაძლევს, თუნდაც საშუალო დონის ნაკრებებთან წარმატებაზე გადახალისებული შემადგენლობით ვიფიქროთ. დამაფიქრებელია თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებული სიტუაცია. კაპიტანს საკმაოდ ხანგრძლივი უქმობა გამოუვიდა და მართალია, ვიცით, რომ თოკო მოედანზე გასვლის შემდეგ თავის საქმეს მაინც გააკეთებს, მაგრამ ცხადია, სჯობდა, საწვრთნელ პროცესში ბოლომდე ჩართული ყოფილიყო. რა არ მომეწონა ამ მატჩებში? ამაზე ალბათ მოკლედ არ გამოვა და ეს ძალიან სამწუხაროა. ამჯერად მზადების ბოლოსკენ გაკეთებულ ერთ დაკვირვებაზე ვიტყვი: საქართველოს ნაკრებმა ჩეხებთან მატჩები იდენტურ სტილში წააგო, მასპინძლებს რაიმე ახალის მოფიქრებაც კი არ დასჭირვებიათ. დამაფიქრებელია, რომ ამ ფონზე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტაქტიკური კუთხით ვერაფერი შეცვალა. რაც შეეხება დადებით მომენტებს, ამ შემთხვევაში სათქმელი ბევრი არაფერია.
გიორგი უგულავა: არ მომეწონა გუნდური დაცვა, განსაკუთრებით პერიმეტრზე. არ მომეწონა ტემპი. დაცვაში მეტოქის ბურთის მოძრაობას ვერ მივყვებით. საერთოდ ვერ დავინახეთ კონცეფცია, სტილი, როგორ ვთამაშობთ. ერთადერთი, რაც ეჭვს არ იწვევს, ცალკეული მოთამაშეების კლასი, შენგელიას დაბრუნება და მთლიანად გუნდის მონდომების თუ თავდადების ხარისხია. იმედია, ამით ის სისტემური ხარვეზები დაბალანსდება, რაც ვნახეთ.
– ზოგადად, ნაკრები განვითარების რა სტადიაზეა? რა არის ჯიკიჩის მთავარი თავის ტკივილი?
დავით როგავა: ჯიკიჩის მთავარი თავის ტკივილი ევრობასკეტზე შეუთამაშებელი გუნდის გაყვანაა. მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა გულშემატკივარს ჯიკიჩი, ის მაღალი დონის სპეციალისტია და მჯერა, იმ რესურსით, რაც საქართველოს ნაკრებს აქვს, შეუძლია, რომ წარმატებას მიაღწიოს. ზოგადად ნაკრებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში დადგება ის მომენტი, როდესაც ვიგრძნობთ იმ პრობლემებს, რაც ბავშვთა კალათბურთშია და დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც 2-3 წამყვან მოთამაშეზე იყო დამოკიდებული ჩვენი შესარჩევი ციკლი.
გივიკო ბაქრაძე: ეროვნული ნაკრები უნდა იდგეს ბავშვთა კალათბურთზე და ძლიერ ჩემპიონატზე. სხვანაირად ყველა წარმატება დროებითია. ჩვენი მინუსი არის სუსტი დაცვა, რაც შემდეგ ჩვენს თამაშს ანელებს. არადა, ევროპული კალათბურთი ძალიან აჩქარდა და ეს ჩვენ ბევრ პრობლემას გვიქმნის. ჩვენი ძლიერი მხარე არის ღრმა წინა ხაზი, ჩვენი მაღლები. ჯიკიჩის მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ახლა გუნდში შეინარჩუნოს დადებითი ატმოსფერო და წარუმატებელი მატჩების მიუხედავად, მოთამაშეებს თავდაჯერება დაუბრუნოს.
დათო მანჯავიძე: აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები გარდამავალ ეტაპზეა და მას მერე, რაც რამდენიმე ლიდერი გამოაკლდება, თუნდაც არსებულ დონეზე დარჩენა ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, იმ შანსის გამოყენება, რომელიც არსებული კონტიგენტის ყოლის ფონზე არსებობს, აუცილებელიც კია. თუკი რაიმემ შეიძლება საქართველოს ნაკრების წარმატება განაპირობოს, ეს წინა ხაზის კალათბურთელები არიან და ვფიქრობ, ამაში ყველა ვთანხმდებით. ჯიკიჩის თავისტკივილი სწორედ ისაა, რომ ცენტრებსა და ფორვარდებს უკანა ხაზი სათანადოდ ვერ ეხმარება. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ რატი ანდრონიკაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე, თუმცა, მთავარი მაინც კამარ ბოლდუინის ათამაშება უნდა იყოს. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ამხანაგურ თამაშებში ძალიან არადამაჯერებელი იყო, ჩვენ კი ის ბოლდუინი გვჭირდება, რომელმაც საკვალიფიკაციო ციკლში ფინეთთან გაიბრწყინა. კამარმა შეტევის გარდა დაცვაშიც უნდა მოუმატოს, ისევე, როგორც სრულიად გუნდმა. როდესაც ჩეხეთის დონის საშუალო მეტოქე ორ მატჩში 30 სამქულიანს გიგდებს, იქ წარმატებაზე ყველანაირი ფიქრი უნდა დაივიწყო. ჯიკიჩის გუნდისთვის მთავარი საფიქრალი სწორედ პერიმეტრის გადაკეტვა იქნება.
გიორგი უგულავა: ბევრი წელია, ჩვენ გუნდს გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. საქართველოს წინა ხაზი სახელებით და ტალანტით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ოთხი ძალიან მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავს – ბითაძე, შენგელია, მამუკელაშვილი და შერმადინი. უკანა ხაზში, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად გვიჭირს. არადა, ბურთის კარგი გათამაშების და სწორი მოძრაობის გარეშე ვერც წინახაზელებს გამოვიყენებთ სრულფასოვნად. მნიშვნელოვანია შენგელია-მამუკელაშვილის დუეტი, რომელთაც ყველაფერი შეუძლიათ, როგორ დაეხმარებიან გუნდს ბურთის გათამაშების და მოძრაობის დროს, რამდენად შეძლებენ, რომ რთულ მომენტში დამოუკიდებლად, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აიღონ ქულები. მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებენ დიდები სამიანების ჩაგდებას. თუ ბითაძეს, თორნიკეს და სანდროს სამიანები სტაბილურად წაუვიდათ, მაშინ მეტოქის დაცვას გაშლა მოუწევს და სივრცე, შესაძლებლობები გაჩნდება. მეორე მხრივ, როცა მაღალი და მასიური გუნდით თამაშობ, ყოველთვის პრობლემატურია დაცვაში მოძრაობა შენზე უფრო სწრაფი და მობილური გუნდების წინააღმდეგ.
– შენგელია-შერმადინი-ბითაძე-მამუკელაშვილი – როგორ ხედავთ ამ ოთხეულს? ფუნქციები, როლები და წუთები როგორ განაწილდება?
დავით როგავა: ამ ოთხი მოთამაშიდან შენგელიას და მამუკელაშვილს აქვთ ის უნარი, რომ თავიანთი შედეგიანობის და ქულების გარდა სხვებს მისცენ შესაძლებლობა თავიანთი მოედნის ხედვით. რაც შეეხება შერმადინს: მას შეუძლია თუნდაც 15 და 20 წუთში ყველაზე ეფექტიანი იყოს გუნდში მარგი ქმედების კოეფიციენტით. გოგას ყველაფრის გაკეთება შეუძლია მოედანზე, პერიმეტრიდან და სამწამიანიდანაც. ვფიქრობ, ამ 4 მოთამაშის ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაში, მწვრთნელს ექნება რესურსი, იპოვოს საუკეთესო ხუთეული მატჩის განმავლობაში და თითოეული მათგანი ეფექტიანად ათამაშოს.
გივიკო ბაქრაძე: ამ ოთხეულის გუნდში ყოფნა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა. ეს ოთხეული მწვრთნელს სხვადასხვა სახის როტაციის საშუალებას აძლევს. მათ როლებს და ფუნქციებს ახლიდან ვერ გამოიგონებ, ისედაც ყველამ ვიცით. მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ გიორგი შერმადინისგან და მისი ყველზე ძლიერი მხარის, პიკ ენდ როლისგან. ამ კომპონენტში ის დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. გოგა სამიანებსაც მაგრად ისვრის და შეუძლია პერიმეტრზე, “პიკ ენდ პოპზე” გამოსვლა. შეუძლია, მოედანი გაშალოს და გაწელოს, რაც უკანახაზელებს დერეფანს გაუხსნის. ასევე, ეს მამუკელაშვილს დაეხმარება, რომელიც ფარქვეშ შესვლისას ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკეს და სანდროსთან ერთად შეგვიძლია, ხუთეული დავადაბლოთ. ბევრი ვარიანტი გვაქვს. სანდროს ძალიან მრავალფეროვანი შემტევი არსენალი აქვს, ყველაფერი შეუძლია და მას ხანდახან ის თავისუფლება უნდა მიეცეს, რომ თავად გადაწყვიტოს შეტევის ბედი. მისნაირი მოთამაშე სისტემაში არ უნდა ჩაიკარგოს.
‘შენგელია, შერმადინი, ბითაძე, მამუკელაშვილი – ამ ოთხეულის გუნდში ყოფნა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა’ – გივიკო ბაქრაძე
დათო მანჯავიძე: ჩამოთვლილი ოთხეულის წევრებს საკუთარი პლუსები გააჩნიათ და ჯიკიჩის სამწვრთნელო უნარებმა ამ შემთხვევაში უნდა იჩინოს თავი. მან უნდა მოახერხოს, რომ “დამრტყმელი” ოთხეულისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. კარგია, რომ ნაკრებში ჩატარებული რამდენიმე სუსტი თამაშის შემდეგ, კვლავ სარგებლიანი გახდა შერმადინი. მას ბოლო მატჩებში კარგი სტატისტიკა ჰქონდა და უდავოა, რომ გამოცდილების ხარჯზე კიდევ ბევრს გაამწარებს. ალბათ, გაცილებით მეტი უნდა აიღოს საკუთარ თავზე ბითაძემ, რომელიც ამ ევრობასკეტზე საუკეთესო სახით უნდა წარსდგეს. გოგას NBA-ში უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და უმეტესობასთან თუ არა, მთელ რიგ მოწინააღმდეგეებთან დომინანტის როლში უნდა ვიხილოთ. შენგელიაზე რა უნდა ვთქვათ? თოკო გუნდის სული და გულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თუ კი ევრობასკეტზე სიტუაციის გამოსწორების იმედი გვაქვს, ეს პირველ რიგში, კაპიტნის დაბრუნებას უკავშირდება. აშკარად სხვა დონეზეა გასული მამუკელაშვილი და მისი უნივერსალიზმი მოწინააღმდეგეებს ბევრ პრობლემას შეუქმნის. სხვათა შორის, თუკი აქ წინა ხაზის მოთამაშეებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბურჯანაძე. ბექა ბოლო წლების განმავლობაში, ალბათ, საუკეთესო ფორმაშია და მისი უნარები თუნდაც შეზღუდული წუთების განმავლობაში, აშკარად გამოყენებული უნდა იქნას.
გიორგი უგულავა: სანდრომ და თორნიკემ ალბათ მთელი გუნდის გაძღოლა, გუნდის თამაშის მართვა უნდა აიღონ თავის თავზე. მხოლოდ კამარ ბოლდუინი ამას არ ეყოფა. ორივეს ყველაფერი ეხერხება პარკეტზე. ისინი სტანდარტული „მაღლები“ არ არიან.
ბითაძე სამწამიანში ძალიან კარგი მცველია, მისი სიმაღლე და ხელების სიგრძე დიდ უპირატესობას გვაძლევს. გოგა სამიანებსაც კარგად ისვრის. შერმადინი ფარქვეშ, “პიკ ენდ როლზე” და საშუალო დისტანციიდან არის კარგი. მთავარია, მწვრთნელი ამ ოთხეულს როტაციას და ფუნქციებს როგორ მოუძებნის. ფაქტი ის არის, რომ არც თამაშის ხარისხით და არც ტრავმების გამო, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ევრობასკეტს უკვე აწყობილი თუ მომზადებული გუნდით შევხვდეთ. გამოსავლებს გზადაგზა უნდა მივაგნოთ.
– საქართველოს ნაკრებთან მიმართებით რისი გეშინიათ და რისი გეიმედებათ ამ ევრობასკეტზე?
დავით როგავა: რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მოსამზადებელი ციკლიდან გამომდინარე მგონია, რომ ბევრი გაოცდება ჩვენი მიღწეული შედეგით. ზოგადად ვფიქრობ, რომ ევრობასკეტზე განსხვავებულ კალათბურთს ვითამაშებთ, ვიდრე ამხანაგურ თამაშებში. სტილისტურად ბევრი რამ შეიცვლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შენგელიასთან ერთად გუნდი სხვა სტილის კალათბურთს ითამაშებს. განვლილ მატჩებში მოთამაშეებს უწევდათ ეთამაშათ იმ პოზიციებზე და მოერგოთ ის როლი, რომელსაც მიჩვეულები არამარტო ისინი, ზოგადად ჩვენც არ ვართ.
