როცა მომავლის ისტორიკოსი 2025 წლის საქართველოს ისტორიას მიუბრუნდება, მას მოუწევს ახსნას, როგორ იქცა ცუდი ხარისხის კონსპიროლოგიური პორნოგრაფია საქართველოს სახელმწიფო დოქტრინად და მაინც რა გზით, რა ავბედობით აღმოჩნდა ამ დაულაგებელი ფანტაზიების ცენტრში ერთი საშუალო გაქანების მლიქვნელი, რომელმაც პატრონის საამებლად ყველაფერი იკადრა.
მიილია კიდევ ერთი წელი, როცა ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკად ქცეულ შარაგზის სიგიჟეში მოგვიწია ცხოვრება და წლის ბოლოს მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ საკუთარ თავსაც და ისტორიის მკვლევარებსაც ვუთხრათ, რომ კი – ეს ახლოდანაც ისეთივე სიშლეგედ გამოიყურებოდა, როგორც შორიდან გამოჩნდება. რომ ახლაც ისეთივე რთულია ეპითეტების პოვნა, როგორც მომავალში იქნება.
წელსაც, ივანიშვილის პირადი ფანტაზიორის, ზაზა შათირიშვილის წერილების მთავარი ხაზი “გლობალური ჩრდილოვანი ძალების” არსებობის მტკიცება იყო, რომლებიც, მისი თქმით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ. ის რეგულარულად საუბრობდა “ოლიგარქიული ოჯახების ბატონობაზე” და ხელისუფლებას მოუწოდებდა, “ანტიქართველური ქმედებების ასალაგმად” ქმედითი ნაბიჯები გადაედგა.
დიახ, ამას ის მოუწოდებდა ოლიგარქს.
წელი შათირიშვილმა იმის მტკიცებით დაიწყო, რომ “გლობალური ჩრდილოვანი ძალები” ბიძინა ივანიშვილზე პოლიტიკურ შანტაჟსა და ზეწოლას ახორციელებენ. მისი თქმით, “გლობალური ომის პარტიის“ გავლენით, შვეიცარიული ბანკი ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა „კეთილსინდისიერ კლიენტს”. ამ თეზის გარშემო ტრიალებდა ავტორის არაერთი მომდევნო წერილიც, სადაც ის “გლობალური ძალების” მოქმედებებს აფასებდა და ქართველ ხალხს შესაძლო საფრთხეებზე აფრთხილებდა.
კარგი ის არის, რომ შეთქმულების თეორიები იმდენად გაუმართავი და უნიჭო აღმოჩნდა – საბოლოოდ ის რეჟიმის მონდომებულმა ლოიალისტებმაც ვერ ირწმუნეს.
კვლევებმა აჩვენეს, რომ ივანიშვილის პირადმა ფილაფოზმა ქართული ოცნების ამომრჩეველთა ნახევარიც ვერ დააჯერა. Issa-ს 2025 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ე.წ. “დიფ სთეითის” და გლობალური ომის პარტიის არსებობა და გავლენები არ არის დამაჯერებელი არც საქართველოს მოსახლეობის, არც თბილისის მოსახლეობის და არც პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების უმრავლესობისთვის. ამავე კვლევის თანახმად, “დიფ სთეითის” და გლობალური ომის პარტიის არსებობის სჯერა “ოცნების” ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარს (49%). საკითხავი ის არის, მეორე ნაწილს მართლა სჯერა თუ ამ პასუხში შემოსავლის სიყვარული უნდა განვჭვრიტოთ?
ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბოდვების რაციონალიზაციას. ამ ანტილოგიკურ ლაბირინთებში ღრმად შესვლას აზრი არ აქვს, ბოლოსდაბოლოს, მომავლის ისტორიკოსებსაც ხომ უნდა დარჩეთ საქმე? მაგრამ წლის ბოლოს და ამ აბსურდის მიმდინარეობის აწმყოშივეა ხაზგასასმელი, მაინც რამდენად შეურაცხმყოფელი და, რაღაც თვალსაზრისით, განმაიარაღებელია სახელმწიფო ფილოსოფიის რანგში აყვანილი სიცოფე.
გამართულ კონსპიროლოგიაში ცოტა ტყუილი ბევრ სიმართლეს ერწყმის, აქ კი ნარატივი საკუთარ თავს ახრჩობს: ზაზა შათირიშვილი გამალებით ამტკიცებდა და მთელი სამთავრობო პროპაგანდაც ანალიტიკის სახელით ტირაჟირებდა, რომ ყოვლისშემძლე ომის პარტია ერთდროულად მართავს ბრიუსელის კაბინეტებსაც და თეთრ სახლსაც.
