„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა და სამივე დაკავებული ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი – ცირა ჟვანია დააკავეს. მანამდე შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ორი ჟურნალისტი ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით.
„დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა.
19 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, ხოლო 20 ოქტომბერს დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. დღეს სოციალური მედიაზე მომუშავე ჟურნალისტის ჯერი დადგა. სასამართლომ ვახო სანაიას ექვსი, ქეთა ციცქიშვილს კი ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯა. ამ „დანაშაულის“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს.
„ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო,“ – აღნიშნულია „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ დღეს, 21 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.