გურიის მოამბე

რუსეთის გენერალი: ხომ არ დადგა დრო, საქართველო უკან, რუსეთთან დაბრუნდეს?

რუსეთის ფედერაციის გენერალი აპტი ალაუდინოვი ქართველებს გეორგიევსკის ტრაქტატს ახსენებს და სვამს კითხვას, ხომ არ მოვიდა დრო, რომ საქართველო რუსეთთან დაბრუნდეს?

ამის შესახებ მან განცხადება რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდისტთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

აპტი ალაუდინოვი არის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან.

ინტერვიუში ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ისინი არა უკრაინასთან, არამედ “დიპ სტეიტთან” აწარმოებენ პროქსი ომს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ბაიკალის ტბის და რუსეთის სხვა რესურსების ხელში ჩაგდება უნდა.

“ამერიკელების მიერ დაფინანსებული ადამიანების მცირე ჯგუფი მართავს მიტინგებს და ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას. ხომ არ დადგა დრო იმისთვის, რომ ქართველი ხალხი უკან დაბრუნდეს რუსეთთან? იმ ურთიერთობებთან, რომლებიც ჩვენ გვქონდა. ასე უნდა დასვათ საკითხი. რუსეთი ისევ იქ დგას, სადაც ადრე იდგა როცა ოსმალური ხალიფატისაგან გამოქცეულმა საქართველომ დახმარება სთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატი. რუსეთს ხომ არ დაუპყრია საქართველო? საქართველო მოვიდა რუსეთთან და თურქებისაგან გადარჩენა სთხოვა. სად წავიდა გენეტიკური მეხსიერება ქართველებისა, რომლებიც ქართველებად და საქართველოდ რუსეთის წყალობით დარჩნენ. ახლა მოვიდა დრო, როცა ქართველებმა ეს უნდა გაიხსენონ და თქვან, რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენც მართლმადიდებლები [თავად ალაუდინოვი მუსლიმია. ნეტ] ვართ და თქვენ გვერდით ვიდგებით. ასეთ შემთხვევაში საქართველო მოიგებს. თუ საქართველო ამას არ დათანხმდება და არ იმოქმედებს, დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან ქვეყანას შეანჯღრევენ, ჩამოგადებენ იმ ხელისუფლებას [“ქართული ოცნება”], რომელიც პროქართულია და არა პრორუსი. შეცვლიან ხელისუფლებას, რომელსაც ქართველების კარგად ყოფნა უნდა, იმ ხელისუფლებით, რომელსაც ამერიკელების, ევროპელების და “დიპ სტეიტის” კარგად ყოფნა ენდომება”, – განაცხადა ალაუდინოვმა.

გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც მოსკოვმა არაერთგზის დაარღვია.

შეთანხმებით მოსკოვმა აიღო ვალდებულება ქართლ-კახეთის დაცვაზე, თუმცა, როცა ამის საჭიროება გაჩნდა, 1795 წელს, გენერალ-მაიორმა ტოტლებენმა მარტო დატოვა ერეკლე II და მისი არმია აღა მაჰმად ხანის ლაშქრის წინააღმდეგ.

1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის ანექსიაზე – შეთანხმება ასეთ რამეს არ  ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, შეთანხმების მორიგი დარღვევით, 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც, ტრაქტატის მიხედვით, , ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights