გურიის მოამბე

,,არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია”- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე

ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა.

მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე.

„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება…

ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ.

მზექალა შანიძე განათლების რეფორმის განხილვაზე

ილიაუნიში გამართული დისკუსია შეეხებოდა იმ ბუნდოვანებას, რომელიც „ოცნების“ განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილმა კონცეფციამ გააჩინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები და განათლების მკვლევრები.

ახალი საუნივერსიტეტო რეფორმა დღეს არსებული მოდელის შეცვლას გულისხმობს, რაც, სპეციალისტების აზრით, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას.

ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights