რუსეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, უზრუნველყოს ნავთობტანკერ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჰუმანური მოპყრობა და მათი უფლებების დაცვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ჩრდილო ატლანტიკაში რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემზე აშშ-ის სამხედროები ავიდნენ. მოსკოვი აღნიშნავს, რომ ეკიპაჟში რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან და მოითხოვს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, ასევე მათთვის სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
პენტაგონის ცნობით, ნავთობტანკერი აშშ-ის სანქციების დარღვევის საფუძველზე დააკავეს. აშშ-ის იუსტიციისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტების განცხადებით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით, გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ გემზე ასვლა საერთაშორისო წყლებში მოხდა, რის შემდეგაც Marinera-სთან კავშირი დაიკარგა. უწყება ხაზს უსვამს, რომ გაეროს ზღვის სამართლის კონვენციის მიხედვით, ღია ზღვაზე მოქმედებს ნავიგაციის თავისუფლების პრინციპი და სხვა სახელმწიფოს რეგისტრირებული გემის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია.








