მე ვარ ლევან ღლონტი, რადიოლოგი. ვცხოვრობ გერმანიაში, დიუსელდორფში. ვმუშაობ ქალაქ კიონლის ღვთისმშობლის სახელობის კლინიკაში.
მოგვიყევი შენი პირველი პროფესიული ნაბიჯების შესახებ.
სიმართლე რომ გითხრათ, ექიმობა ბავშვობიდანვე მინდოდა. დაახლოებით მეექვსე კლასიდან უკვე ვფიქრობდი მომავალი პროფესიის შესახებ. ამაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა დეიდამ, რომელიც პროფესიით ექთანი იყო. ფაქტობრივად, მისი დახმარებით, ბავშვობიდან ექიმების წრეში ვიზრდებოდი და მომწონდა მათი საქმე, მომწონდა, რომ ეხმარებოდნენ ადამიანებს და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ სიცოცხლის გადარჩენაში. სკოლა 16 წლისამ დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრა დავისახე მიზნად. მოგეხსენებათ, სამედიცინო ფაკულტეტზე მოხვედრა განსაკუთრებით დიდ შრომას მოითხოვდა. შესაბამისად, გადავწყვიტე, ერთი წლის განმავლობაში გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი და 17 წლის უკვე ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში გერმანული კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა ქუთელიამ გახსნა სამედიცინო გერმანულის კურსი, რომლის პირველი გამოშვება მე და ჩემი ოთხი მეგობარი ვიყავით და კურსის დამამთავრებელი პირველი სერტიფიკატებიც ჩვენ მივიღეთ. როგორ განვითარდა შენი ცხოვრება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უკვე მიხვდებოდით, რომ გერმანულ ენასთან ჩემი ურთიერთობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე გერმანიაში ჩემი მოღვაწეობა. ჯერ კიდევ სკოლაში შემასწავლეს გერმანული და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ გერმანული ჩემს საყვარელ ენად იქცა. დაუღალავ შრომასთან ერთად, სწორედ გერმანულის ცოდნამ განაპირობა ჩემი კარიერული განვითარება და ის, რომ შესაძლებლობა მომეცა საქართველოს ფარგლებს გავცილებულიყავი. ინტერნატურა გავიარე მეან-გინეკოლოგიაში, ლისის ტბაზე მდებარე ონკოლოგიურ ცენტრში. უნდა ითქვას, რომ ცხოვრებაში თუკი რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, ყველაფერი დიდი შრომისა და მონდომების დახმარებით შევძელი. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ხელს მიმართავდნენ, ხედავდნენ ჩემს თავდადებას და საშუალებას არ მაძლევდნენ ამ შრომას უკვალოდ ჩაევლო. სხვა მრავალ პიროვნებასთან ერთად, ასეთი ადამიანები იყვნენ რუსუდან ჩიტიაშვილი და ლევან ჩარკვიანი. ჩემი პირველი სამსახური სწორედ მათ უკავშირდება. მათი დახმარებით მომცეს 25%-იან განაკვეთზე მუშაობის უფლება ონკოლოგიაში, ონკოლოგიურ ცენტრში, სადაც ღამის მორიგეობებზეც ვრჩებოდი, როგორც ექთანი, რათა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული პერიოდი იყო მაშინ საქართველოში და მეც ბოლოს მესამე კურსზე მივიღე ოჯახისგან ფინანსური დახმარება, რადგან ჩემს ოჯახსაც უჭირდა. მოკლედ, ონკოლოგიურ ცენტრში მუშაობა იყო ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამასთანავე, შესაძლებლობა მემუშავა ონკო-გინეკოლოგიის დარგში ქართველ პროფესიონალებთან ერთად. როგორ გაეცანი გერმანულ მედიცინას იმ პერიოდში საქართველოს საზღვრების დატოვებაზე ფიქრი წარმოუდგენელი გახლდათ. მაშინ ერთგვარ უტოპიურ ნააზრევად ჩაგითვლიდნენ, ვინმესთვის რომ გეთქვა ქართველი ექიმი გერმანიაში წავა სამუშაოდო. ეს უბრალოდ არ შეიძლებოდა, არ იყო საზღვრები ღია. ჩემი პირველი შეხება გერმანელ ექიმებთან მოხდა სწორედ ონკოლოგიური ცენტრის დახმარებით. იმ პერიოდში, როდესაც ღამის მორიგეობებზე ვმუშაობდი, იყო ისეთი დღეებიც, რომ უბრალოდ არ მქონდა ბევრი საქმე და მე ამ დროს გერმანულის სწავლას ვუთმობდი – ვსწავლობდი გერმანულ სამედიცინო ტერმინოლოგიას ქართულ-გერმანული სამედიცინო ლექსიკონის დახმარებით. ეს შეამჩნია ერთ-ერთმა ექთანმა და სწორედ ამ დროს, ყველასათვის კარგად ნაცნობი კოტე მარდალეიშვილი გერმანელ ექიმ-პროფესორებთან ერთად გეგმავდა ონკოლოგიური კონსილიუმების მოწყობას საქართველოში. მაშინ ქვეყნის „კარჩაკეტილობიდან“ გამომდინარე, ეს სენსაცია იყო. შესაბამისად, პირველივე ჯერზე უკვე 400-500-მა პაციენტმა შემოიტანა განაცხადი კონსილიუმში მონაწილეობისათვის. თუმცა, კონსილიუმის ჩატარებას წინ ერთი პირობა ერთვოდა – ყოველგვარი დოკუმენტაცია და პაციენტების ისტორია გერმანულ ენაზე უნდა მოგვემზადებინა. სწორედ აქ პირველად დამეხმარა გერმანულის ცოდნა და დამეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა – შემედგინა, გადამეთარგმნა თითოეული პაციენტის ისტორია გერმანულად. სწორედ ამ კონსილიუმების წყალობით დავამყარე პირველი კონტაქტი გერმანელ ექიმებთან და ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა მას შემდეგ გამყარდა და გაგრძელდა.
