მთაწმინდის ფერდზე, სადაც 31 წლის შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მასწავლებლად მუშაობდა პოლიციამ 30-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
უცნობია რა გზით მოხვდა ახალგაზრდა ქალი მთაწმინდის მარცხენა ფერდზე, სადაც რაიმე ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა და ბილიკი საკმაოდ რთულად გასავლელია. ტერიტორიაზე ერთი შესასვლელი ეშმაკის ბორბლის მხრიდანაა, მეორე გზა კი ქალაქის, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან ასასვლელია.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმე გახმაურდა სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანის პოსტი გავრცელდა, სადაც ისინი ყვებიან იგივე ტერიტორიაზე როგორ დაესხათ თავს კონკრეტული კაცი.
მსხვერპლები ყვებიან, რომ კაცი “სლავრური” გარეგნობისაა.
“ამ ადგილას ორჯერ დამესხნენ თავს, ერთხელ ვიყავი ბავშვთან ერთად, მეორედ მეგობართან. ორივეჯერ დავწერე განცხადება და ახლა ამ ამბის გამო მომხდარი კიდევ ერთხელ გამახსენდა. ეს ადამიანი აშკარად ფსიქოპატია, დაგვიშინა ქვები, ფაქტობრივად სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით.
ახალგაზრდა კაცი იყო, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, არცისე მაღალი, სპორტული აღნაგობა ჰქონდა, თავისუფლად საუბრობდა რუსულად, დაახლოებით 60 კგ-ზე მეტი იქნებოდა”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
მისი თქმით, კაცს ღია ფერის კანი და თმა აქვს, ის რეგულარუად ვარჯიშობს მთაწმინდაზე, დადის სპორტული ტანსაცმლით და განსაკუთრებით ქალებს და ძაღლებს ერჩის.
“მთავართან” საუბრისას ალექსანდრე კვახაძე ყვება, რომ მის მეგობარ, ისრაელის მოქალაქე ქალს იმავე ადგილას მთაწმინდაზე თავს დაესხნენ.
“2020 წლის მაისის თვეში, ჩემ მეგობარ ისრაელის მოქალაქე ქალბატონს ზუსტად იმავე ადგილას, დღისით და მზისით თავს დაესხა მამაკაცი, ის უბრალოდ სასტიკად სცემდა, როგორც თვითონ ამბობს მოსაკლავად სცემდა, მაგრამ ვინაიდან ფიზიკურად ძლიერი და ნავარჯიშები იყო შეძლო მისგან თავის დაღწევა, მიიღო გარკვეული მოტეხილობები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ აცნობა პოლიციას თუმცა პოლიციამ მისი თქმით, ვერ მოახერხა მოძალადის დაკავება”, – ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, პოტენციური მოძალადის ფოტოები ზოგიერთ ჯგუფშიცაა გავრცელებული, თუმცა რატომ ვერ შეძლო პოლიციამ მისი დაკავება უცნობია.