,,ივანიშვილის ავტორიტარულ ხელისუფლებას ავტონომიური სივრცეების ეშინია” – ამის შესახებ სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტები “ქართული ოცნების” პირობებშიც ინარჩუნებდა ავტონომიურობას და დამოუკიდებლობას და სწორედ ეს ვერ მოითმინა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.
იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, რომ “ოცნების” მიერ დაანონსებული “განათლების რეფორმის” მიზანია დაამყაროს ტოტალური კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე.
,,აკადემიური სივრცე თანამედროვე საქართველოში იყო ლამის ერთადერთი სივრცე იმიტომ, რომ სხვა სივრცეები მნიშვნელოვნად ან გაანადგურეს, ან შეავიწროვეს, ან დააწიოკეს და ა.შ., იყო ერთადერთი სივრცე, რომელიც საკუთარი დღის წესრიგით ცხოვრობდა, საკუთარ პრიორიტეტებს თავად განსაზღვრავდა და ივანიშვილის ავტორიტარულ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ასეთი ავტონომიური სივრცეების, ისეთი სივრცეების, რომელსაც თვითონ ვერ მართავს, რომელსაც თვითონ ვერ აკონტროლებს.
უნივერსიტეტები არ არიან მხოლოდ რექტორები, უნივერსიტეტები ასევე არიან პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ა.შ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპის უზენაესობიდან გამომდინარე ეს სფერო მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა ავტონომიურობას, დამოუკიდებლობას და იმას, რომ მას ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების ვერტიკალში ერთი ჯაჭვის ერთი რგოლი არ ეკავა. ეს მოითმინა ივანიშვილმა, ვერ მოითმინა ამ ხელისუფლებამ.
ამ რეფორმის კიდევ ერთი კონცენტრაცია არის ის, რომ მან დაამყაროს ტოტალური კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე,” – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.








