ვიზიარებ შეშფოთებას საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვას, რომელიც საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში რუსეთისგან მომდინარე აგრესიას და საფრთხეს შეეხებოდა. კონგრესმა 2023 წლის საბიუჯეტო კანონპროექტი და ამ კანონპროექტში საგარეო დახმარების მოცულობა განიხილა.
საუბარი შეეხო უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასევე შეეხო რუსეთის აგრესია.
“მე ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ბევრმა ჩვენგანმა გამოთქვა შეშფოთება მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში. ეს ქვეყნები დაახლოებით იმავე პოზიციაზე არიან, როგორშიც უკრაინა და მე ამაში ვგულისხმობ, რომ არც საქართველო და არც მოლდოვა არ არიან არც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ეს ქვეყნები იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს და რა საფრთხეებს ხედავთ მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის თვალსაზრისით?” – იკითხა სენატორმა.
მან საქართველოში შეხვედრები წინა კვირას ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან ცალ-ცალკე გამართა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ აკვირდებიან ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.
“”საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ ისინი მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობაში ვართ. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების, ეკონომიკური სტაბილიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველოსთან მიმართებაში ასევე არის საკითხები და თუ დრო მექნება, მე მზად ვარ ამაზეც გესაუბროთ. აზრი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ მართალია. ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან”, – თქვა ბლინკენმა.