გურიის მოამბე

ნინო სამყურაშვილი-როგორ ჩავწერეთ მე და ოპერატორმა სერგი ბარამიძემ ზელენსკი

6 ნოემბერს, დილით, ”მთავარის” ოფისში ტრადიციულ დროს, 9 საათზე მივედი. მაკიაჟზე ვიზაჟისტ ინგასთან დავსკუპდი, რომელიც საქმეს შეუდგა, მაგრამ ვატყობ რომ მხატავს და თან ნერვები ეშლება. მე ჩუმად ვზივარ ტელეფონში ვიქექები და X -დან [იგივე Twitter პლატფორმიდან] მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებებს ვაკოპირებ და გრაფიკოსების ‘ჩატში’ ვყრი. ჩემს უსაყვარლეს ინგას სურს ყოფით ან ტელევიზიის ამბებზე მექოთქოთოს, მე კიდევ მსოფლიო და გეოპოლიტიკურ ამბებში ვარ გადართული. არც მეტი არც ნაკლები, დასავლური სამყარო 2024 წლის 6 ნოემბერს დონალდ ტრამპს მეორე ვადით პრეზიდენტობას ულოცავს. ამ თემაზე ჩართვა მე მერგო, ამიტომ დილიდან ვშორომობ, რომ ემანდ რაიმე არ გამომრჩეს; თორემ მე რომ პროფესიულად პატარა ამბის გამოტოვება არ მეპატიება ერთია, მაგრამ პროდიუსერი ქეთი ქებაძე რომ ძალიანაც გინდოდეს არაფერს გამომატოვებინებს – ეგ მეორე. ტელეფონში ჩამძვრალს დამვარცხნა თმები უსაყვარლესმა გურანდამ, დავავლე ჩემს ბევრი ჩანთას ხელი [ტელევიზიაში 3 ჩანთით დავდიოდი: პატარა ჩანთა, ზურგჩანთა და მაკიაჟის ჩანთა💅🤗], საგრიმიოროს გოგოებს ვუთხარი ‘ღმერთმა დაგლოცოთთქო’ და ‘ნიუსრუმში’ ავქროლდი.
ახალი ამბების ოთახში პროდიუსერი ქეთი ქებაძე მხვდება. ვიდრე ჩემს კომპიუტერთან ნივთები დავაწყვე და მუშაობისთვის მოვემზადე, ქეთიმ ყველაფერი დამიგეგმა: 12 – იანი გამოშვება ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების ამბითა და შესაბამისად, ჩემი ჩართვით იწყებოდა.
გადასათარგმნი გადავთარგმნე, კადრები კადრებად მოვაბილიზე და ‘ხმიანი ბიჭებისა და გოგოების’ ძებნა დავიწყე. რაც ტელევიზიაში იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მაკრონის თარგმანისთვის ბიჭის ხმა მჭირდება და ა.შ. კაცის ხმებს ძირითადად საერთაშორისო ამბების მთავარი რედაქტორი რამაზ ხატიაშვილი წერს, მაგრამ ჯერ დილიდან გეოპოლიტიკური ამბების განხილვა – პოსტების წერაშია. პატარა ამბავი ხომ არ არის – დონალდ ტრამპი ამერიკამ მეორე ვადით, 47 -ე პრეზიდენტად აირჩია. მე კულტურულად, თუმცა უკვე ვეწუწუნ-ვეზუზუნები რომ ‘რამაზ! დროზე ჩაწერე ხმები’. ამასობაში ხმაურიანი ნაბიჯებით ვხვდები რომ გულუ იგივე ჩემი მემონტაჟე გიორგი გულუა მოვიდა და ინტერვიუებისა და კადრების აწყობის პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. თვითონ ამბობს არაო, მაგრამ ჩემი აზრით გიო გულუ ‘ტრამპისტია’🙈, ამიტომ შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ტრამპის გამარჯვების კადრებს გულიანად აწყობს.
-ჯიპა მშვიდობა გაქვს? – მეორე სამონტაჟოს კარს ქეთი ქებაძე აღებს.
-კი ქეთო, ცხადია…
-კაი შემოგევლე, ე.ი. არ ვინერვიულო, – ამბობს ქეთი და სხვა სამონტაჟოებისკენ მიდის.
ტაბლოზე 12:00 საათია. ქეთო კვაჭანტირაძემ წარმადგინა, მეც ყელი მოვიღერე და დეტალურად მოვყევი, როგორ ჩაიარა არჩევნებმა ამერიკაში, რა მოხდა ე.წ. მერყევ შტატებში, როგორ იზეიმა ტრამპმა და მისმა ოჯახმა გამარჯვება და რომელმა ევროპელმა ლიდერმა მიულოცა პირველად მას მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევა. 12 – იანის ჩართვა 20 წუთამდე გაგრძელდა – მასალაც და მოსაყოლიც ბევრი იყო.
გამოვედი სტუდიიდან, ყავა ჩამოვისხი და პროდიუსერმა ქეთი ქებაძემ საეთეროდან მომაძახა: – ჯიპა ევროპაში თენდება და მსოფლიო ლიდერების მილოცვები 3 – იანისთვის უფრო მეტი წამოვა და ცხადია ახალი ჩართვა მჭირდება. ქეთის უპირობოდ დავეთანხმე, ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და ისევ პლატფორმა X -ის მონიტორინგი დავიწყე.
12 : 35 – ია და საინფორმაციო სამსახურის უფროსი თეო გილიგაშვილი მეუბნება:
– ჯიპა, შეიძლება დღეს ბუდაპეშტში გაგიშვა, სალომე ზურაბიშვილი მიდის და მზად იყავი რა…
-კაი თეო , – დავუბრუნე პასუხი სასხვათაშორისოდ და ჩემი საქმე გავაგრძელე.
ამ გადმოძახილიდან ზუსტად 35 წუთი გავიდა, ანუ 13 : 10 – ია და თეო მეუბნება:
– ჯიპა ბუდაპეშტში მიდიხარ, რაღაცეებში მეც დაგეხმარები, 4 საათზე აეროპორტში უნდა იყო, “თურქიშს” ჰქონია მარტო ფრენა, ისე რომ ხვალ დილით 12 საათზე უკვე იქიდან ჩაერთო. შენი თემა კი გაზდელას [ნინო გაზდელიანი – ჟურნალისტი] გადავაბაროთ….
– მოიცადე თეო ახლა 4-ზე, 2 დაიწყო უკვე…
-კი კი წადი ნუ ზიხარ და გზიდან მოაგვარე ოპერატორისა და სასტუმროს ამბები … პირველ რიგში ოპერატორი გაიგე ვინ მოგყვება, რომ ბილეთი ვიყიდოთ, – მაჩქარებს ყველაზე მშვიდი და დინჯი თეო.
– თეო ვერ მოვასწრებ … სახლში გასვლა, ჩალაგება, ისევ სამსახურში მობრუნება…
-წადი ჯიპა სახლში, წადი!!! დროს კარგავ. შენი მანქანა აქ დატოვე, მძღოლმა წაგიყვანოს და მოგიყვანოს…გზაში მოაგვარე რაღაცეები…
– ჯიპა აბა შენ რა მასალები გაქვს შეგროვებული, გადმომაბარე … ვაიმე ვერ მოვასწრებ ამდენი მასალაა 3 -იანისთვის ჩართვას, ხომ უნდა გავერკვიო არა?! – აწუწუნდა ნინო გაზდელიანი, რომელსაც ჩემი თემა გადაბარდა.
– გაზდელ, გაანებე თავი ჯიპას წავიდეს, ბუდაპეშტში მიდის, – ჩაერთო ამბავში თეო.
მოვკრიბე ჩემი 3 ჩანთა და ჩავედი მძღოლებთან.
-ერიკ უსწრაფესი მძღოლი მინდა. ბუდაპეშტში მივდივარ, სახლში უნდა გამიყვანოს, ჩემოდანს ჩავალაგებ, დამელოდოს და ისევ აქ მომიყვანოს… უნდა იფრინოს!!! – ვეუბნები “მთავარის” მძღოლების უფროსს.
– ვაა ჯიპა რა მაგარია… ორბანი მომიკითხე …, – ტრადიციული იუმორით მპასუხობს ერიკა ჩემს დაპანიკებულ ლაპარაკზე, – აი, პაატას გასვლის დროა და წაგიყვანს – წამოგიყვანს…
ბატონი პაატა ხნიერი კაცია, უსაყვარლესი, მაგრამ მანქანას სწრაფად არასდროს მართავს. სწორედ ამის გამო მინდა რომ ვიყო ძალიან ავი და გაბედული, რომ ერიკა იქვე გავლანძღო, მაგრამ მოთმინებით ვეგუები მის გადაწყვეტილებას და მანქანაში ვჯდები. მძღოლმა ჩემი სახლი იცის, ამიტომ ვეუბნები რომ როგორც არასდროს ისე უნდა იჩქაროს, თუ საჭიროა “busline “- ზე გადავიდეს, კი ვართ ღარიბი ტელევიზია, მაგრამ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ჯარიმის შემთხვევაში – მას ტელევიზია გადაუხდის.
მანქანის დაძვრიდან პირველი ზარია ლაშასთან [ლაშა ოპერატორებს ანაწილებს “მთავარში”]. მივლინების ამბავი რომ გაიგო ლაშამ, არც დამამთავრებინა ლაპარაკი და დაუფიქრებლად მითხრა:
– სერგი გამოგყვება, ახლა სხვა გადაღებაზეა, დავურეკავ და ვეტყვი.
სერგი ბარამიძე პროფესიული და უკარგესი ოპერატორია. უსიტყვოდ ესმის ჩემი, პოლიტიკური თემების გადაღება დიდებულად გამოსდის და როცა სამუშაოა არასდროს წუწუნებს.
2 წუთში სერგი აქეთ მირეკავს.
– ჯიპა მე გადაღებაზე ვარ, მივალ ახლა სამსახურში, ჩავალაგებ ტექნიკას და მერე სახლში გავივლი და …
– სერგი, 4 – ზე აეროპორტში უნდა ვიყოთ. ამიტომ ეხლა აიყვანე ტაქსი, წადი შენი კამერიან-შტატივიანად სახლში და დაიწყე ჩემოდნის ჩალაგება. ტელევიზიაში რაც გჭირდება ლაშას დაურეკე, ჩაგილაგოს და მე წამოვიღებ აეროპორტში… შენ აეროპორტში ტაქსით წამოდი…, – ვეუბნები პანიკური ხმით.
-ააა, ოკ ჯიპ გავიგე!
– სერგი ძალიან დინჯად და დალაგებულად უთხარი ლაშას რა ტექნიკა გჭირდება, რომ სადმე პრობლემა არ შეგვექმნას…
– კარგი, კარგი.
სერგი დავაკვალიანე. მძღოლი პაატა სულაც არ მიჰქრის, სტაბილურად მძიმედ მივდივართ. ხმამაღლა ვფიქრობ – “ახლა რა მინდა? უი სასტუმროს ნომრის დაჯავშნის ჯერია…”
თიკოსთან ვრეკავ,
ვინც “მთავარს” სასტუმროების დაჯავშნაში გვეხმარებოდა. ბუდაპეშტის ლოკაციას ვუზიარებ, სადაც ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან და ვეუბნები რომ სასტუმროს ნომრები ამ შემოგარენში დაჯავშნოს; თან ისე რომ ტელევიზია გაწვდეს ფინანსებს და ძვირიანი სასტუმრო ‘ არ აიღოს’.
სახლსაც ვუახლოვდებით.
-ბატონო პაატა უკიდურესი მარჯვენა მხარე დაიჭირეთ, ამ პარკინგზე შევიდეთ უპრობლემოდ გაჩერდებით, – ვეუბნები მძღოლს.
ბატონი პაატა პარკინგზე შექროლდა და უცებ ‘ ჯახ’ საშინელ ხმას გაჰყვა ჩემი მზერა. მივხვდი – პარკინგზე უწყინარად მდგომ ადამიანს სარკე გავკარით. გადმოვედი მანქანიდან, ჩვენი ‘დაშავებული კაცი’ მარცხენა ხელს დაჰყურებს.
– ბატონო! საშინელი ხმა იყო და კარგად ხართ. აბა ამოძრავეთ ხელის თითები, – ვეუბნები ამ კაცს ნერვიულად.
– არა, არა გენაცვალე არაფერია, არ ინერვიულოთ მოტეხილი არ მაქვს ხელი, აი ვამოძრავებ… რად მეცნობით გენაცვალე?- მეკითხება ეს კაცი ცნობისმოყვარეობით.
-არ ვიცი საიდან გეცნობით… მთავარია კარგად ხართ, მაშინ მე დაგტოვებთ სახლში მეჩქარება და მძღოლს დაელაპარაკეთ.
გავრბივარ სადარბაზოსკენ, თან ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში, კიდევ რამდენი რამეა მოსასწრები, სამის წუთებია და 4- ზე აეროპორტში უნდა ვიყო. თან მძღოლ პაატაზე ნერვები მეშლება, სულ ნელა დაჰყავს მანქანა და რაღა პარკინგზე შევარდა უყურადღებოდ.
უსწრაფესად ჩავლაგდი და ისევ უკან სამსახურისკენ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დამეწია ამბავი, რომ სასტუმრო დაჯავშნულია. მაგრამ აი ტექნიკური და ადმინისტრაციული პრობლემები მოსაგვარებელია. სასწრაფოდ მაკა კვიტაიშვილი მინდა – მთავარის ადმინისტრაციული საქმეების მოგვარების დიდოსტატი და უყოჩაღესი ადამიანი .
-მაკა, ბუდაპეშტში მივდივართ მე და სერგი. ოპერატორების ლაშასთან დარეკე, რა ტექნიკა მიგვაქვს ინგლისურად ჩამოვწეროთ, ბეჭედი დავარტყათ და ეგ დოკუმენტი რომ მოვალ დამახვედრე რა?!
– არ იდარდო, უცებ გავამზადებ… შაბლონი კი მაქვს.
ტექნიკა და დოკუმენტები მოგვარდა, მაგრამ აი ჩართვის აპარატისთვის სიმ-ბარათებიც ხომ გვინდა ?! – ისევ ხმამაღლა ვფიქრობ. სიმ- ბარათების თემა საზღვარგარეთ მყოფი გადამღები ჯგუფის სრულფასოვნად მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია. [სიმ-ბარათები, რომელზეც ინტერნეტია ჩატვირთული გადამცემ აპარატში თავსდება და მასალას პირდაპირი ეთერის რეჟიმში აწვდი ტელევიზიას].
“Mobinex”-ის ვახოს ვურეკავ.
– ვახო უნდა მიშველო, 6-ზე ფრენა მაქვს და 4 სიმ-ბარათი ინტერნეტით მჭირდება გადამცემისთვის – ე.წ. ლაივუსთვის [ LIVE U]…
– 5 წუთში დაგიბრუნდები და გეტყვი როგორ მოგაწვდი ინტერნეტიან ბარათებს.
Mobinex-ს ძალიან სმარტი თანამშრომლები ჰყავს, ამიტომ ბარათები გაამზადეს და აეროპორტში ‘გლოვოს’ კურიერს გამოატანეს, იმ დათქმით რომ კურიერი იქ დამხვდებოდა და კონვერტით სიმ-ბარათებს გადმომცემდა.
ჩემოდნიან-ზურგჩანთიანად სამსახურამდე მივაღწიე. პროდიუსერი თეო გილიგაშვილი ეზოში დამხვდა, კონვერტით თანხა გადმომცა [ე.წ. Per Diem-სა და გაუთვალისწინებელ ხარჯებისთვის]. მძღოლს ვცვლით, ‘ოპერატორების’ ლაშა ტექნიკას აწყობს მანქანაში, მაკა ტექნიკის სააღრიცხო ფურცელს მაძლევს. 15 : 30 -ია. აეროპორტისკენ დავიძარით. ოპერატორი სერგი უნდა მოვიკითხო.
-სერგი რა ჰქენი ჩალაგდი? მოდიხარ აეროპორტისკენ? ჩვენ გამოვედით!
– ტაქსს ველოდები და გამოვდივარ…
სერგი კიდევ კარგი ვარკეთილში ცხოვრობს და მალე მოვა აეროპორტამდე. 16: 07 -ია მივედით აეროპორტთან და ოპერატორიც 2 წუთში მოგვყვა. რეგისტრაცია “თურქიშზე” უკვე დაწყებულია. რიგში ვდგებით. აი სიმ-ბარათებიანი ‘გლოვოს’ კურიერი კი ჯერ არ ჩანს. ისევ Mobinex-ის ვახო, ისევ გარკვევა სადაა კურიერი.
– მიწერს, რომ 10 წუთში მოვა არ ინერვიულო, აქვს შენი ნომერი და დაგირეკავს
-ოკ.
ბარგი ჩაბარებულია, რეგისტრაცია გავლილია. ახლა ლარი ევროში უნდა დავაკონვერტირო. ‘საქართველოს ბანკისკენ’ მივქრივარ. აჰა რამდენიმე წუთი და ევრო გვაქვს. ‘გლოვოს’ კურიერი რეკავს, რაც იმას ნიშნავს რომ მგონი მოვასწარით ყველაფერი.
-გამგზავრების კართან მოდით… აი გხედავთ,- ვეუბნები უკვე დამშვიდებული ხმით. კონვერტს ვართმევ, სიმ- ბარათები ადგილზეა. საზღვრის კვეთის დრო მოვიდა.
-ჯიპ, ოღონდ რა გვინდა ბუდაპეშტში, რა ხდება, რას ვაშუქებთ? – მეკითხება ოპერატორი სერგი.
– ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრაა. წევრი ქვეყნის ყველა ლიდერი ჩამოდის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილიც ჩამოვიდეს [ სალომე ჯერ კიდევ პრეზიდენტია], ირაკლი კობახიძე უკვე იქ ყოფილა. სალომე შარლ მიშელმა [ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტი] მიიწვია და კობახიძე ორბანმა [უნგრეთის პრემიერ-მინისტრი].
აქ ორივე ვიცინით.
-და უნგრეთში რად უნდოდათ შეხვედრა ამ ევროპელებს.
– ვალდებულება აქვთ. უნგრეთი თავმჯდომარეობს 6 თვით ევროკავშირს. უწევთ მონაცვლეობით და ამიტომ იქ უნდა შეიკრიბონ.
– გავიგე…
უკვე გასავლელ კართან ე.წ. გეითთან ვართ. ახლა ფიქრები იქითკენ მიდის აკრედიტაცია რომ არ გვაქვს, ტერიტორიაზე [არათუ შენობაში], სადაც საბჭოს სხდომა ტარდება, სადაც მთავარი საკითხები – უკრაინა და ევროკავშირის გაფართოებაა, მსოფლიოს ლიდერები ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის გარდა ყველა ადგილზეა, ნინოს და სერგის იქ ვინ შეუშვებს?!
პროდიუსერ თეოს ვურეკავ. სწორედ ამ დარდით, რომ არავინ მიგვაკარებს იქაურობას.
– ჯიპა არ იდარდო იზამ რამეს, თუ არადა შენობის გარეთ დადგები, აქ ჩვენ მასალებს გაგიმზადებთ და შენ იქიდან ჩაერთვები.
თბილისის დროით 18:05 წუთია და უკვე სტამბულისკენ მივფრინავთ. 12 საათიანი გადაჯდომა გვაქვს. ღამე ათათურქის აეროპორტში უნდა გავათენოთ და ბუდაპეშტში კი ფრენა დილით არის. ათათურქის აეროპორტში ჩემს საყვარელ ადგილას დავბანაკდი. “სტარბაქსის” კაფე, ყავა ამერიკანო და ვაფლესი. ჩამეძინა, დილის 5 საათზე გამეღვიძა და ზურგჩანთაში ტუჩის ე.წ. ბლესკის ძებნა დავიწყე და ჰოი საოცრებავ… წიწაკის სპრეი ლამაზად დევს ზურგჩანთის გვერდითა ჯიბეში. რაც იმას ნიშნავს, რომ ისე გადმოვკვეთე თბილისში საზღვარი, ისე ვიფრინე სტამბულამდე, ისე გავიარე უსაფრთხოების შემოწმება ‘ათათურქის’ აეროპორტში და გადავედი სატრანზიტო ზონაში, რომ წიწაკის სპერეი უსაფრთხოების ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ შეამჩნია და ვერც ე.წ. სკანერმა დაინახა. ოპერატორ სერგის ვუთხარი მგონი დასაჭერი ვართო🙈. გავიძურწე ტუალეტში და წიწაკის სპრეი ნაგვის ურნაში ჩავაგდე. განა რამე ისეთი, მაგრამ გადარბენაში ამ თავდაცვითი საშუალების სახლში დატოვება დამავიწყდა, მაგრამ
მესაზღვრეებს როგორ გინდა ეს აუხსნა. მოკლედ არასასურველი ხიფათისგან ‘ათათურქის’ ტუალეტის ურნამ მიხსნა.
2024 წლის 7 ნოემბერი. დილის 9 საათი. ბუდაპეშტის აეროპორტში ვართ. საქართველოში 12-ია. პროდიუსერებთან მივიწერე ჩავედითქო. დღის პროდიუსერი ისევ ქეთი ქებაძეა.
-12 იანში ვერ ჩამერთვები ხომ?
-არა ქეთო გამორიცხულია, ჯერ ჩემოდნებიც არ აგვიღია. მივალ სასტუმროში, დავდებ ნივთებს და მაშინვე ფეხით გავიქცევი იქ სადაც ამბავია.
