სახელმწიფო აუდიტი ოზურგეთის მერიის ა(ა)იპებში სისტემურ ხარვეზებზე საუბრობს, კერძოდ:
“მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება;”
ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – ამჯერად გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შეფასებას აუდიტის მიერ ვრცლად;
შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 30%-ს სუბსიდია შეადგენდა. „სუბსიდიის“ მუხლით დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 20 სუბიექტი, რომელთა ხარჯმა 39,539.8 ათასი ლარი შეადგინა.53 მუნიციპალურ იურიდიულ პირებში 2022 წელს დასაქმებული იყო 1,891, 2023 წელს – 1,875, ხოლო 2024 წლის 6 თვეში – 1,762 პირი.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა სხვადასხვა ხარვეზი, კერძოდ:
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის სუბსიდიამ შესამოწმებელ პერიოდში 3,766.9 ათასი ლარი შეადგინა. ა(ა)იპ-ში 2022 წელს დასაქმებული იყო სულ − 196, 2023 წელს – 187, ხოლო 2024 წლის 6 თვეში – 165 პირი. მათ შორის სპორტული სექციების54 მონიტორინგისა და აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე 2022 წელს დასაქმებული იყო − 74, 2023 წელს − 42, ხოლო 2024 წლის 6 თვეში − 42 სპეციალისტი, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე სულ შესამოწმებელ პერიოდში დაიხარჯა 725.3 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, აღნიშნული სპეციალისტების ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა არ დასტურდება;
ა(ა)იპ − რაგბის განვითარების კავშირის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 22 მოსამსახურე. აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციის სამუშაო სივრცე. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციის 22 მოსამსახურე სარგებლობს 1 მცირე ფართის სარემონტო ოთახით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი პირი სამსახურში ვერ ცხადდება. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სახის საქმიანობას ეწევიან ადმინისტრაციაში დასაქმებულები, როდესაც სათანადო სამუშაო პირობები არ არის შექმნილი;
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი, რომლის სუბსიდიამ შესამოწმებელ პერიოდში 350.9 ათასი ლარი შეადგინა. წესდების თანხმად, ა(ა)იპ-ის ფუნქციებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადება; მიწათსარგებლობის GIS – მონაცემთა ბანკის შექმნა. ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის განაშენიანების ან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ვერ წარმოადგინა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ა(ა)იპ-ის ძირითადი საქმიანობაა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიწების საკადასტრო ნახაზების მომზადება და მათი რეგისტრაცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რატომ არის საჭირო ორგანიზაციის არსებობა ცალკე ა(ა)იპ-ად, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი პროფილის იურიდიული პირი არ არსებობს, ხოლო მოცემულ მომსახურებას მუნიციპალიტეტები საჭიროების შემთხვევაში იღებენ სახელმწიფო შესყიდვის გზით.
დასკვნა
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა ხორციელდებოდა ხარვეზებით და არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის დასაქმებულთა ყოველდღიური ფუნქციური დატვირთვა ვერ დასტურდება; ზოგიერთი ა(ა)იპისათვის არ არის შექმნილი სათანადო სამუშაო პირობები; მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროებით არის განპირობებული ზოგიერთი ა(ა)იპ-ის არსებობა. აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ. გარდა ზემოთ აღნიშნული მაგალითებისა, შესაძლოა არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზების შესახებ.








