ირანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 65-მდე გაიზარდა. დაკავებულია 2300-ზე მეტი მოქალაქე. ინფორმაციას CNN აშშ-ში დაფუძნებულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანტისამთავრობო დემონსტრაციები 28 დეკემბერს დაიწყო და ირანის 31 პროვინციის სულ მცირე 100 ქალაქში გავრცელდა.
8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა მთლიანად შეუზღუდა.
9 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ახალი გაფრთხილება გაუგზავნა ქვეყანაში გავრცელებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და არ დაუშვებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.








