საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროს ტოვებს, რაც სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის საშუალებას აღარ იძლევა, – ამის შესახხებ განცხადებას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).
გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო მონიტორინგი საჭიროებს საფუძვლიან მომზადებას და შესაძლებლობას, შევიდეთ საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მოგვიწვიონ ასეთ გვიან ეტაპზე, მნიშვნელოვანი დაკვირვების შესაძლებლობას გამორიცხავს და ODIHR ვერ შეძლებს საარჩევნო მონიტორინგის მისიის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად, – – აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მარია ტელალიანმა.
ODIHR-ის ცნობით, წარსულში ორგანიზაციას დროულად მიუღია მოწვევა საქართველოსგან 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლებში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებისთვის, რაც შესაძლებელს ხდიდა მომზადებულიყო ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ODIHR ხაზს უსვამს, რომ როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს ვალდებულება აქვს ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია კომენტარს ვერ აკეთებს იმ არჩევნებზე, სადაც დაკვირვებას არ ახორციელებს, ის კვლავ გააგრძელებს საქართველოში პროცესების მონიტორინგს – დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.