“რაც თავი მახსოვს და კითხვა ვიცი: დედაჩემი წერილებს მწერდა. აი, ისე, როგორც სადღაც ვლადივოსტკოში, ჯარში წასულ შვილებს წერდნენ. ისე, მაგრამ არა ისეთს. იწყებოდა კონკრეტული ამბით – ,,ქათმები შუუშვი საკარიაში’’ და გრძელდებოდა ზოგადით – ,,რამე შუუშვი თავში, ნახე, გივიეს ბაღნები რაფერი მაცადინები არიენ, შენ ბურთს დაზდევ მთელი დღეი და მოგვსპე ცოცხლათ ამ ნაკლეიკების თამაშით’’. ეს წერილები ყველგან იდო, კართან – ,,ფეხზე გეიწმინდე’’, ფანჯარასთან – ,,პაწაზე ღიათაც არ დატიო, წყალი შემუუარს’’ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განა გაბუტული იყო სულ. თუმცა მაინც. მერე აქეთ, ავტობუსის მძღოლს ატანდა უზარმაზრ ეპისტოლეებს. ქაღალდებში გახვეული მჭადი, ყველი და ქათამი ერთობლივი ძალით ნაწერს აზიანებდნენ და წერილი ნამარხში აღმოჩენილ პალიმფსესტს ჰგავდა. მოკლედ, ახლაც იგივე გრძელდება. სადმე საქმეზე მყოფი, ოზურგეთში, სახლში გვიან შევირბენ და მათ შორის აი, ეს წერილი მხვდება აივანზე და შემდეგ უკვე სხვა წერილები მიყვებიან ქვევით საფეხურ-საფეხურ კიბეს. ეს წერილი სულ ერთი ხაზია, მაგრამ მილიონჯერ მეტის ამოკითხვა შემიძლია უცებ – წლების და წუთების, სადღაც უკან, ლამფიან და მოღლილ ღუმელიან საღამოების წაკითხვა და მით უფრო გრძელია ეს ერთი ხაზი, მით ღრმა, რაც ცოტანი ვრჩებით. ცოტა რა – სულ ორი – მე და დედაჩემი”.