გამოდის, რომ ამ პოლიტიკურ თეატრში ტრამპი გამალებით უტევს საკუთარი პატრონებისავე ფილიალებს ევროპაში.
ან, გაიგო კი ვინმემ, რატომ შლის ქალისა და კაცის ცნებებს დიფ სთეითი ევროპაში, როცა ამერიკაში ტრამპის ხელით ამკვიდრებს? რატომ სჭირდება სქესის დეფინიციას ოკეანის გადაღმა დაცვა, ხოლო გადმოღმა გამრავლება და უსასრულოდ ქცევა?
ამ აბსურდულ დრამაში ყველაზე კომიკური მაინც ტრამპის მეტამორფოზაა. თუ წლის დასაწყისში ის დიფ სთეითს ებრძოდა და თბილისი მას ამ ბრძოლაში წარმატებებს უსურვებდა, წლის ბოლოს ავტორი გვამცნობს, რომ ის დამარცხდა და საბოლოოდ იქცა აგენტურის მანქანის ჭაკნჭიკად, რადგან “არანაირი დიფ სთეითთან მებრძოლი ტრამპი არ არსებობს”.
კოგნიტური დისონანსი სევდიან პიკს ვაშინგტონის დუმილის “ანალიზისას” აღწევს. ავტორი გვარწმუნებს, რომ მისტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტებს აკონტროლებს, თბილისში, მმართველი პარტიის ოფისის წინ, მოულოდნელად კაპიტულირებს. მისი მტკიცებით, ამერიკის ადმინისტრაცია იმიტომ კი არ დუმს, რომ მსოფლიოში, საქართველოს გარეშეც არსებობს უამრავი სხვა პრობლემა, ცხელი კერა და ომი, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმი ისე გაძლიერდა, მასზე თავდასხმა თავად ზესახელმწიფოსთვისაა სახიფათო.
ეს ის წერტილია, სადაც ტრაგედია წმიდა წყლის ფარსში გადადის: გლობალური მონსტრი ივანიშვილის წინაშე მუხლს იყრის და კუთხეში მდგარი დუმილს ირჩევს.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ქართული ოცნების ღია მხარდაჭერა “აგენტურის განადგურებას” გამოიწვევს – გვიყვება შათირიშვილი – და ამას “დიფ სთეითი” ვერ დაუშვებს, სწორედ ამიტომ რჩება ვაშინგტონი დუმილის რეჟიმში. ძალა, რომელმაც როგორც ტრამპი, ისე ევროპის ლიდერების უმრავლესობა დაიმორჩილა, უძლურია რეჟიმის წინაშე – რადგან სწორედ აქ, ქართული ოცნებისვე აღიარებითვე – 13 წლიან კორუფციულ ჭაობში აღმოცენდა პატრიოტიზმის ურყევი ძალა. ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა!
ნარატივი თითქმის ყველგან გაუმართავია: მაგალითად, შათირიშვილი ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ იდეალურად წარმართა პოლიტიკა და საბოლოოდ გაანადგურა აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუმცა ყოველ პრობლემას მაინც ამ განადგურებული აგენტების მზაკვრულ ქმედებებს აბრალებს. გასაკვირი არ არის – როცა მსჯელობას ისედაც არარსებულზე აფუძნებ, შენ წინაშე ქედის მოხრა ლოგიკასაც ევალება.
ეს უხარისხო მეზღაპრეობა კლასიკურ კონსპიროლოგიებზე ბევრად უფრო მყიფე იმიტომ არის, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური დაზღვევის ფუნქცია აკისრია. რეჟიმს ელვის სისწრაფით სჭირდება ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის გადაზღვევა და ნარატივის იმგვარი, წინმსწრები კორექტირება, რომელიც ყველა შესაძლო შედეგისთვის “მოამზადებს საზოგადოებას”.
აქ კი, მიუხედავად იმისა, რომ პოსტტოტალიტარული საზოგადოება შეთქმულების თეორიების მიმართ მართლაც სუსტია, ის არ არის მოწყვლადი ყველანაირი ბოდვის მიმართ, რომელიც თავში მოგივა.
2025 წელს რეჟიმმა ხალხის ჭკუას აკადრა ყველაფერი, მაგრამ ხალხმა ყველაფერი არ შეიკადრა.
როცა დრო მოვა, ის პასუხისმგებლობას “დიფ სტეითს” არ დააკისრებს.
ჩვენ ეს დრო უნდა დავაჩქაროთ.
ტაბულა








