გურიის მოამბე

სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა

სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პრორუსული „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა. ინფორმაცია „პუბლიკას“ სუსში დაუდასტურეს.
„ევრაზიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე სხვა პრორუსულმა ჯგუფმა 25 მაისს საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ დააფუძნეს.
გულბაათ რცხილაძეს „ობიექტივზე“ გადაცემა „მსოფლიო პოლიტიკა და საქართველოც“ აქვს. მის სახელზე წლების განმავლობაში რეგისტრირებულია რამდენიმე ორგანიზაცია: „საქართველოს უკვდავი ჯარი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“, „კავკასიური თანამშრომლობა“. რცხილაძე ედგა სათავეში 9 მაისს „უკვდავი ჯარის“ მსვლელობებს. ეს მარში 2007 წლიდან რუსული იდეოლოგიის გასავრცელებელი პოლიტიკური იარაღია.
გასულ წელს „აი ფაქტმა“ მოიკვლია, რომ ის რუსული „პრავფონდიდან“ ფინანსდება. მედიაგამოცემის მიხედვით, ეს ინფორმაცია „პრავფონდიდან“ გამოჟონილ მასალებში აღმოაჩინეს.

“დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც.

საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამი იყო სუს-ის განცხადებაში.

გულბაათ რცხილაძე არის “ევრაზიული ინსტიტუტის” დამფუძნებელი, რომელიც საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights