გურიის მოამბე

ნინო დათაშვილის მეუღლე: მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით, სკამზე დასმაც გაგვიჭირდა

აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ქმარი გოდი ფრუიძე მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მეუღლის მოთხოვნით, პენიტენციურში მოინახულა და ნახა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.

ფრუიძე იმ გაუსაძლის პირობებსა და ანტისანიტარიაზეც საუბრობს, რაშიც დათაშვილს უწევს ყოფნა. კერძოდ, იგი წერს, რომ შეზღუდულია კვება, ხოლო საკანში, საპირფარეშო და საწოლი პრობლემური.

,,დღეს ნინო დათაშვილი Nino Datashvili, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან.

ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის პაემნების ოთახში კიბეებზე მეორე სართულზე და ამიტომ შეხვედრა გვაქვს პირველ სართულზე, ლოქერებიან ნახევრად კორიდორში, სადაც პერიოდულად გადი-გამოდიან თანამშრომლები და შეაქვთ/გამოაქვთ გზავნილები.

ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით და ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა.

თვეზე მეტია, ნინო დადის გაშეშებული მარჯვენა ფეხით, ასევე მარჯვება ხელიც აქვს გაშეშებული და 4 დღე ვერც ვამოძრავებდიო. ასევე კვირაზე მეტია, კისერი აქვს გაშეშებული მწვავე ტკივილით და წინა კვირას რომ მარცხენა ტერფს წვერით ადგამდა, ახლა კიდევ უფრო უჭირს მარცხენა ფეხის გამოყენებაც.

აგვისტოს სამედიცინო დასკვნების მიხედვით, 2019-ში ნაოპერაციები წელის დისკი L5 კიდევ საოპერაციოა ახლა, და არა მარტო ნაოპერაციევი მარცხენა ნაწილით, არამედ მარჯვნივაც აწვება ნერვს. ოქტომბერში ეს მდგომარეობა გაუარესებულია და ასევე ამას ემატება კისრის თიაქარი ორ მალაზე, რისი ოპერაციაც კიდევ უფრო სასწრაფოა. ნინომ თქვა, რომ თუ ადრე წელს ქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ შესაძლო მოწყვეტა გახდა სანერვიულო!

9 ივნისს რომ საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა იძალადეს ნინოზე და ათრიეს დერეფანში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაუზიანეს ნაოპერაციევი ხერხემალი და ასევე დაუზიანეს კისერიც. იმის ნაცვლად, გამოძიება დაწყებულიყო მის მიმართ ძალადობის საქმეზე, აქეთ მოსდეს შარი და უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა ნინოს პრობლემატური ჯანმრთელობის დასტურად სასამართლოში წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომ აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო დაშვებული. პროკურატურამ და სასამართლომ ეს მდგომარეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოინდომა ციხეში გამომწყდეული ნინო დათაშვილის გიჟად შერაცხვა და ამაში მხარში ამოიყენა ნაზი შამანაურის ერთ-ერთი ჯალათი ფსიქიატრი დავით მაღრაძე. მხოლოდ ხალხის სამართლიანმა აღშფოთებამ გადაარჩინა ნინო ფსიქიატრიულში გამოკეტვას!

ნინომ რომ წელის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა 2019 წელს, მაშინ რამდენიმე თვე გაუმჯობესება არ იყო და დადგინდა ნაოპერაციევი თიაქრის რეციდივი, თუმცა სახლის პირობებში ჩემი მხრიდან დამატებითმა მზრუნველობამ, ასევე ფიზიოთერაპიის 10+5 პროცედურამ შედეგი გამოიღო და მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა ასე, სახლის პირობებში ზრუნვით მოაღწია ნინომ 2025 9 ივნისამდე.

რაც შეეხება ციხის პირობებს:

კვებაზე სერიოზული შეზღუდვაა, საპირფარეშო არის ჩეჩმა, რკინის საწოლი ვიწრო, ლეიბი ბუტაფორია, რომელიც საწოლზე სრიალებდა და ვარდებოდა; საბანი ისეთი იყო, ნინო ვერ იფარებდა და მთელი ზაფხული იყო უსაბნოდ, კონვერტის ამარა, სანამ არ გაურთულდა მდგომარეობა და სამი თვის თავზე არ დაგვრთეს პლედის შეტანის უფლება. სექტემბრის შუა რიცხვებში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაინც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში წესიერი რეაბილიტაციისათვის და გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადაპტირებულ ოთახში, სადაც საწოლი მაინც ხისტია, უბრალოდ ჩეჩმის ნაცვლად უნიტაზია და დუშიც პრივატულად არის, თუმცა თუ ნინო ისეთ სიტუაციაშია, მოძრაობა უჭირს, ეს დუში ვერაფერი ხეირია ორ კვირაში ერთხელ წვალებით ბანაობისთვის.

ამას ისიც ემატება, რომ ამ ადაპტირებულ საკანში ამ დილით კანალიზაციას ამოუხეთქავს და პარკეტზეც გადმოსულა, რის მერეც პარკეტმა შეიწოვა და კედლებიც 40 სანტიმეტრამდე სველი/ნესტიანიაო, გათბობა 30-ზე დავაყენე, იქნებ დროზე გამოშრეს, რათა ნესტმა კიდევ უფრო არ დამინგრიოს ჯანმრთელობაო! სოცმუშაკი ახალგაზრდა კაცი და ციხის თანამშრომელი ქალი შეესწრო ამ საუბარს და იმ ქალმა, პრობლემა ხომ მოგვარდაო… ტუალეტის სუნში და ბაქტერიებში რომ უნდა გაატაროს ისედაც დაუძლურებულმა და ცუდად მყოფმა ნინომ დღეები თუ თვეები, ამას უწოდებს ეს ქალბატონი „მოგვარებას“?!

არა, უდანაშაულო ნინომ არცერთი საათი არ უნდა გაატაროს ციხეში, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში! მას სჭირდება სასრაფოდ რეაბილიტაცია, რომ ძვლის და სახსრების რეგრესიის ციხეში დაწყებული პროცესი სასწრაფოდ შეჩერდეს და ადამიანი, მოქალაქე, მასწავლებელი, მკვლევარი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო დათაშვილი გადარჩეს ხეიბრობას და შესაძლო სიკვდილს!

თავისუფლება ნინო დათაშვილს!

თავისუფლება პუტინ-ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ყველა ტყვეს!,- წერს ფრუიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights