სასამართლომ ჩოხატაურის მოქმედი ვიცე-მერის, ბიძინა [ბუკა] ცინცაძის მამას, გია ცინცაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ცნობისთვის, მანამდე, ბუკა ცინცაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის გოგა ჯინჭარაძის ცემაში მონაწილე პირი, სწორედ ცინცაძეების სახლში იმალებოდა.
რაც შეეხება ცემისთვის ძებნილ პირს, ის სანდო წყაროს ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, კახა ჩხიკვაძის შვილი ლუკა ჩხიკვაძეა, რომელიც საბოლოოდ “ოცნების” მაღალჩინოსნის სახლში არ აღმოჩნდა, თუმცა პოლიციამ იპოვა იარაღები, რომლის ფლობის ფაქტზეც გია ცინცაძე დააკავეს.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
პოლიციამ თავდაპირველად ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავა.
მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ტვ პირველი








