ივანიშვილის მიერ პრემიერად დანიშნულმა – ფაქტობრივად რეჟიმის აღმასრულებელმა კობახიძემ ხმარებაში შემოიტანა სიტყვები, რომლებიც დოქტრინალური ხასიათისაა და დღევანდელი მმართველობის ბუნებას ასახავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ორი: “ნულოვანი თანაგრძნობა” და “მეთოდურად ქცევა.” პირველი – რეჟიმის ბუნების კონცეპტუალური განაცხადია, მეორე მისი აღსრულების სისტემური კომპონენტი.
მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ივანიშვილის რეჟიმმა კანონის სტატუსი მისცა საქართველოს კონსტიტუციისა და დემოკრატიული წესრიგის უარმყოფელ ავტორიტარულ ნორმებს, რომლებიც ასხივებს შენივე, თუნდაც უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილის გამოხატვის თავისუფლების მიმართ უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას და რომელსაც საკუთარი საზოგადოების წუხილისადმი ნულოვანი თანაგრძნობის გამოხატვაც შეგვიძლია დავარქვათ.
აღსრულებაც მეთოდურად, სისტემურად ხდება: მოქალაქეებს განურჩევულად სქესისა, ასაკისა, პროფესიისა, ფიზიკური ჯანმრთელობის თუ ოჯახური მდგომარეობისა საპოლიციო ძალები დასდევენ და ქუჩის გადაკეტვის თუ ჰიგიენური პირბადის ტარების გამო რეპრესიებს უწყობენ, საციხოდ იმეტებენ.
ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ივანიშვილის გუნდის წევრები. შეიძლება ითქვას რომ ზოგიერთ მათგანს ციხეში ყოფნა სანატრელი გაუხდა.
ყოფილი პრემიერის, სუს-ის უფროსის და სხვათა, ერთ მაგიდაზე გამოფენილ ქონებას ზედაპირული, იურიდიულად გაუმართავი, არა სამართლებლივ-პროცედურული, არამედ პოლიტიკური კამპანიისთვის დამახასიათებელი ტექსტებით ახმოვანებენ და სამთავრობო სატელევიზიო სერიალად გვთავაზობენ. დანარჩენი საქართველო, პირველ რიგში მათი ოჯახების წევრების, მეგობრების თუ პარტნიორების თამადობით კი ზის და გვირილაზე მკითხაობს – რას იზავს ბიძინა” ერთ დროს თავის ყველაზე მორჩილ და უახლოეს გარემოცვას დაიჭერს თუ არ დაიჭერს?!
ამას ქვია ავტორიტეტის, რეპუტაციის, ნდობის და სოციალური სტატუსის მეთოდური, სისტემური განადგურების ტექნოლოგია. ვიტყოდი “მორალური განადგურებისო,” თუმცა ამ პირებთან მიმართებაში მაინც მეხამუშება შესაბამისი ფრაზების გამოყენება, რამდენადაც წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმის აღმასრულებელ რგოლებში, სწორედ ისინი ედგნენ სათავეში უდანაშაულო ადამიანების საზოგადოებრივი ავტორიტეტის და მორალური კაპიტალის განადგურების ოპერაციებს.
ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა არამარტო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილის, არამედ საკუთარი გუნდის წევრების მიმართ სოციოპატური ზიზღით განწყობილ რეპრესიულ მანქანად, რომელიც ნულოვან თანაგრძნობას მეთოდური სადიზმით ახორციელებს.
ის უკვე საშიშია ყველასთვის. ის ნეიტრალურს უბრალოდ ვერავის ტოვებს. ვინც მასთან არ არის – მისი მტერია! თან მტრის რაობაც უკვე ტრადიციულ, თუნდაც კლანური, მაფიოზური “ეთიკის” ნორმებს და გაგებას მოწყდა და სადღაც, რამდენიმე სოციოპატის სუბიექტურ წარმოსახვაში ფორმირდება…
ამიტომ, დროა რეჟიმის საყრდენ სტრუქტურებშიც გაიაზრონ ეს და მიხვდნენ, რომ რუსული ბუნების და რუსული ინტერესების გამტარი, ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს იზოლირების მიზნით მოქმედი რეჟიმის წევრობა – მოღალატის საშვილიშვილო დამღასთან ერთად, ივანიშვილ-კობახიძის მეთოდური სადიზმის ობიექტებად გადაქცევის რეალურ საფრთხესაც უჩენთ და ვისაც სინდისთან ერთად გონი მოეკითხებათ – დროულად უშველონ თავს.
როგორც ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მონობაში დაბადებული და მონობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო ფრედერიკ დაგლასი წერდა: “ტირანების, ტირანიის საზღვრებს განაპირობებს მხოლოდ ის, თუ რამხელაა მოთმინება ამ ძალადობის ქვეშ მოქცეული ადამიანებისა.”
საქართველოს შემთხვევაშიც ზუსტად აქ გადის ზღვარი: სადაც საზოგადოება აღარ შეეგუება, “ნულოვანი თანაგრძნობის” და “მეთოდური სადიზმის” მანქანაც იქ შეჩერდება. ხოლო ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ეს მექანიზმი მხოლოდ სხვის დასასჯელად მუშაობს, მალე მიხვდება, რომ ამ მანქანას საჭე უკვე ძალიან აქვს მორყეული, თუ მომძვრალი არა და სამიზნე ზუსტადაც რომ უკვე განურჩევლად ყველა შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის ისიც ვინც ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა, მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილი.