კულტურის მინისტრის უახლოეს მეგობარს, ნინო (ზუზუ) ნოდიას, რომლის კომპანიამ მასწავლებლის დღის ღონისძიება მოაწყო, ბიუჯეტიდან 628 288 ლარი გადაერიცხა. საუბარია საათნახევრიან ღონისძიებაზე, რომელიც ოპერის თეატრში გაიმართა.
ნოდია, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსულენოვანი სიმღერა „მილიონ ვარდზე“ შეასრულა, არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც ღონისძიების ორგანიზება განახორციელა. ოფიციალური ხარჯთაღრიცხვით, თანხა გადანაწილდა შემდეგნაირად:
რეჟისორმა მიიღო 20 000 ლარი,
მუსიკალურმა ხელმძღვანელმა — 15 000 ლარი,
დამატებით დაიხარჯა ასისტენტებისა და ფოტოგრაფების ანაზღაურებაზე,
ხოლო საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო შეადგინა მხოლოდ 10 000 ლარი, 80 ლარიანი თაიგული და 580 ლარიანი სამკერდე ნიშანი.
ღონისძიების ლოკაცია, ოპერის თეატრი, სახელმწიფოს 30 000 ლარი დაუჯდა. მომღერლებს, რომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 6 000-დან 30 000 ლარამდე გადაუხადეს. ჭამა-სმა და კვების მომსახურება ჯამში თითქმის 60 000 ლარი დაჯდა, მათ შორის მხოლოდ ღვინოზე დაიხარჯა 10 000 ლარი – იგივე ოდენობა, რაც წლის მასწავლებელმა მიიღო ჯილდოდ.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ნოდიას კომპანიის ანაზღაურება 15 000 ლარს შეადგენს, თუმცა მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება – ვისი გავლენით მოხვდა ძვირადღირებული სახელმწიფო შესყიდვა მინისტრის მეგობრის ხელში და რამდენად გამჭვირვალედ გადანაწილდა ბიუჯეტიდან გადახდილი ასი ათასობით ლარი.








