გურიის მოამბე

FT: სამშვიდობო გეგმა უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანებას ითვალისწინებს

მაღალჩინოსნების მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი სამშვიდობო წინადადების ვერსია მოიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1 იანვრისთვის უნდა გახდეს.

ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული გეგმა წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ომის დასრულების შესახებ შეთავაზებული წინადადებების გადამუშავებულ ვერსიას.

„[უკრაინის] ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლის 1 იანვრისთვის მითითებულია სამშვიდობო წინადადების უახლეს პროექტში, რომელიც უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს წარუდგინეს“, – წერს Financial Times დოკუმენტის შინაარსის მცოდნე პირებზე დაყრდნობით.

გამოცემა არ აკონკრეტებს, თუ რომელი ევროპული მხარეები უჭერენ მხარს გაწევრიანების დაჩქარებულ ტემპს.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირის ამბიციებს, განაცხადეს, რომ ევროკომისიას ახლა ესმის, რომ მან არ უნდა შეაფერხოს სამშვიდობო პროცესი კიევის დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგ არგუმენტებით.

გეგმის შინაარსის მცოდნე პირების თქმით, ეს აიძულებს ბრიუსელს, გადახედოს გაფართოების მთელ პროცესს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ახალი წევრებისთვის ევროკავშირის ფონდებზე წვდომა და ხმის უფლება.

აშშ-ის მხრიდან გეგმის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა აიძულოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აქამდე ბლოკავდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს, მოხსნას თავისი ვეტო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights