დაკავებისას ბრალდებულებმა გაქცევა სცადეს, რასაც ავტოავარია მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მუხიანში- გობრონიძის ქუჩაზე შეჯახება სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როცა სუს-ის კონკრეტული პირებს აკავებდა. როგორც “მთავარს” თვითმხილველებმა შეატყობინეს, დაკავებისას მათ გაქცევა სცადეს, რასაც ავტოავარია მოჰყვა.

ინფორმაცია “მთავარს” სუს-შიც დაუდასტურეს. როგრც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავების ღონისძიებისას სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. სამი ბრალდებული დაშავებულია, ისინი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სუს-მა სამივე მათგანი ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100 ლარიანი კუპიურები ჯამში 1400 ლარი, ხოლო დამატებით ყალბი 2000 ლარის გასაღება, თანმხლებ 2 პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო-  ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share