“ლანჩხუთს ხელისუფლება ყავს?“ – კითხვაზე კითხვით გვპასუხობენ ბათუმის თეატრში

უკვე რამდენიმე წელია ლანჩხუთის ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან ა(ა) იპ- ს — „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას“, სადაც უამრავი მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი შედის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დავით წერეთელი ხელმძღვანელობს.

ამავე დაწესებულებაში, ერთერთი მაღალი თანამდებობის პირია ასევე მისი თანამშრომელი აღნიშნული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე, რომელიც ამ დაწესებულებაში სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.

ბატონო ოთარ, ვრცელდება ხმები, რომ ბათუმის თეატრი, ვინაიდან თქვენი თანამშრომლები ხელმძღვანელობენ ლანჩხუთი კულტურულ დაწესებულებებს, ხშირად ეხმარებით მათ?

ამ შეკითხვით დაიწყო ჩვენი და ბატონი ოთარ კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის საუბარი, მის კაბინეტში, რამდენიმე დღის წინ:

„რას ამბობთ, ჩვენი თეატრიდან ლანჩხუთში არაფერი არ წასულა, ერთი სკამის ფეხიც კი, ერთხელ დეკორაციები ვათხოვეთ და შარშან ისიც უკან დავიბრუნეთ“ – ამბობს დირექტორი.

როგორც დავით წერეთელი, ასევე ოთარ ქათამაძე უკვე რამდენიმე კვირაა ბათუმის სახელმწიფო თეატრში რეპეტიციებს ერთობლივად გადიან.

აჭარის დედაქალაქში რეჟისორი ანდრო ენუქიძე, გიორგი ქათამაძესთან ერთად სპექტაკლს „ჟაკი და მისი ბატონი“ დგამს.

დავით წერეთელი – ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, სპექტაკლში „ახალგაზრდა ოტრაპას“ როლს თამაშობს, ამავე ა(ა)იპის მეორე მაღალჩინოსანი ოთარ ქათამაძე კი  „ჟაკის“ როლს განასახიერებს.

ჩვენ რა თქმა უნდა ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა არც ცნობილი ჩეხის, „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ კომუნისტებისაგან  საფრანგეთში გაქცეული მწერლის, მილან კუნდერას შემოქმედებაზე ვაპირებთ საუბარს.

საქმე იმაშია, რომ ლანჩხუთის თეატრისა და აიპისაგან განსხვავებით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სულ სხვა წესებია, რომელ წესებსაც ორთავე მსახიობი ზედმიწევნით იცავს, რასაც ვერ ვიტყვით ლანჩხუთის „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაზე“.

„ნებისმიერ დღეს, აბსოლიტურად ყველა თანამშრომელი, ყოველი დილის ათის ნახევარზე ხელს აწერს ჟურნალს, სამსახურში გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხოლო საღამოს 8 საათზე ასევე თავის ხელმოწერას აფიქსირებს რომ ის მიდის, არ ყოფილა არცერთი დღე, დავით წერეთელს, ან ოთარ ქათამაძეს სამსახური გაეცდინოს“ – გვეუბნება ბათუმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ოთარ კალანდაძე.

ბატონი ოთარი ასევე აკონკრეტებს, რომ ეს სიახლე ძალაში, სამინისტროს მკაცრი მითითების შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევიდა:

„მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ლანჩხუთის მერიამ გაარკვიოს, ეს ბიჭები ყოველდღე, ვიმეორებ მთელი დღე სამსახურში არიან და არ ყოფილა სამსახურის მათი მხრიდან გაცდენის შემთხვევა“ – გვიმტკიცებს ბატონი ოთარ კალანდაძე და იქვე გვეპატიჟება იმ დღისთვის დაგეგმილი სპექტაკლის „ჟაკისა და მისი ბატონის“ რეპეტიციაზე, რომელშიც ორთავე ლანჩხუთელი „მაღალჩინოსანია“ დაკავებული.

ბათუმის თეატრის დირექტორი გვიხსნის, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მსახიობებზე სოლიდური ჯარიმები ამოქმედდება, რაც მათ ხელფაზებზე აისახება.

ბათუმის თეატრში გაგვაცნეს ხელშეკრულებები დავით წერეთელისა და ოთარ ქათამაძის საშტატო თანამშრომლად დანიშვნის შესახებ, ასევე ბრძანება მთი სპექტაკლში აყვანასთან და როლის მიცემსთან დაკავშირებით, ასევე მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თეატრში თანამსრომლების გამოცხადებასთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი რეგულაციების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, და ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია რაც ადასტურებს, რომ ლანჩხუთის „კულტურულ გაერთიანებათა დაწესებულების“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ერთდროულად ორ სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ლანჩხუთსა და ბათუმში, რაც მკაცრად იკრძალება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და მეტიც, ასეთი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მსგავს სიტუაციაში როგორც ლანჩხუთის მერია ასევე ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვალდებულია ეს ადამიანები სამსახურიდან დაითხოვონ.

რადგან ორთავე შემთხვევაში ისინი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თანაც სოლიდურად და ხელშეკრულებაში ხელმოწერილი პირობებიდან გამომდინარე ერთი სამსახურის საქმიანობს პარალელურად  მეორე სამსხურის საქმიანობა ერთდროულად ერთმანეთს გამორიცხავს.

ვემშვიდობებით ბატონ ოთარს, რომელმაც საკუთარ კაბინეტში მართლაც გულთბილად მიგვიღო, ვერ ვიტყვით რომ მასზე ჩვენ არასერიოზული ხალხის შთაბეჭდილება დავტოვეთ, თუმცა მისი დამოკიდებულებიდან ნათლად ჩანდა,  მას დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ მისი მსახიობები ნამდვილად ხელმძღვანელობდნენ ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას, თან ჩვენიც ერიდებოდა, მაგრამ ვგონებთ ჩვენზე მეტად გაკვირვებული დავტოვეთ ამ ფაქტით.

განსაკუთრებით მაშინ, როცა როგორც ბათუმში, ასევე ლანჩხუთში ორთავე პიროვნება სრულ განაკვეთზე საშტატო თანამშრომლები არიან, ბატონი წერეთელი მაგალითად თეატრში 2007 წლიდან, ხელშეკრულებითაა აყვანილი და 2010 წლიდან (სამი წლის შემდეგ), როგორც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ამ დაწესებულების საშტატო თანამშრომელია დღემდე.

მართლაც საინტერესოა როგორ ახერხებენ ეს ვაჟბატონები ერთდროულად ორ ადგილზე ბათუმშიც და ლანჩხუთშიც ყოფნას და სრულ განაკვეთზე მუშაობას.

ამის გადასამოწმებლად ჩვენ ლანჩხუთის  ა(ა) იპ- ს „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ამავდროულად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს,  ოთარ ქათამაძეს დავუკავშირდით.

თავიდანვე გეტყვით რომ ჩვენ თავდაპირველად ლანჩხუთის  ა(ა) იპ- ს „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორთან, ამავდროულად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობთან, დავით წერეთელთან გვინდოდა გასაუბრება, მაგრამ ბატონი წერეთელი მიიჩნევს, რომ დროის ხარჯვა „გურიის მოამბის“ შეკითხვების პასუხებზე არ ღირს, რადგან ჩვენი სტატიები მხოლოდ გაზეთის ტირაჟის გაზრდას ემსახურება, დავით წერეთელი კი საკუთარ თავს, ლანჩხუთში, სუპერ პოპულარულად მიიჩნევს და აცხადებს რომ, რედაქციის ტირაჟის გაზრდისათვის მისი გაზეთის ფურცლებზე ხსენება საკმარისი პირობაა.

„გურიის მოამბე“ – ბატონო ოთარ გამარჯობათ, „გურიის მოამბედან“ გაწუხებთ.

ოთარ ქათამაძე – დიახ გისმენთ.

„გურიის მოამბე“ – ბატონო ოთარ გვაინტერესებს, თქვენ ხართ ბათუმის თეატრის თანამშრომელი, პარალელურად სამხატვრო ხელმძღვანელი ლნჩხუთში, როგორ ახერხებთ ერთდროულად ამას?

ოთარ ქათამაძე – თქვენ თეატრის მუშაობის, ან კულტურული დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაცნობილი ხართ?

„გურიის მოამბე“ – თქვენს დირექტორს, ბათონ ოთარ კალანდაძეს ვესაუბრე და მან გამაცნო.

ოთარ ქათამაძე – ჩვენ ვართ შეთანხმებული რეჟისორთან, და ამ მხრივ პრობლემა არაა.

„გურიის მოამბე“ – ჩვენ თეატრის დირექტორმა, ოთარ კალანდაძემ გვითხრა, რომ თეატრმა სამინისტროდან მიმდინარე წლის თებერვლის მეორე ნახევარში მიიღო მკაცრი დირექტივა, რომლის მიხედვითაც ყველა თანამშრომელი ვალდებულია ყოველ სამუშაო დღეს გამოცხადდეს სამსახურში და მისი მოსვლაც და წასვლაც ხე,მოწერით დაადასტუროს სპეციალურ ჟურნალში, ეს სავალდებულოა.

ოთარ ქათამაძე – არ არის ეს მასე, მე სამსახურში მივდივარ მაშინ, როცა როლში ვარ აყვანილი, სხვა დროს მე შემიძლი არ მივიდე.

„გურიის მოამბე“ – როგორ? დირექტორი იტყუება? თქვენ არ გაცნობიხართ ახალ რეგულაციებს?

ოთარ ქათამაძე – გავეცნობოდი, უბრალოდ მე მინდა გითხრათ რომ თეატრი იმით გამოირჩევა სხვა დაწესებულებებიდან რომ მას აქვს განსხვავებული შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც…

„გურიის მოამბე“ – ბოდიშს გიხდით ბატონო ოთარ გაწყვეტინებთ, ეს შინაგანაწესი ბათუმის თეატრში მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, უკვე ორი კვირა ახალი რეგულცია შევიდა ძალაში.

ოთარ ქათამაძე – გასაგებია ბატონო მაგრამ თეატრს სხვა სპეციფიკა აქვს

„გურიის მოამბე“ – გავეცანი ამ სპეციფიკას თქვენს დირექტორთან ერთად, დიდი ხანი ვისაუბრეთ, რომ მიპასუხოთ შეკითხვაზე თუ შეიძლება.

ოთარ ქათამაძე – როდესაც ღონისძიებები იმართება ლანჩხუთში, იქნება ეს პერიოდი რაც მოსამზადებელი სამუშაოებისათვის იქნება საჭირო თუ თავად ღონისძიებისათვის, მე ყოველთვის ვიმყოფები ლანჩხუთში. ა(ა) იპის შემთხვევაში მე ვექვემდებარები მხოლოდ დირექტორს.

„გურიის მოამბე“ – თუ შეიძლება რომ გვითხრათ რამდენია თქვენი სახელფასო სარგო, ალბათ უნდა გიღირდეთ სიარული ბათუმიდან ლანჩხუთში.

ოთარ ქათამაძე – ვერა, ვერ გეტყვით.

„გურიის მოამბე“ – კარგით რა პრობლემაა, კვირაში რამდენი დღე დადიხართ ლანჩხუთში?

ოთარ ქათამაძე – ასე ვერ გეტყვით, ყოფილა შემთხვევა თვე ნახევარი ვყოფილვარ, ხან ერთი თვე, საქმე როგორც მოითხოვს.

„გურიის მოამბე“ – აი მაგალითად პირველი მარტის შემდეგ რამდენჯერ იყავით ლანჩხუთში?

ოთარ ქათამაძე – როცა ჩემი ჩართულობაა საჭირო მივდივარ, როცა ამის საჭიროება არ არის რატომ მივიდე, მას წყვეტს დირექტორი, გამომიძახებს დირექტორი მივალ, არ გამომიძახებს არ მივალ.

„გურიის მოამბე“ – თქვენ სრულ განაკვეთზე, შტატში ხომ ხართ?

ოთარ ქათამაძე – რა თქმა უნდა სრულ განაკვეთზე ვარ.

„გურიის მოამბე“ – და სამსახურში არ უნდა იაროთ?

ოთარ ქათამაძე – აი ხომ გეუბნებით, თქვენ თუ არ გაეცანით სახელოვნებო დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას, ისე არაფერი გამოვა.

„გურიის მოამბე“ – და გამოდის თქვენმა დირექტორმა მომატყუა? არანაირი ახალი რეგულაციები თქვენთან არაა?

ოთარ ქათამაძე – მთელ საქართველოში ასეა თუ მსახიობი არ არის დაკავებული მაშინ თეატრში არ დადის, გამონაკლისი არც ბათუმია. რაც არ უნდა კანონი შეიცვალოს თუ საქმე არ მაქვს, არ ვარ ვალდებული ტყუილა ჯდომისთვის თეატრში ვიარო.

„გურიის მოამბე“ – კარგით მაშინ ასე გკითხავთ დაკავებული რომ ხართ? როდის არის პრემიერა თქვენი სპექტაკლის? როგორ დადიხართ.

ოთარ ქათამაძე – ვიცი საითაც მიგყავთ შეკითხვა, აპრილის ბოლოს.

„გურიის მოამბე“ – აპრილის ბოლომდე ანუ ლანჩხუთში ვერ ჩამოხვალთ?

ოთარ ქათამაძე – ამას დირექტორი წყვეტს. სხვათაშორის ამ კვირაში ჩამოვდივარ. ღონისძიება მაქვს.

„გურიის მოამბე“ – სასიამოვნოა, მინდა რომ დაგესწროთ, კონკრეტულად როდის?

ოთარ ქათამაძე – აი კონკრეტულად ჯერ არ ვიცი, ვერ გეტყვით.

„გურიის მოამბე“ – კარგით, რაზე მუშაობთ ახლა ლანჩხუთში, რა ღონისძიებებს გეგმავთ?

ოთარ ქათამაძე – ახლა უნდა აღვადგინოთ სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“, სამწუხაროდ მისი აღდგენა პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ. ვიწყებთ დიდ პროექტს, ქართულ უკრაინული, სადაც ლანჩხუთელი მსახიობები და ქალაქ ლუცკის მსახიობები ერთობლივად მონაწილეობენ, ლანჩხუთში ჩამოვლენ უკრაინელი მსახიობები…

„გურიის მოამბე“ – ბოდიშს გიხდით, ეს დამტკიცებულია? სპონსორები გყავთ? ვინ აფინანსებს ქართულ უკრაინულ პროექტს?

ოთარ ქათამაძე –  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„გურიის მოამბე“ – ლუცკის მსახიობების ჩამოყვანას ლანჩხუთის ბიუჯეტი დააფინანსებს?

ოთარ ქათამაძე –  არა ისინი თვითონ ჩამოვლენ.

„გურიის მოამბე“ – საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? წყარო შეგიძლიათ მიმითითოთ? ხელშეკრულება გაფორმებული გაქვთ ლუცკის თეატრთან? ან რაიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი?

ოთარ ქათამაძე – არა, არა, ეს მომავალში იგეგმება, ეს დირექტორმა, დავით წერეთელმა მითხრა. რაც შეეხება ჩვენს დაფინანსებას და ხელფასებს, ეს შეგიძლიათ მოიძიოთ…

„გურიის მოამბე“ – არა, არა მადლობა,ეს ვიცით როგორ მოვიძიოთ, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებდა ერთდროულად ბათუმში და ლანჩხუთში როგორ იმყოფებით, ამაზე შეგაწუხეთ, მე მეგონა რომ თანამდებობის პირი ყოველდღე უნდა დადიოდეს სამსახურში თუ სამსხურეობრივი მოვალეობა სხვა აუცილებლობასაც არ ითვალისწინებს, ან კიდევ ბიულეტენზე არ არის, დიდი მადლობა, პასუხი პირდაპირ ვერ მივიღეთ, მაგრამ იმასაც არა უსავს რაც გვაქვს.

„გურიის მოამბე“ ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელობის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქართველოში უპეცენდენტო გადაწყვეტილება სამივე დონის სასამართლომ – ოზურგეთის რაიონული, ქუთაისის სააპელაციო, თბილისი უზენაესი – დავით წერეთელი, ამ დაწესებულების ხელმძღვანელი თანამშრომლების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

საქმის მასალებიდან ირკვევა რომ დავით წერეთელმა, თანამშრომელი, ქორეოგრაფი, მელის ნადირიძე, მხოლოდ იმის გამო დაითხოვა სამსახურიდან, რომ ის ოზურგეთელია, ხაზს ვუსვამთ, ეს სასამართლოს განჩინებიდანაა, რაც ძალაშია შესული, ანუ ფაქტია და არა ვინმეს კომენტარი.

ასევე სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, რომ დავით წერეთელმა მისი ქვემდებარე კულტურის ცენტრის დირექტორი, გია იმნაიშვილი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო დაიტოვა, რომ მან სასამართლოსთან ითანამშრომლა, ანუ ჩვენება მისცა.

გარდა ამისა, მას დისკრიმინაციასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ სხვა თანამშრომლებიც.

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამგე, ნონა იმნაძე.

ლანჩხუთის კულტურის გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ავთანდილ მახარაძეკი გვიმტკიცებს, რომ წერეთელმა ის მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ ჩოხატაურელია.

დავით წერეთელმა და მისმა უწყებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მის თანამშრომლებთან 10 ზე მეტი სასამართლო პროცესი წააგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share