გივიკო ბაქრაძე: ყველაზე დიდი პრობლემა გუნდური დაცვაა. ეს თუ გამოვასწორეთ, უფრო მეტი სწრაფი შეტევის საშუალება გვექნება. ეს მეტ მარტივ ქულას ნიშნავს. მხოლოდ პოზიციური და ნელი შეტევით ფონს გასვლა რთულია. შენგელიაზე იქნება დიდი ყურადღება, რაც სხვა მოთამაშეებს შესაძლებლობებს მისცემს. თორნიკესთან ერთად გუნდი სხვანაირად იბრძვის და თამაშობს.
“ჩვენი ნაკრები სპეციფიკური გუნდია. შეიძლება სუსტ მეტოქესთან პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს და ძლიერს სათანადოდ დაუდგეს.” – დათო მანჯავიძე
დათო მანჯავიძე: ჩვენი ნაკრები ზოგადად სპეციფიკური გუნდია. ქართველ კალათბურთელებს შეუძლიათ, აშკარად სუსტ მეტოქესთან პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ, ამავდროულად კი, სათანადოდ დაუდგნენ აშკარადვე ძლიერ მოწინააღმდეგეს. ფაქტობრივად ყველა წინა ევრობასკეტზე იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები რომელიმე ფავორიტს უგებდა, ანაც როგორც მინიმუმ, ბოლო წუთებამდე ბრძოლაში იყო. მიუხედავად ძალიან ცუდი მოსამზადებელი ციკლისა, მაინც გვგონია, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზეც იქნება თამაში, რომელშიც ჯიკიჩის გუნდი ფავორიტად შერაცხულ მოწინააღმდეგეს მაგრად დაუდგება. კარგია ის, რომ საქართველოს ნაკრებს აუცილებლად მოსაგები 2 შეხვედრა ჯგუფური ეტაპის ბოლოსკენ აქვს და ამგვარად, მანამდე 3 მატჩია, სადაც ქართველ კალათბურთელებს იმ შეთამაშების ანაზღაურება შეეძლებათ, რაც ამხანაგურ ციკლში დააკლდათ. იგივე ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაპირისპირება რომ ევრობასკეტის სტარტზე ყოფილიყო და ის წაგვეგო, დიდი შანსი იყო, გუნდი თავიდანვე ჩამოშლილიყო.
გიორგი უგულავა: მეიმედება ჩვეული მონდომების, მოთამაშეების კლასის და წინა ხაზის. თუ ბოლდუინმა ფორმა აკრიფა, ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მეშინია იმის, რომ არცთუ კარგად მომზადებულები ვხვდებით ევრობასკეტს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ჯიკიჩს ნათელი გეგმა და კონცეფცია აქვს, თუ როგორ უნდა დამალოს ჩვენი სუსტი მხარეები.
– როგორ უნდა შევაფასოთ მეტოქეები და რა უნდა იყოს ძირითადი სატურნირო სტრატეგია?
დავით როგავა: სატურნირო სტრატეგია ჯგუფიდან გასვლას უნდა ითვალისწინებდეს. ეს პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენ მეტოქეებს: ბევრი მოთამაშე გამოაკლდათ ბოსნიელებს და ასევე ესპანელებსაც. საბერძნეთს დაუბრუნდა იანისი და საერთოდ სხვა გუნდი გახდა. ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და პლეი ოფში, 16 გუნდში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის შევხვდებით.
გივიკო ბაქრაძე: ურთულესი ჯგუფია, თუმცა, მაგალითად, ესპანეთთან მოგება შესაძლებელია. ესპანელებს ბევრი ტრავმირებული ჰყავთ და მოსამზადებელ მატჩებშიც პრობლემები ჰქონდათ. მომდევნო ორ მატჩში, იტალიასთან და საბერძნეთთან ძალების დაზოგვა გამართლებული იქნება, რადგან ბოლო ორი მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ჩვენი მიზანია, რომ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევრობასკეტი გვქონდეს. ანუ, ჯგუფიდან უნდა გავიდეთ, თანაც უფრო უკეთესი პოზიციით.
დათო მანჯავიძე: ჯგუფში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სატურნირო სტრატეგია თავისთავად ისახება. დიდ ტურნირებზე სასტარტო მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გაუმართლა, რომ პირველ შეხვედრაში გრანდებიდან ესპანეთი ერგო და არა იტალია ან საბერძნეთი. ცხადია, ესპანეთი საქართველოსთან ფავორიტი იქნება, თუმცა, თუკი გარკვეულ შანსებზეა საუბარი, ის ქართველ კალათბურთელებს სწორედ სერჯო სკარიოლოს გუნდთან უნდა ჰქონდეთ, რომელიც ნამდვილად აღარაა ის, რაც სერხიო ლულის, სერხიო როდრიგესის, რუდი ფერნანდესისა და პაუ გასოლის დროს იყო. ესპანეთს სხვადასხვა მიზეზთა გამო არაერთი მოთამაშე აკლია და მოსამზადებელ ციკლშიც საკმაო წუნი ჰქონდა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ესპანეთი კარგი ვარიანტი იყო პირველი კალათის სხვა ნაკრებებთან შედარებით, თუმცა, ცხადია, ეს არ გამორიცხავს, რომ წინა ევრობასკეტის მსგავსად, ამ გუნდმა ყველანაირი პროგნოზები დაამსხვრიოს. ესპანეთის შემდეგ იტალიასთან და საბერძნეთთან ურთულესი მატჩებია, შემდეგ კი ის 2 აუცილებლად მოსაგები თამაში. კვიპროსის ნაკრებზე შეჩერება არ ღირს, რადგანაც ძალიან სუსტი შემადგენლობა ჰყავს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან კი იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება, თუმცა, ბედმა ნამდვილად გადმოგვხედა, როდესაც ჩვენს უმთავრეს მეტოქეს ტრავმის გამო ჯანან მუსა გამოაკლდა.
გიორგი უგულავა: თეორიულად, ჩვენთვის გადამწყვეტი ბოლო ორი მატჩია. იქ გამარჯვება ალბათ გვეყოფა შემდეგი ეტაპისთვის. თუმცა, 7 წაგებული საკონტროლო მატჩის მერე, კვლავ პირველ სამ შეხვედრაში მარცხი, გუნდის განწყობაზე ძალიან ცუდად აისახება. ამიტომ, იდეალური იქნებოდა საწყის სამ შეხვედრაში ერთი მატჩის მოგება. სულ მცირე ჩვენი სტილი, იდენტობა და თამაში მაინც უნდა ვიპოვოთ, სანამ ჯგუფში ჩვენს უშუალო კონკურენტებს დავუპირისპირდებით.
– რა შეიძლება იყოს მთავარი იქს ფაქტორი (დადებითი ან უარყოფითი) ამ გუნდში?
დავით როგავა: თუ ერთი მოთამაშე უნდა გამოვარჩიოთ, ეს არის კამარ ბოლდუინი. მის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
გივიკო ბაქრაძე: მჯერა, რომ ეს ევრობასკეტი სამქულიანების კუთხით ჩვენთვის საუკეთესო იქნება. წინა ხაზში შეიძლება მოთამაშეებს დრო შეეზღუდოთ და როტაცია დაგვჭირდეს. მთავარია, ჯიკიჩი როგორ შეძლებს როტაციას და წუთების განაწილებას.
დავით მანჯავიძე: ყველანაირი ლოგიკით, საქართველოს ნაკრებისთვის იქს ფაქტორი კამარ ბოლდუინი უნდა გახდეს. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, რომელმაც მოსამზადებელ ციკლში ვერ გაიბრწყინა, ევრობასკეტზე უნდა აჩვენოს, რა შეუძლია. აუცილებელია, რომ მან ქულების აკრეფა შესძლოს, როგორც ფარქვეშ შესვლის წყალობით, ასევე – პერიმეტრიდან. გვჭირდება ამერიკელი, რომელიც 20-ქულიან თამაშებზე გავა.
გიორგი უგულავა: კამარ ბოლდუინი და მისი სათამაშო ფორმა. მისი შემცვლელი არ გვყავს. არავის შეუძლია, მისი ფუნქციები იტვირთოს. ის შეუცვლელი და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ერთადერთია, ვისაც უკანა ხაზიდან სტაბილურად, მთელი მატჩი შეუძლა მეტოქეს საფრთხე შეუქმნას. თუ ტრავმის მერე ფორმას სრულფასოვნად აკრეფს, დიდი ძალაა. თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ ბევრი პრობლემა გველის, რომლებიც მეეჭვება, ბოლდუინის გარეშე გადავჭრათ.