ლუიჯი ვილარი – გურულები და ტოლსტოი
.
გურია, რომლის დედაქალაქიც ოზურგეთია, ქუთაისის მმართველობის ის რაიონია, სადაც ქართული ხასიათის თავისებურებები ყველაზე ინტენსიურად ვლინდება. გურულები ყველაზე უფრო მეტად მამაცნი, ბრძოლისუნარიანნი, რაინდნი, სიმპათიურნი, სტუმართმოყვარენი და განათლებულნი არიან. თუმცა ისინივე ქართველთა შორის ყველაზე არაპრაქტიკულები გახლავან.
.
გურიაში ყველა სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, მათ შორის სამთავრობის საფოსტო სადგურებიდან ყველაზე დაშორებულებიც კი თავადვე უზრუნველყოფენ საკუთარი სოფლის საფოსტო მომსახურებას, იმ მიზნით, რომ დროულად მიიღონ ყოველდღიური გაზეთები ტფილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან.
.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი პრაქტიკაში ახორციელებდნენ სოციალ-დემოკრატიის თეორიებს, ეწინააღმდეგებიან რუსეთის მთავრობას და უარს ამბობდნენ საკუთარი ხელისუფლების გარდა ნებისმიერი სხვა ძალაუფლების აღიარებაზე.
.
ექსპერიმენტი დიდწილად შეესაბამება ტოლსტოის მმართველობის თეორიებს და გასულ გაზაფხულზე დიდმა რომანისტმა თავის მეგობარს ამ საკითხზე შემდეგი მისწერა:
.
„გურიაში მიმდინარე პროცესები უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ გურულებს ჩემი არსებობის შესახებ არც კი სმენიათ, მაინც დიდი სურვილი მაქვს, გავუზიარო მათ ის იდეები და განცდები, რომლებიც მათ ჩემში თავიანთი დიდებული მოძრაობით გააღვიძეს. უთხარით მათ: „არის ერთი მოხუცი კაცი, რომელიც ოცი წელია განუწყვეტლივ იმეორებს, რომ კაცობრიობის ყველა ბოროტება გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სხვისი დახმარებით თავიანთი ცხოვრების მოწყობას და როდესაც ხედავენ, რომ ხელისუფლება არ ეხმარება მათ და ვერ უზრუნველყოფს მართლწესრიგს, ისინი იწყებენ ხელისუფლების დაგმობას, უყენებენ ბრალდებებს და ჯანყდებიან“. აუციელებელია ზუსტად ისე გაკეთდეს ყველაფერი, რასაც გურულები აკეთებენ, კერძოდ, ცხოვრების ორგანიზება ისე უნდა მოხდეს, რომ არანაირი ხელისუფლება არ იყოს საჭირო…
.
„თუ შესაძლებელია უთხარით მათ, რამდენად დიდი იყო ამ მოხუცის სიხარული, როდესაც მან შეიტყო, რომ ის, რასაც იგი მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდა და წერდა, იმას რასაც ბრძენნი და ისინი, ვინც თავს ბრძენებად თვლიან ვერ ხვდებიან და არ აღიარებენ, არის ის, რაც ათასობით ადამიანმა გაიგო, და არა მხოლოდ გაიგო, არამედ განახორციელა საკუთარი ინიციატივით, საკუთარი ცნობიერებითა და საკუთარი სინდისის მიხედვით, და რომ ისინი ამ საქმეს ისე კარგად და ისეთი სიმტკიცით ასრულებენ, რომ მათი მეზობლებიც უერთდებიან.
.
უთხარით მათ, რომ არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი სხვაც ხარობს მათი საქმით და მზად ვართ დავეხმაროთ მათ, თუ ეს შესაძლებელი და აუცილებელია. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დიდი მიზნის მიღწევის შემდეგ ისინი მაგალითს მისცემენ მთელ მსოფლიოს, არ მიატოვებენ დაწყებულ საქმეს და გააგრძლებენ სვლას იმავე გზით.“
.
თუმცა, თავად გურულები უარყოფენ ტოლსტოის წინააღმდეგობის გაუწევლობის თეორიას და აცხადებენ, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის, როგორც ეს ახლახანს მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით სცადა მათი მოძრაობის ჩახშობა.
.
ფრაგმენტი ლუიჯი ვილარის “გურიის რესპუბლიკიდან” (Luigi Villari – THE GURIAN “REPUBLIC” (fire and sword in the caucasus)
ფოტოზე – იტალიელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და დიპლომატი ლუიჯი ვილარი (Luigi Villari 1876-1959)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








