ელჩი ან პარტნიორი რომ მეტყვის, არჩევნები არ გაყალბდაო, არ არის ობიექტური — მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ნებისმიერი ელჩი ან პარტნიორი არაობიექტური იქნება, თუ იტყვის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. TV პირველის ეთერში მან გაყალბებულ ოქმებსა და ამომრCევლის დაშინებაზე ისაუბრა.

“ელჩი იქნება ეს, ჩემი ოჯახის წევრი იქნება თუ სხვა იქნება, ვინც იტყვის, რომ ოდნავი ან მსუბუქი დარღვევებით ჩატარდაო და მომიწოდებს პარლამენტში შედიო, არ ვცემ პატივს. ვერ ვცემ პატივს, გინდა ეს იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, გინდა ბრიტანეთის ელჩი, გინდა მამაჩემი”, — განაცხადა მან.

როგორც მელია ამბობს, არსებული სიტუაციითა და ელჩების მოლაპარაკებებში ჩართვით ქართული ოცნება პრაქტიკულად აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა.

“გლდანის რაიონში, წამის მეასედებში გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი. გავიდე და დავიწყო ჩხუბი, დავიცვა ჩემი თანამებრძოლები, ავიღო რაღაც ნიჩაბი თუ რაც მომხვდება ხელში, და ასე დავიცვა თავი, თუ ვიჯდე ოფისში? ეს დილემა მქონდა. არც პოლიცია, არც წესრიგი. ვიღაცა ელჩი ან პარტნიორი რომ მეტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბდა, არ არის ობიექტური”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას და არც პარლამენტში გეგმავს შესვლას.

შედეგების გასაპროტესტებლად მათ რამდენიმე აქცია მოაწყვეს რუსთაველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან და რეგიონებში. მოქალაქეები იკრიბებოდნენ საოლქო კომისიებთანაც.

თავდაპირველად ოპოზიციაში გეგმავდნენ, რომ საპროტესტო აქციას მეორე ტურის დღესაც გამართავდნენ, თუმცა მსჯელობის შემდეგ აქციებზე უარი თქვეს.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share