გურიის მოამბე

”შიმშილობის 21-ე დღეა, ფიზიკური რესურსები იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის მერეც დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა არ გრჩება”

“მენტალურად ათასჯერ იმაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე აქ შემოსვლამდე, მაგრამ დღეს ჩემი შიმშილობის 21-ე დღეა, უკვე ფიზიკური რესურსები იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის მერეც დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა არ გრჩება” – ამის შესახებ სინდისის პატიმარი, თორნიკე თოშხუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, შიმშილობის საწყისი იმპულსი მისი უსამართლო დაკავება იყო, თუმცა მთავარი მოტივაცია ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გუნდის ნაბიჯები გახდა.

”შიმშილობის საწყისი იმპულსი იყო ჩემი უსამართლო დაკავება, მაგრამ ამ გზის გავლისას მთავარი მოტივაცია იმ ბრაზმა მომცა, რომ რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა, კონსტიტუციის 78-ე მუხლს უღალატა, ნოემბერ-დეკემბერში უმოწყალოდ გვარბია, უსამართლოდ დააკავა თავისუფლებისთვის მებრძოლები, ბოდიში მოუხადა სეპარატისტებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ჩვენ ქვეყანას რუსეთთან ომი დააბრალა. 

მენტალურად ათასჯერ იმაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე აქ შემოსვლამდე, მაგრამ დღეს ჩემი შიმშილობის 21-ე დღეა, უკვე ფიზიკური რესურსები იმ ზღვარს უახლოვდება, რომლის მერეც დამოუკიდებლად გადაადგილების ძალა არ გრჩება და მე არ ვაპირებ მწოლიარე მდგომარეობაში ამ ბრძოლის გაგრძელებას. 

უღრმესი მადლობა თანადგომისა და გამხნევებისთვის. არ დათმო!” – წერს თორნიკე თოშხუა. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.

საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.

აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ “ტიკ ტოკის” აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights