გურიის მოამბე

რუსეთმა 19 გენერალი დაკარგა უკრაინასთან ომში

ნებისმიერი ომი თავის საშინელებებთან ერთად მშრალი სტატისტიკაცაა, რომელიც ყველაფერს აღრიცხავს-აფეთქებულ ტანკებს, ჩამოგდებულ თვითმფრინავებს, ჩაძირულ ხომალდებს და საბრძოლო დანაკლისს პირად შემადგენლობაში…

და, ომის ამ სტატისტიკაში განსაკუთრებულად გამორჩეულ ადგილზე დგას… განადგურებული მოწინააღმდეგის გენერლები…

ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი თუ გენერალ-პოლკოვნიკი ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებებია, მათი რიცხვი შეზღუდულია, ისინი ძირითადად ფრონტიდან ღრმა ზურგში, დაცულ შტაბებში სხედან და სანგრებში არ დარბიან რიგითებთან ერთად, შესაბამისად ომის დროს გენერელბი იშვიათად თუ იღუპებიან, თუმცა…

თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომში, რომელსაც მალე ოთხი წელი „შეუსრულდება“, თურმე არანაკლებ 19 რუსი გენერალი დაღუპულა…

გამოცემა The Insider -ი, რომელიც დამოუკიდებელი გამოძიებებით გამოირჩევა, წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად ირკვევა- 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ანუ რუსეთის უკრაინაზე ღია სამხედრო აგრესიის დღიდან დაწყებული რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაეღუპათ მინიმუმ 19 გენერალი, თუმცა ყველა მათგანის გარდაცვალება რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

რუსი გენერლების ლიკვიდაცია მოხდა არა მარტო ფრონტის ხაზზე ან მისკენ მიმავალ გზებზე, არამედ ზურგში, შტაბებშიც უკრაინული წერტილოვანი სარაკეტო დარტყმების შედეგად და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უშაუალოდ რუსეთის ფედერაციის ქალაქებში უკრაინული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დივერსიების შედეგად.

რუსი გენერლების ლიკვიდაციის თაობაზე ამ ბლოგშიც სისტემატურად ვწერდით, თუმცა The Insider -მა თავი მოუყარა ყველა ასეთ შემთხვევას:

პირველი გენერალი, 41-ე საერთო საჯარისო არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი ომის დაწყებიდან მეოთხე დღესვე ჩერნიგოვის რაიონში „გაუგორებია“ უკრაინელ სნაიპერს.

150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევის ლიკვიდაციას მარიოპოლისთვის ბრძოლებში ამტკიცებს უკრაინული „აზოვის“ ბატალიონი.

მე-8 საერთო საჯარისო არმიის სარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი ვლადიმირ ფროლოვი 2022 წლის 10 მარტს მარიოპოლში ასევე უკრაინელ სნაიპერს მოუკლავს.

გენერალ-მაიორი ანდრეი სიმონოვი მეთაურობდა დასავლეთის სამხედრო ოლქის რადიოელექტრონული ბრძოლის ჯარებს და უკრაინულმა ჭურვმა მას 2022 წლის 30 აპრილს იზიუმთან,სამეთაურო პუნქტში „მიაგნო“.

2022 წლის 22 მაისს დაღუპული მფრინავის კანამატ ბოტაშევის ისტორია კი საერთოდ გამორჩეულია-თადარიგში მყოფი ეს 63 წლის გენერალ-მაიორი „ვაგნერის“ რიგებში ირიცხებოდა და Су-25 ტიპის მოირიშე თვითმფრინავით ბომბავდა უკრაინულ პოზიციებს, სანამ ის უკრაინელმა მეზენიტეებმა არ „დაამიწეს“.

რომან კუტუზოვი, ლიკვიდირებულ რუს გენერლებს შორის ყველაზე მაღალ სამხედრო წოდებას- გენერალ-ლეიტენანტისას ატარებდა და ის გახლდათ მე-8 საერთო საჯარისო არმიის შტაბის უფროსი და სარდლის პირველი მოადგილე, როდესაც 2022 წლის 5 ივნისს პოპასნისთან დაიღუპა.

