საწვავის ფასები კვლავ იზრდება – 2021 წლის თებერვალში პრემიუმის, რეგულარისა და დიზელის ფასები ზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. სტატიაში პრემიუმის, რეგულარისა და დიზელის საწვავების ფასების წლიურ ცვლილებასა და გამომწვევ მიზეზებს განვიხილავთ. ფასების ანალიზში გალფის, ლუკოილისა და სოკარის ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციაა გამოყენებული. პრემიუმის ტიპის საწვავი, ბოლო 12 თვის მანძილზე, ყველაზე იაფი 2020 წლის ივნისში იყო, როცა თვიურმა საშუალომ 1.92 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ფასმა 2020 წლის იანვარში მიაღწია – 2.58 ლარი. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბენზინგასამართ სადგურებში პრემიუმს, საშუალოდ, 2.52 ლარად შეიძენთ, რაც სიძვირით მხოლოდ 2020 წლის პირველ ორ თვეს ჩამოუვარდება. პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი, წლიურ ჭრილში, ასე გამოიყურება: ანალოგიურ სურათს ვხედავთ რეგულარის ტიპის საწვავის ანალიზისას. ბოლო 12 თვის განმავლობაში, საწვავი ყველაზე იაფი 2020 წლის ივნისში იყო – 1.80 ლარი. ყველაზე მაღალ ნიშნულს ფასმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში მიაღწია და 2.42-ს გაუტოლდა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, რეგულარის საშუალო ფასი 2.35 ლარია, რომელიც სიძვირით მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ჩამოუვარდება. რეგულარის საწვავზე ფასები წლის განმავლობაში ასე იცვლებოდა: ჩარჩოდან ამოვარდნილი არც დიზელის ფასებია. ბოლო წლის განმავლობაში დიზელის ფასი ყველაზე დაბალი 2020-ის ივნისში იყო – 1.91 ლარი. 2020 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში ფასი სტაბილურად იმატებდა, მიმდინარე თვეში კი ზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 2.49 ლარს მიაღწია,რაც 12 თეთრით ჩამოუვარდება 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელს. ფასების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საწვავი პანდემიამდელ მდგომარეობას ჯერ კიდევ პანდემიის დასრულებამდე უბრუნდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბრენტი ნავთობის ფასთან. ეს უკანასკნელი კი ბოლო 12 თვის მაქსიმუმზეა. რადგან საქართველო 100%-ით დამოკიდებულია იმპორტირებულ საწვავზე, ექსპერტის აზრით, ფასების გაუმჯობესებას არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. სტატისტიკის ფორმირებაში წვლილი მიუძღვის დოლარისა და ლარის გაცვლის კურსსაც. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ლარი დოლარის მიმართ 14.3%-ით გაუფასურდა, ტენდენცია კი პოზიტივის საფუძველს არ იძლევა.
წყარო: “ტაბულა”