“ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ არ შეჰხვედრია “კონკრეტული განცხადებები” იმასთან დაკავშირებით, თუ რა უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას.
მისი მტკიცებით, ამ საკითხთან დაკავშირებული “კამპანია” სიყალბეზეა აგებული და დაამატა, რომ აღნიშნული ნაბიჯის “დადებითი მხარე არის უამრავი.”
“თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ იმას, რომ, მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ეს კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპინენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად 2 უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, – ამტკიცებს კობახიძე.
29 იანვარს, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ოცნების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც უნივერსიტეტების სტუდენტების, ასევე ზოგირთი ლექტორისა და უნივესიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდანაც.