2023 წლის 6 თებერვალს ლიკვიდირებული იქნა თადარიგის გენერალ-მაიორი დმიტრი ულიანოვი, თათრეთში მობილიზირებულებისგან დაკომპლექტებული პოლკის მეთაური.

35-ე საერთო საჯარისო არმიის შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი 2023 წლის 11 ივლისს დაიღუპა პრიმორსკისთან, მას შემდეგ რაც უკრაინული დიდი კონტრშეტევის დროს მისი არმიის შტაბის ადგილსამყოფელი ზუსტად დაიბომბა.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეგ ცოკოვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა ლიკვიდირებულ რუს გენერლებს შორის. ის იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის(ეს რუსეთის სწორედ ის სამხედრო ოლქია, რომლიდანაც მთელი უბედურება მოდიოდა ჩვენი საქართველოს წინააღმდეგ, როგორც აფხაზეთის, ისე აგვისტოს ომების დროს და ახლაც უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს, რადგან საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიბზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების სწორედ მას ექვემდებარება) სარდლის მოადგილე, როდესაც 2023 წლის 11 ივლისს ბერდიანსკში მდებარე 58-არმიის სათადარიგო სამეთაურო პუნქტს უკრაინელებმა ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით უზუსტესი დარტყმა მიაყენეს და ეს გენერალიც თან „წაიყოლეს“.

გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი, მე-14 საარმიო კორპუსის სარდლის მოადგილე, 2023 წლის 28 ნოემბერს ხერსონის ოლქში ნაღმზე აფეთქდა.

2023 წლის 12 დეკემბერს ბრძოლაში დაიღუპა იგორ ტრიფონოვი, თუმცა ის პოლიციის უკვე ყოფილი გენერალ-მაიორი იყო, რადგან გასამართლებული გახლდათ და ჩამორთმეული ჰქონდა წოდება და ალბათ ამიტომაც აღმოჩნდა წინა ხაზზე.

გადამდგარი გენერალ-მაიორი ანდრეი გოლოვაცკი, რომელიც ადრე რუსეთის შსს-ს შინაგანი ჯარების ჩრდილო კავკასიის რეგიონალური სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე იყო, 2024 წლის 30 ივნისს დაიღუპა.

საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი ილდარ საიდოვი მოკლული იქნა 2024 წლის 14 სექტემბერს „შტორმის“ მოიერიშე რაზმის რიგებში ბრძოლისას, სადაც ის მობილიზირებული იყო.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის 2024 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში ლიკვიდაციის შესახებ კი მთელმა მსოფლიომ გაიგო, როდესაც მას სადარბაზოს გამოსასვლელთან უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დანაღმული ელექტროველოსიპედი დაახვედრეს.

გენერალ-მაიორი კონსტანტინ სმეშკო 2024 წლის 26 დეკემბერს დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ უკრაინული „ჰაიმარსით“ განხორცილებული ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად.

2025 წლის 25 აპრილს უკრაინულმა სპეცსამსახურბემა კიდევე ერთი წარმატებული დივერსია განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე და ლიკვიდრება გაუკეთეს რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილეს გენერალ-ლეიტენანტ იაროსლავ მოსკალიკს, მას ვინც გეგმავდა საბრძოლო ოპერაციებს ამ ომში.

2025 წლის 2 ივლისს რუსეთის კურსკის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის მოადგილე გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი, რომელიც კურირებდა რუსეთის საზღვაო ქვეითთა შენაერთებს.

2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში დანაღმულ მანქანაში ააფეთქეს რუსეთის გენშტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი,გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი,რომელსაც ევალებოდა ფრონტზე იმის შემოწმება,თუ როგორ ხდებოდა გენერალური შტაბიდან გაგზავნილი დირექტივების შესრულება.

ამდენი რუსი გენერლის ლიკვიდაცია პატარა საქმე არ არის და მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ რუსულ არმიას გენერლების მთელი „პოლკი“ ჰყავს, ეს მაინც მნიშვნელოვანი დანაკლისია აგრესორი ქვეყნისთვის.

გენერლები, ამ ომში უკრაინასაც უნდა ჰყავდეს დაკარგული, თუმცა მათი რიცხვი ნაკლებია ლიკვიდირებულ რუს გენერლებთან შედარებით.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights