“ის, რაც დღეს საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს, არის ხელისუფლების მორალური და ზნეობრივი დაცემის ზეიმი”-განცხადება “გურიის მოამბესთან” “ერთიანი ნაციონალური მოზრაობის” ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ დღეს, ოზურგეთში სტუმრობისას გააკეთა.
მელია მეორე დღეა გურიაში იმყოფება, ის გუშინ ლანჩხუთს სტუმრობდა, დღეს კი, ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს:
“მაშინ, როდესაც პარალიზებულია სახელისუფლებო სტრუქტურები, არ იწმინდება გზები, სოფლების უმეტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და უმრავლესობა მოწყვეტილია მუნიციპალურ ცენტრს, ამ დროს “ოცნება” საკრებულოს სხდომაზე იკრიბება, მხოლოდამხოლოდ იმისთვის, რომ მოიმატონ ხელფასები და ხელფასებს იმატებენ მაღალჩინოსნები – არა ექიმი, არა მაშველი, არა პედაგოგი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მერი და მათი მოადგილეები. ვფიქრობ, ოზურგეთი ამის წინააღმდეგია და ჩვენ ამ ხელისუფლებას ეს ცინიზმი უნდა ვანანოთ” – თქვა მელიამ.
ცნობისთვის, დღეს 3 საათზე ოზურგეთის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც თანამდებობრივი სარგოების გაზრდის საკითხის განიხილავენ.
რაც შეეხება ნიკა მელიას, ის ხვალ ჩოხატაურს ეწვევა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს პირადად მოისმენს.