როგორ აღმოჩნდი გერმანიაში ამ ამბებიდან 6 წლის შემდეგ?
ჩემმა გერმანელმა კოლეგებმა გამომიგზავნეს კერძო მოწვევა და მომეცა შესაძლებლობა სამუშაოდ წავსულიყავი ბავარიაში, ბადჰაიბრუნში; კერძო სპეციალიზებულ ონკოლოგიურ კლინიკაში. ეს მოხდა 2004 წელს. ბავარიაში ყოფნისას ვმუშაობდით ექსპერიმენტული ონკოლოგიის მიმართულებით. ჩემთვის იქ ყოფნა უდიდესი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა. სწორედ კლინიკაში მუშაობისას გამგზავნეს ფრაიბურგსა და ფრანკფურტში, სადაც კვალიფიკაცია საგრძნობლად ავიმაღლე და შევისწავლე ჩემთვის მკურნალობის უცნობი მეთოდები. ვინაიდან კლინიკა, სადაც ვმუშაობდი, თერაპიულ ბაზას ეფუძნებოდა, ამან საშუალება მომცა თერაპიის მიმართულებაც დამეხვეწა. რატომ აირჩიე რადიოლოგია სიმართლე გითხრათ, რადიოლოგიისადმი ინტერესი კარიერული განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამიჩნდა, თუმცა გერმანიაში წასვლამდე ვერ ვახერხებდი საქართველოში ამ მიმართულებით განვითარებას. მაშინ ფიზიკურად არც საამისო ტექნოლოგია გაგვაჩნდა და არც საჭირო ცოდნა. მაგრამ, საბოლოოდ და ჩემდა სასიკეთოდ, სწორედ ის გამოცდილება და კლინიკური თუ თერაპიული ცოდნა, რომელიც ონკოლოგიური კუთხით მივიღე, ძალიან დამეხმარა რადიოლოგიაში. ვინაიდან რადიოლოგია დგას თანამედროვე მედიცინის ცენტრში და მოიცავს ყველაფერს. ამიტომაც, 2012 წელს გადავწყვიტე, მთლიანად რადიოლოგიას გავყოლოდი. ქალაქ ზოლდინში გავიარე 4-წლიანი სწავლება და 2016 წლიდან ვარ სერტიფიცირებული რადიოლოგი. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ დღეს კლინიკაში, სადაც ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს ვემსახურებით.
რა განსაზღვრავს პაციენტთან პროფესიულ ურთიერთობას?
პაციენტთან პროფესიული ურთიერთობისას გადამწყვეტია სიმართლე, გულწრფელობა და უბრალოება. მთავარი საექიმო ცნება – „არ ავნო, თუ დახმარება არ შეგიძლია“ – ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობს. პაციენტთან უნდა იყო მართალი, უბრალო და სამართლიანი – ჯერ შენი სიტყვით უნდა ეცადო ადამიანის დახმარებას და შემდეგ მკურნალობით. მე მიყვარს ჩემი სამუშაო და შესაბამისად, შეუძლებელია არ მიყვარდეს პაციენტი. სწორედ ამიტომ, პაციენტთან ურთიერთობისას ლოიალობის, ყურადღების გამოჩენაც მნიშვნელოვანი მგონია.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა დამწყებ ექიმებს?
ზოგადად, რაც დრო გადის, უფრო და უფრო კარგი თაობები მოდიან. რა თქმა უნდა, ახლა ბევრად მეტი ინფორმაციის, ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვს ადამიანს. შესაბამისად, თითოეულ ახალგაზრდას, რომელმაც მიზნად დაისახა ექიმობას შეეჭიდოს, ვურჩევ – იშრომონ დაუღალავად, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და სწამდეთ, რომ თუ მართლა გამოიჩენენ თავდადებას ჯერ სწავლისა და შემდეგ საქმის კეთების პროცესში, მათი შრომა ნამდვილად დაფასდება.
ზოგადად, მედიცინა ისეთი დარგია, რომ ყოველდღიურად ვითარდება. ამიტომაც, არცერთი მომენტი არ უნდა გაუშვა ხელიდან. ყოველთვის უნდა იკითხო, ახალი ეძიო. რაც მთავარია, კოლეგიალობა და კოლეგიალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინო. განსაკუთრებით მაშინ, როცა დადგება დრო და დაინახავ, რომ შემთხვევა ძალიან რთულია და მარტო ვერ აუდიხარ, არ დაგაბრმაოს სიამაყემ და დახმარება აუცილებლად ითხოვე. სწორედ ეს არის კოლეგიალობა, შეგეძლოს აღიარება, რომ რაც უნდა პროფესიონალი და გამოცდილი ექიმი იყო, ზოგჯერ სწორედ გუნდურობაა წარმატების გასაღები.
რა შესაძლებლობას გაძლევს REDMED?
რედმედი ჩემი პირველი ძალიან აქტიური ურთიერთობაა ტელემედიცინასთან. ვფიქრობ, ამ გზით, პირველ რიგში, ფართოვდება ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება, გამოცდილების გაზიარება. მე დღეს შესაძლებლობა მაქვს ციფრული სერვისით და ფიზიკური საზღვრების წაშლით, შეუზღუდავად დავეხმარო ადამიანებს.
https://redmed.ge/