ახალი, 2026 წელი რუსული პროპაგანდის რუპორებმა კრემლის ნეოიმპერიული, აგრესიული პრეტენზიების გაჟღერებით დაიწყეს, კერძოდ კი — კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტის წართმევის მუქარით. ზოგიერთი ეს შეაშინა, ზოგი კი, ვინც რუსეთის პოლიტიკურ ტრადიციებში ნაკლებადაა ჩახედული, გააოცა. თუმცა, თუ ისტორიაში ჩავიხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მოსკოვის მსგავსი ნარატივები მისი “modus operandi”, ანუ მოქმედების ტიპური წესია. რუსული იმპერიალიზმის ისტორიული ტრადიცია ახალი რაკურსითაა შესწავლილი და ახლახან გასაჯაროებული უკრაინელი ავტორის, Kuzari-ს წიგნში.
მომდევნო დღეს, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა თქვა:
„შეუძლებელია შევეგუოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთის არსებობას… ისინი ან ჩვენს ბანაკში იქნებიან, ან დასავლეთის თუ ჩინეთის პლაცდარმად იქცევიან“. მან დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში „გამოსავალი საერთოდ არ არსებობს, გარდა იმისა, რომ რუსეთი იმპერიად გამოცხადდეს და საერთაშორისო სამართალი უკუგდებულ იქნას“.
საჯარო დისკურსში აღნიშნული პერსონაჟები რეგულარულად ხასიათდებიან როგორც კრემლთან აფილირებული პირები. სოლოვიოვი სისტემატურად მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებებში, ხოლო 2025 წლის იანვარში პუტინმა მას პირადად მიანიჭა რუსეთის დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. დუგინი კი უფრო რთული და გავლენიანი ფიგურაა. დასავლური მედია მას ტრადიციულად „პუტინის ტვინს“ უწოდებს. მიჩნეულია, რომ დუგინის იდეებმა გავლენა მოახდინა პუტინზე იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რამაც გამოიწვია ყირიმის ანექსია 2014 წელს და სრულმასშტაბიანი ომის დაწყება უკრაინაში 2022 წელს.
ამ ორი ფიგურის ოფიციალურ მოსკოვთან უდავო კავშირების გათვალისწინებით, მათი გამონათქვამები არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირადი აზრი — ეს სახელმწიფო პოზიციის გამოხატულებაა, რაც გასაკვირი არც არის. იმპერიული ლოგიკა, რომელიც ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, კვლავ რჩება რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრუქტურულ საფუძვლად. ის კვლავ განიხილავს დსთ-ს ქვეყნებს საკუთარი გავლენის სფეროს ნაწილად და მათ სუვერენიტეტს აბუჩად იგდებს.
ეს ტენდენციები დეტალურად არის განხილული უკრაინელი ავტორის Kuzari-ს ხსენებულ წიგნში, რომელსაც ჰქვია „გამქრალი ცივილიზაცია — შეუმჩნეველი კატასტროფა“. მასში ავტორი დეტალურად აჩვენებს, თუ როგორ აყალიბებს მოსკოვის ხელისუფლება XIV საუკუნიდან იმპერიალისტურ მოდელს: მოსკოვის უპირატესობის რელიგიური ლეგიტიმაცია მის ძალაუფლებას საკრალურს ხდის და ტერიტორიულ ექსპანსიას ამართლებს.
მოსკოვი მუსლიმურ აღმოსავლეთზე ექსპანსიას ხსნიდა როგორც „რწმენის დაცვის“ და „მართლმადიდებლური სამყაროს“ გაფართოების აუცილებლობას, რითაც თავს „ურწმუნოებს“ უპირისპირებდა. რუსი პროპაგანდისტების გულახდილმა გამონათქვამებმა 2026 წლის იანვარში აჩვენა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ისევ ძველებურად ეფუძნება იმპერიულ ამბიციებს.
წიგნში აღნიშნულია:
„ანტითეზა ‘მართლმორწმუნე ქრისტიანები’ მოსკოვის მეთაურობით vs ‘ბილწ ბუსურმანთა თათრული მიწა’, პერსპექტივაში უზრუნველყოფდა ექსპანსიის ლეგიტიმურობას მკვიდრ თურქულ-მუსლიმურ მიწებზე. ვინაიდან ჩინგიზ-ყაენის დროიდან ყველა თურქს (ოსმალების გარდა) თათრებს უწოდებდნენ, ‘მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის’ პოტენციური ექსპანსიის მასშტაბები უაღრესად ფართო იყო და მოიცავდა ვოლგისპირეთს, ციმბირს, ცენტრალურ აზიასა და კავკასიას“.
გეოპოლიტიკურ განზომილებაში წიგნში ახლებურადაა გახსნილი მრავალი ისტორიული მოვლენა და პროცესი, რომლებმაც განსაზღვრეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის თანამედროვე ეთნიკური და პოლიტიკური რუკა. ათასობით წყაროზე დაყრდნობით, როგორც პაზლებიდან, იკვრება იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ვრცელი პანორამა, რომლებმაც განსაზღვრეს ძალთა დღევანდელი განლაგება სამხრეთ კავკასიაში. ეს განსაკუთრებით ეხება სომხურ-თურქული კონფრონტაციის პირველმიზეზებსა და ნაკლებად შესამჩნევ კატალიზატორებს, აქცენტით მის გამოვლინებებზე დღევანდელი სომხეთის საზღვრებში. მიღებული სურათი საგრძნობლად განსხვავდება ისტორიის ოფიციალური ინტერპრეტაციისგან როგორც თავად ამ რეგიონის ქვეყნებში, ისე რუსეთში.
წიგნის მთავარი უნიკალურობა მაინც ლოკალურ განზომილებაშია. ეს არის მცდელობა, მოთხრობილ იქნას კავკასიელი თურქების ერთ-ერთი სუბეთნოსის არსებობის დასკვნითი ეტაპების მთლიანი ისტორია, აზერბაიჯანული და თურქული წყაროების გამოყენების გარეშე. ერევნის ოლქისა და ზანგეზურის თურქული ცივილიზაციის წარსული აღდგენილია უპირატესად სომხური, ფრანგული და რუსული მასალებით, ასევე თავად ერევნელი და ზანგეზურელი თურქების „ცოცხალი ხმებით“.
წიგნში წარმოდგენილი ახალი, უფრო კომპლექსური რაკურსი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სომხურ-აზერბაიჯანული და სომხურ-თურქული ნორმალიზაციის პერსპექტივების, უკრაინაში ომისა და რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების გამწვავების ფონზე, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
იგორ ჩალენკო
უკრაინელი პოლიტოლოგი, ანალიზისა და სტრატეგიების ცენტრის თავმჯდომარე (კიევი)