ჩამოფრენიდან ერთ საათში უკვე შატლში ვზივართ და სასტუმროსკენ მივდივართ. სერგის ვეუბნები რომ 3 -იანში ჩართვა გვაქვს და ამიტომ გადამცემ აპარატში სიმ- ბარათები უკვე უნდა ჩავდოთ და სიგნალი გავტესტოთ. ასეც ვიქცევით. თბილისში ვრეკავთ. საეთეროა ხაზზე, ჩართულია ტექნიკური პერსონალი რომ კადრი გამოჩნდეს, მაგრამ ბუდაპეშტიდან სიგნალი არ მიდის და შავი ფონია.
ვურეკავ ისევ ‘Mobinex’ -ის ვახოს. ისიც ერთვება პროცესში, მაგრამ მაინც შავი ფონია. მოკლედ სიგნალი არაა. ამიტომ გამოსავალი ერთია – ტელეფონით თუ ჩავერთვები, რადგან დრო არ მაქვს რომ სადმე გავჩერდე და უნგრული სიმ-ბარათები ვიყიდო.
შატლის მძღოლი მეუბნება რომ ეს არის სასტუმრო, სადაც ვჩერდებით. ჩამოვდივართ ტრანსპორტიდან და ქართულად მესმის – “გამარჯობა მთავარი”. ჩემს თვალწინ ბუდაპეშტის ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი “პუშკაშ არენა” [ ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელის ფერნეც პუშკაშის სახელობის სტადიონი] გადაიშალა, თურმე იქ ტარდება ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა. ჩემი სასტუმრო სადაც ვჩერდები, სტადიონის გადაჰყურებს. არენასთან ქართველი სტუდენტები დგანან. ახალგაზრდები ირაკლი კობახიძეს დახვდნენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. [შეგახსენებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩატარებულია და ჯერ კობახიძეს 28 ნოემბრის საშინელი განცახდება თემაზე : ოცნებას ევროკავშირი აღარ გვინდა – არ გაუკეთებია].
– როგორ გაგვახარე ” მთავარი” რომ მოხვედი, – გარს შემოგვეხვივნენ მე და სერგის სტუდენტები.
– ბავშვებო 2 წამით ჩემოდნებს ტროტუარზე დავაწყობთ, კამერას მოვამზადებთ და ჩაგწერთ ხომ ?!
-კი, კი
ასე გამოვიდა რომ შატლიდან ჩასულებმა მაშინვე გადაღება დავიწყეთ. მასალის მიწოდება საეთეროსთვის უკვე მინდა, მაგრამ სიგნალი ისევ არაა. ამასობაში თბილისში 3 საათი ხდება. მესინჯერში დამირკეს, პროდიუსერებმა მომიყვნენ ვინ რა განცხადება გააკეთა საბჭოს შეხვედრაზე და ასე მოყოლილი ამბებით ჩავერთე.
-ახლა მაცალეთ, ნომრებში ავალთ, მოვწესრიგდებით და წავალთ მოედნისკენ… ეგება რამე მოვახერხო და შემიშვან – აღარ დამირეკოთ 1 საათი მაინც.., – ვუთხარი თბილისში პროდიუსერებს.
-სერგი! ნახევარ საათში ფოიეში ვხვდებით აწყობილები[ რაც სატელევიზიო ენაზე – გადაღებაზე გასვლისთვის სრულ მზადყოფნას ნიშნავს], მივიდეთ ადგილზე იქნებ შეგვიშვან.
– კარგი, – მიბრუნებს მშვიდად პასუხს სერგი, რომელიც უსაყვარლესია და არასდროს არაფერს აპროტესტებს.
პუშკაშ არენაზე გამოტანილ იმ ისრებს მივყვებით, რომელსაც მედია აწერია და ამ გზამ მედიის შესასვლელთან უნდა მიგვიყვანოს. წინ პოლიციის დიდი კედელია. ” ვინ ხართ, სად მიდიხართ, აკრედიტაცია წარადგინეთ!!!”. აკრედიცია ეხლა უნდა ავიღო, საქართველოდან 2 საათია რაც ჩამოვფრინდითთქო. მაშინ პრეს-ბარათები გვაჩვენეთო. ვაჩვენეთ ბარათები.
‘მ ტ ა ვ ა რ ი’ – რამდენჯერმე წაიკითხა ტელევიზიის დასახელება, რაციაში რაღაც თქვა უნგრულად და კორდონს იქით შეგვიშვა. გზად უსაფრთხოების კიდევ 2 კორდონი გავიარეთ, თუმცა უპრობლემოდ.
მივედით შესასვლელთან სადაც თეთრი კარვები დგაა. ახალგაზრდები სხედან. ვუხსნი რომ თბილისიდან ვართ, საქართველოს პრეზიდენტი ჩამოდის, ამ ვიზიტის გაშუქებისთვის უცებ გადაწყდა ჩვენი წამოსვლა და იქნებ შეგვიშვან. არაო, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო… სადღაც 100 მეტრში მოწყობილ მეორე კარავში გაგვიშვეს და გვითხრეს რომ იქ თუ დაგვეხმარებოდნენ.
მივედით. კარავში 2 ბიჭი ზის. მათაც ვუხსნი რომ აკრედიტაცია იქნებ ადგილზე შევავსო და რომ თბილისიდან დაუგეგმავად წამოვედით. ისე ვლაპარაკობ რომ ჩემი თავი იმ ცნობილი ვიდეოსა და კაცის გამონათქვამს მოგაგონებთ – ‘აკრედიტაციას თუ არ მომცემთ მე აქედან ცოცხალი არ წავალთქო’. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა არ ვიცი, მაგრამ აკრედიტაციის ფორმა იქვე გახსნეს და მითხრეს შეავსეო. ოღონდ შენთვის ცალკე და ოპერატორისთვის ცალკეო. თან ეს მხოლოდ დღევანდელი აკრედიტაციაა და ხვალინდელი ფორმა ორივესთვის ცალკე უნდა შეავსოო. მოკლედ, ეს “ჯადო” აკრედიტაციის ფორმა 4 გზის შესავსები მაქვს.
თბილისში კი უკვე 6 საათი ხდება, მორიგი საინფორმაციო გამოშვება უნდა გავიდეს ეთერში და ისევ ჩართვა მაქვს. ევროსაბჭოს ლიდერების არაფორმალური შეხვედრა უკვე დაიწყო. ლიდერებმა შესვლის დროს განცხადებები გააკეთეს. რასაც ემატება ისიც რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ახალი დასრულებულია [ 2024 წლის 3 ნოემბერს იყო მეორე ტური], სადაც პროდასავლელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. სანდუც ბუდაპეშტშია. მას მთელი მსოფლიო ულოცავს გამარჯვებას, ყველა სიხარულით ხვდება. აი ირაკლი კობახიძეს კი არც არავინ ხვდება და არც არავინ არაფერს ულოცავს. ამ ამბავს კი დღის მთავარი მსოფლიო ამბავი – დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტება ემატება. ამიტომ ჩართვის გარეშე 6 -იანი საინფორმაციოც ვერ ჩაივლის.
აკრედიტაციის გამცემ ბიჭებს ვეუბნები რომ მე გარეთ უნდა გავიდე 30 წუთი, პირდაპირი ეთერი მაქვს, დავბრუნდები ისევ გავაგრძელებ ჩემს საქმესთქო. თან პირობა მომეცით რომ შესვენებაზე არ გახვალთ, ვიდრე ამ საკითხს არ მოვაგვარებთთქო. ძალიან ბევრი იცინეს და მითხრეს რომ არ მენერვიულა.
ჩავერთე. მივბრუნდი. ოპერატორი სერგის ყველა პირადი მონაცემი დავიზეპირე. შევავსე 7 და 8 ნოემბრის სააკრედიტაციო ფორმები. დამიდასტურეს. დაბეჭდეს. ეს ოთხივე ბარათი გულში ჩავიკარი და პუშკაშ არენაზე შესვლის უფლება მოვიპოვეთ.
უკვე მედია ცენტრში ვართ. უდიდესი სივრცეა. რომელი მედიასაშუალება გინდა რომ იქ არ იყოს. თავისუფალი ადგილი ვიპოვეთ, ნივთები დავაწყვეთ. პირველი – ინტერნეტისა და ინტერნეტ კაბელის ძებნა დავიწყე. კაბელი გადამცემს დავაერთეთ, თბილისში საეთეროში დავრეკეთ და როგორც იქნა! ბუდაპეშტი – თბილისი – კონტაქტი არის. საეთეროში ხმაც მიდის და გამოსახულებაც. სტუდენტების მასალა გადავაგორე, 30 წუთი ამოვისუნთქეთ და რაც შეგროვდა კიდევ ახალი ამბები საღამოს 9 საათზე, პირდაპირ ეთერში უკვე სრულფასოვნად ჩავერთე. ჩართვაში რასაც ვერ ვამბობდი – სალომე ზურაბიშვილის ამბავი იყო. დაზუსტებით არ ვიცოდი ჩამოვიდოდა თუ არა მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 ნოემბერს ბუდაპეშტში, ამიტომ არ დამიანონსებია.
მედიაცენტრში ქართველი ჟურნალისტებიც ვნახე. ისინი ირაკლი კობახიძის ვიზიტს აშუქებენდნენ. გავიგე რომ კობახიძე თბილისის დროით საღამოს 9-ის შემდეგ გააკეთებდა მედიისთვის განცხადებას. ამიტომ ჩემი ბავშვობის მეგობარს და კობახიძის პრესამსახურის ხელმძღვანელ მიშა ფეიქრიშვილს ვუთხარი – არ გამოვა აქ ვარ და მისი კომენტარი არ ჩავწერო, ამიტომ არ გამომაპარო, მომწერე და გამოვალთქო. მიშამ მალევე მომწერა – მედიაცენტრის აივანზე ვიკირბებითო და გავედი.
კომენტარის დასაწყისში ყველა რესპონდენტი თავის სათქმელს ამბობს, შემდეგ კი კითხვები იწყება. მაია სანდუს რომ ყველა ულოცავდა, მათ შორის თქვენი მეგობარი ორბანიცთქო და ოცნების ჩატარებული არჩევნები არავის უღიარებია – ამ ამბავზე რას იტყვითთქო. მაგაზე პასუხი არ იყო. ჯიუტად მხოლოდ იმას იმეორებდა რომ მოლდოვაში არჩევნები გაყალბადაო.
ირაკლი კობახიძის ჩაწერა დასრულდა. თბილისში უკვე საღამოს 10 საათია. ამიტომ ცოტახანი რომ დავჯდეთ, ამოვისუნთქოთ და ვჭამოთ უკვე შეიძლება. ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირის ლიდერებს – 8 ნოემბრის დილის ე.წ. doorstep-ზე [შემოსვლების დროს] ჩავწერ.
ვჭამთ და თან კობახიძის ინტერვიუს “ვაგორებთ” [ ანუ თბილისში საეთეროს ვაწერინებთ]. უცებ მედიაცენტრი დაიცალა, ყველა საპრესკონფერენციო ოთახისკენ წავიდა, საითკენაც გავიხედე და დიდი სამზადისია.
-ნეტა ვინ მოდის? აქ ტაბლოზეც არ აწერია… არადა სულ იწერებოდა ‘ upcoming press conference’-ის შესახებ ინფორმაცია…
– შეხედე ტაბლოც გათიშეს, – მიბრუნებს პასუხს სერგი.
ფარდა გაიწია და ყველა ჩაჩუმდა. მივედი პრესკონფერენციის დარბაზთან, ლურჯი, გაუმჭვირვალე ფარდა გადავწიე და დაახლოებით 200 კაციან დარბაზში[ სადაც ნემსი ყუნწი არ ჩავარდება და გადაჭედილია] ომში მყოფი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის პრესკონფერენცია დაწყებულა.
ცივად გამოვბრუნდი. ოპერატორ სერგისთან მივედი და ვუთხარი რომ ჭამის დრო აღარაა, სასწრაფოდ შევდივართ ამ პრესკონფერენციაზე.
– ეს ამბავი ლაივშიც წავა, ამიტომ შენ კადრებზე იმუშავე. მე შევეცდები კითხვა დავსვა. თუ სასწაული მოხდა და კითხვა დავსვი, ჩემი კითხვაც და ზელეს პასუხიც ჩაიწერე, კაი ?!
-კი,კი
პრესკონფერენციაზე შევედით. კითხვების დრო მოვიდა. ხელს ვიწევ, მაგრამ ვიცი რომ სულ ტყუილად. ზელენსკის პრესსამსახურმა სერგეი ნიკიფოროვმა, რომელიც პრესკონფერენციის მოდერატორია, უკვე იცის რომელმა მედიამ უნდა დასვას კითხვა. პრიორიტეტი ამერიკული მედიაა. რაც ბუნებრივია – ტრამპი ახალი არჩეულია, არავინ იცის რა მოხდება საერთაშორისო ასპარეზზე, არავინ იცის როგორი იქნება ტრამპი -ზელენსკის ურთიერთობა და არავინ იცის, როგორ დაასრულებს ინაუგურაციიდან 3 დღეში დონალდ ტრამპი ამ სისხლიან ომს. ამიტომ კითხვები უამრავია. ზელენსკიც ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, საერთაშორისო მედიას პირველად ხვდება.
ცდას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პრინციპით არ ვნებდები. ისევ ხელს ვიწევ. ნიკიფოროვი უკვე აცხადებს რომ Last Question -ის – ბოლო შეკითხვის დრო მოვიდა და მას ევრონიუსი დასვამს. აზრი აღარ აქვს იქ დროის დაკარგვას. გავედი და ოპერატორს ვანიშნე გამოსულიყო.
– სერგი, ზელენსკი ამთავრებს პრესკონფერენციას, კამერა ჩართე, რეკზე [ჩაწერაზე] გაუშვი, მივაძახებ კითხვას და ეგება ჩაგვეწეროს. მე მიკროფონს ჩავრთავ.
– კაი ჯიპა რა მოიგონე, არ გაგვიჩერდება…
– ჩვენ ჩვენი წილი ვცადოთ.
ჩემგან მარჯვნივ გავიხედე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ზელენსკის მარჯვენა ხელი ანდრეი ერმაკი დგას და ტელეფონს სქროლავს.
– სერგი დაცვა და ერმაკი აქეთ დგანან ე.ი. ზელენსკი ამ კარიდან გამოვა [ პრესკონფერენციის ოთახს ორი შესასვლელი აქვს], ამიტომ ჩვენც აქეთ ვიდგეთ.
ზელენსკიმ მადლობაო ჟურნალისტებს უთხრა. ველოდები რომ წამოვა ჩვენი კარისკენ და უცებ მეორე გასასვლელისკენ წავიდა. ისევ საერთო კორიდორში უნდა მოხვდეს, სადაც ერმაკი დგას, მაგრამ შორი გზიდან მოვლა გადაწყვიტა. დავიძარით მეორე გასასვლელისკენ და ზელენსკიც გამოჩნდა. მისკენ წავედი და თან ლაპარაკი დავიწყე:
-ბატონო პრეზიდენტო მე თბილისთან ვარ, ჟურნალისტი. საქართველო უკრაინას შორის ურთიერთობებზე უნდა გკითხოთ, არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე… კითხვები მაქსიმალურად სწრაფად მივაყოლე ერთმანეთს, რომ იქნებ გაჩერდეს და ლაპარაკი დაიწყოს. მომისმინა, შემომხედა, გამიცინა, გაჩერდა და დაიწყო. პირველი კითხვა ზოგადია საქართველო – უკრაინის მთავრობებს შორის მძიმე ურთიერთობებს რა ეშველება. ვატყობ რომ ზელენსკი ყველა სიტყვას ზომავს და მწვავე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. უკან გავიხედე.
ოპერატორი უსიტყვოდ მიხვდა რატომაც გავიხედე. სერგიმ დაბალი ხმით მითხრა
– კი, ჯიპა იწერება, არ ინერვიულო …
ზელენსკი ლაპარაკობს და ვხვდები რომ ჩვენი კამერის უკან ბევრი ხალხია. დიდი საცობი შევქმენით. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი ჩავლილია და კითხვა არჩევნებზეც მივუყოლე. წამიერად შეჩერდა და სხვა მხარეს გაიხედა. პრეზიდენტის მზერას გავყევი და აღმოვაჩინე რომ ჩემს უკან ერმაკი დგას და როგორც ჩანს ანიშნებს საქართველოს არჩევნებზე კომენტარი არ გინდაო. ისეთი სახით გავხედე ერმაკს ალბათ ამოიკითხა და მიხვდა, რომ თუ ასე გააგრძელება, ეს სპონტანური ინტერვიუ არ შედგებოდა და გაიღიმა. ზელენსკიმაც პასუხების გაცემა განაგრძო.
მინდა რომ მოვასწრო და კითხვა იმ ბანერებზეც დავსვა, რომელიც ოცნებამ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში გამოფინა და ომის კადრები/ურდოსგან დახოცილი ბავშვები/ ქალები/ დანგრეული შენობები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. წამიერად ვალაგებ თავში რომ თუ დრო დამრჩა ელჩის დაბრუნებასა და მიშა სააკაშვილზეც ვკითხავ, მაგრამ კადრში პირდაპირ შემოდის სერგეი ნიკიფოროვი [ზელენკის პრესსამსახური], რომელსაც ზელენსკის უკან მდგომი დაცვის უფროსი მაქსიმ დონეცი ჟესტიკულაციით საყვედურობს, რომ სად ხარ აქამდეო 😁 ნიკიფოროვმა საკმარისიაო და დაცვამ ჩემი გაწევა დაიწყო. ამ ორომტრიალში მაინც მოვახერხე და მივაძახე რა გზავნილი გაქვთ ქართველი ხალხის მიმართთქო. ისევ მომიტრიალდა ზელენსკი, გაიხსნება საქართველოში მისი ვიზიტი, ქართველ ხალხს მადლობა უთხრა და ევროპული მომავალი უსურვა.
-Слава Україні! – ვუთხარი მე
– Героям слава! – დამიბრუნა პასუხი ომში მყოფმა პრეზიდენტმა და ლიფტში შევიდა.
– არ მჯერა სერგი გამოვიდა !!!
– ჯიპა ჩაარტყი ხელი!!! – მეუბნება სერგი, რომელიც ემოციებს არასდროს გამოხატავს, მაგრამ ამ ამბავში თანამონაწილეობა როგორც ჩანს ძალიან მოეწონა.
თბილისში ალბათ უკვე ღამის 11 საათზე მეტია. ყველა გადაცემა დასრულებულია და ამ მასალას უკვე ვერსად გავუშვებთ. ამიტომ ხვალიდან, 8 ნოემბრის დილიდან, უნდა დატრიალდეს ეთერში.
ვიდეოდან ფოტო დავსქრინე, სადაც მე და ზელენსკი ვჩანვართ და ოჯახის ე.წ. ‘ჩატში’ ჩავაგდე.
-სლეიი , – მოდის ჩემი ძმისშვილის, ტასოს კომენტარი. ანუ თინეიჯერების ენაზე რომ ვთქვათ – ძალიან მაგარიაო. ოჯახი გავახარე და ახლა უკვე სამსახურის დრო დადგა. ნიუსრუმის შიდა ჩატში მივიწერე რომ ხალხო ზელენსკი ჩავწერეთქო. იყო გულები და ემოციები.
ასე ჩავწერეთ მე და სერგი ბარამიძემ ექსკლუზიურად და სპონტანურად ომში მყოფი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერვიუ. ჩვენ ვართ პირველი ქართველი ჟურნალისტები [ გადამღები ჯგუფი],ვინც ზელნსკის ასე ცალკე ჩაწერა მოახერხა, თორემ პრესკონფერენციაზე სადაც ბევრი ჟურნალისტია ალბათ არაერთ მათგანს ჩაუწერია. [ თუ ასე არაა მომწერეთ და ბოდიშს მოვიხდი]
ვოლოდიმერ ზელენსკის პრესკონფერენციის შემდეგ, იმავე დარბაზში, ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პრესკონფერენციები.
ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს შესახებ კითხვა ლიფტთან მივაძახე. გაიგო, მაგრამ არ გაჩერდა. ვიქტორ ორბანიც კორიდორში, ლიფტთან გამოვიჭირე, გავაჩერე და ვკითხე – ეს ამბავი როგორ არის ოცნების არჩევნებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მარტო თქვენ რომ აღიარებთთქო. რა მოხდა მერე, მარტო მე ვარ ასეთიო და თბილისი ძალიან მიყვარსო.
უნგრელ ჟურნალისტებს ორბანის ეს გაჩერება, მისგან კითხვის მოსმენა და პასუხი ძალიან გაუკვირდათ. რადგან იქ ჟურნალისტების დიდი ნაწილი, ჩვენი სამთავრობო მედიის მსგავსად ერთ მესიჯზე არიან აწყობილები. სამთავრობო მედიის იქაური მესინჯერი და კონტროლიორი, ამერიკელების მხრიდან დასანქცირებული, ორბანის მარჯვენა ხელი ანტალ როგანია.
ზელენსკისა და ორბანის ინტერვიუები უკვე მთავარი არხის სამონტაჟოებშია.
– სერგი წავიდეთ ახლა ძილის დროა, ხვალ დილის 8 – ზე აქ უნდა ვიყოთ. ამათი დროით 9-ზე და თბილისის დროით 12 – ზე ჩართვა გვაქვს და ზელენსკის ინტერვიუ წარსადგენია.
სალომე ზურაბიშვილი 8 ნოემბერს ბუდაპეშტში არ ჩამოვიდა. ჩემს ჟურნალისტურ კარიერას კი ეს ინტერვიუ დიდებულად დარჩა. ასეთი ნიუანსებით, დეტალების მოგვარებითა და წინააღმდეგობების გადალახვით გამოდის კარგი საქმეები.
2024 წლის 7 ნოემბრის ინტერვიუს სრული ვერსიაა
https://www.facebook.com/reel/1857820288138546
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights