შეზღუდული თავისუფლების წელი – ასე ფასდება საქართველო 2025 წლის შემაჯამებელ ანგარიშში. ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, საია საგანგაშო კვლევას ასაჯაროებს. ავტორიტარული მმართველობა, შეკრებისა და გამოხატვის შეზღუდული უფლება, რეპრესიები და წნეხი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და პოლიტიზირებული მართლმსაჯულება.
57 გვერდიან ანგარიშში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის უპრეცედენტო ფაქტებზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს “ქართული ოცნების” განსაკუთრებული სამიზნე გამოხატვის თავისუფლება მას შემდეგ გახდა, რაც მმართველმა ძალამ უარი თქვა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ქართულმა ოცნებამ მასზე გაბრაზებული ქუჩაში გამოსული ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიები კანონმდებლობის შეცვლით დაიწყო. შეზღუდა ადამიანის უფლებების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, შემოიღო ახალი სამართალდარღვევები და გაზარდა სანქციები. მთელი წლის განმავლობაში “ოცნების” ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეების დევნა ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ და სადარბაზოებთან დაიწყო. აქციებზე დგომის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში ოცნების ხელისუფლებამ 213 ადამიანი მისცა, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც.
მხოლოდ 1 წელიწადში საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 1000-მდე ადამიანი გახდა. დემონსტრანტების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება როგორც სისტემური დანაშაული – ასე აფასებენ ავტორიტეტული ორგანიზაციის იურისტები ფაქტებს, რომლის უშუალო თვითმხილველბიც თავად გახდნენ. კვლევის თანახმად, ოცნების ხელისუფლებამ უწყვეტი პროტესტის ჩახშობა მოქალაქეების ცემით და დასახიჩრებეებით გააგრძელა.








