თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თურქეთ- სირიის საზღვართან ჯოჯოხეთი ტრიალებს. ორივე ქვეყნის სასაზღვრო ქალაქები და პროვინციები საშინელებათა ფილმს დაემსგავსა. მასშტაბური კატასტროფა, სტიქიური უბედურება 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრით, 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. დაღუპულთა რიცხვმა თურქეთში 24 ათასს გადააჭარბა. ამ ტრაგიკულ, წარმოუდგენელ ციფრებს ოფიციალური ანკარა ადასტურებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 80 ათასზე მეტია. დრო გადის და ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენის შანსი უფრო და უფრო მცირდება. ამიტომ მსხვერპლთა რაოდენობა რომ კიდევ გაიზრდება ამასაც ღიად ადასტურებენ. თურქეთში დამანგრეველმა მიწისძვრამ იმსხვერპლა საქართველოს 4 მოქალაქე. ქაჰრამან-მარაში, გაზიანთეპი, ჰათაი, ადანა, დიარბაქირი და მალათია – ამ პროვინციებში 140 ათასზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი ნანგრევებში ჩარჩენილების გადარჩენას ცდილობს. მათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, ისინი ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
იყო თუ არა შესაძლებელი თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის თავიდან აცილება და არის თუ არა მიწისძვრების პროგნოზირება შესაძლებელი? ამ კითხვებს საზოგადოება კიდევ უფრო ხშირად სვამს. ჯერ-ჯერობით არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა წინასწარ ვიცოდეთ სად, როდის და რამდენი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება. თუმცა, ბოლო დროა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა ადამიანმა, რომელმაც თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. ფრენკ ჰუგერბითსმა ტვიტერზე დაწერა, რომ 3 თებერვალს სირიასა და თურქეთში სტიქიური უბედურება მოხდებოდა.
ჰუგერბითსის წინასწარმეტყველებას მეცნიერები აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ თეორია სრულიად აცდენილია რეალობას. მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრიც. თუმცა, საქმე იმაშია, რომ ჰუგერბითსის თეორიაზე, პლანეტების ზემოქმედებით გამოწვეული მიწისძვრების შესახებ, უფრო ზუსტად კი მათ მიერ დატრიგერებული მიწისძვრებზე ძველ საბერძნეთში საუბრობდნენ და ეს უძველესი თეორიაა. მიწისძვრებს ამზადებს ტექტონიკური პროცესი დედამიწაზე და სხვა ყველა ძალა, რომელიც დედამიწაზე მოქმედებს, შეიძლება აღმოჩნდეს ტრიგერი. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.
მთავარი სახლი