გუჯაბიძე – როგორ გახდა გაყიდული ბავშვი ანატოლიის ჯარების სრდალი
.
„მოხუცი, თავმდაბალი და დამოუკიდებელი ადამიანი ვასიფ მეჰმედ ფაშა, ანატოლიის არმიის მთავარსარდლად დაინიშნა, რითაც არმია ძარცვისგან დაიცული იქნა.“ ასე აღწერს გენერალი მურავიოვი ყარსში ოსმალეთის არმიის ახალი მეთაურის დანიშვნას. მისი მოგონებებიდან ჩანს რომ მას არაერთი შეხვედრა ჰქონდა ვასიფ ფაშასთან, იგი ასე აღწერს გუჯაბის განვლილ გზას:
.
„ვასიფი გვარდ გუჯაბიძეა და წარმოშობით ჩვენი გურიის სოფელ ჩოჩხათიდან არის. თორმეტი წლის ასაკში თურქებმა შეიპყრეს და კონსტანტინოპოლის ბაზარში ცნობილ რეშიდ ფაშას მიჰყიდეს. ფაშის სამსახურში ისლამი და დაწყებითი განათლება მიიღო. რეშიდ ფაშასთვის გაწეული სამსახურისთვის ვასიფი სწრაფად დააწინაურეს კაპუჯი-ბაშის (კამერდინერის) წოდებამდე, ხოლო შემდგომში გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. რეშიდ ფაშა მას თვალყურს ადევნებდა და სამხედრო სამსახურის განმავლობაში მის წინსვლას ხელს უწყობდა.
.
იგი ჯერ სალონიკის გუბერნატორად დაინიშნა, გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. მალე მან ბაღდადის გუბერნატორის უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა მიიღო და 1849 წელს მუშირის, ანუ სრული გენერლის წოდებით ტრაპიზონში დაინიშნა პროვინციის სამართავად. 1852 წელს იგი ანატოლიაში განლაგებული ჯარების ნაწილს მეთაურობდა და საბოლოოდ ანატოლიის არმიის მთავარსარდლის წოდებამდე აიყვანეს, რომელსაც 1855 წლის აპრილის დასაწყისში ყარსის ციხესიმაგრეში შეუერთდა.“
.
გენერალი ლორეს-მელიქოვი თავის პატაკში ყვება გუჯაბიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას, კერძოდ 1853 წელს ყარსთან რუსებს დაკავშირებიათ თურქეთის არმიის პოლკოვნიკი მემედ-ალი-ბეგი (იგივე შირინ-ბეგი) და უცნობებია ოსმალთა არმიის ნაწილების განლაგება და მათი გადაადგილების მიმართულებები. ლორის-მელიქოვი ანდრიანოპოლში თავად შეხვედრია მემედ-ალი-ბეგს, რა დროსაც მემედ-ალი-ბეგს მოუყოლია მისი ისტორია – იგი გურული, გვარად ღლონტი ყოფილა, მას შენარჩუნებული ჰქონია მშობლიური ენა და სამშობლოსადმი სიყვარული. ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი ქართველი ასევე წარმომავლობით ქართველ დიდვეზირს ხოსრო (ხუსრევ) მეჰმედ-ფაშა ჩხეიძე-ერისთავს გამოისყიდია, მანვე აღზარდა და მაღალი თანამდებობების დაკავებაშიც ხელი შეუწყვია.
.
ღლონტის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ყარსთან გამართულ ბრძოლაში. ოსმალებს ღლონტი დაუჭერიათ და გაუსამართლებიათ, თუმცა სიკვდილით დასჯას გურულ ვასიფ მემედ-ფაშას (გუჯაბიძეს) გადაურჩენია, რის ნაცვლად ღლონტისათვის გალერებზე შვიდწლიანი კატორღა მიუსჯიათ, მაგრამ ყარსის ბლოკადის გამო გალერებზე ვეღარ გაუგზავნიათ. ამავე პატაკის მიხედვით, რუსებს ყარსის ციტადელში დატყვევებული ღლონტი 1855 წლის ნოემბერში გაუთავისუფლებიათ და 100 თუმანითაც დაუჯილდოვებიათ, რის შემდეგაც იგი ყარსში დარჩენილა და სამსახური რუსების არმიაში გაუგრძელებია.
.
ვასიფ ფაშა ყარსთან ტყვედ ჩავარდა, გათავისუფლების შემდეგ 1856 წელს სულთნის გვარდიის მეთაური, ხოლო 1857 წელს არსენალის მარშალი გახდა. 1860 წელს არაბეთის მარშალი გახდა. გარეგნობით ახოვანი და დიდი ძალის მქონე ვაჟკაცი ყოფილა. დაქორწინებული იყო წარმოშობით ქართველ აღა-ჰუსრევ ფაშას ქალიშვილზე, იგი გარდაიცვალა 1865 წელს.
.
– Русскій вѣстникъ – Изъ записокъ Генералъ-адъютанта муравьева о войне 1855 года въ салой Азіи (1862 г.)
– АКАК 1888. – Т. 11 – Рапорт начальника Карсской области, полк. Лорис-Меликова, командующему Действующим Корпусом на Кавказско-Турецкой границе, ген.-л. Бриммеру, от 22-го декабря 1855 года, N205
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა