ხანდახან, გზებზე მიმავალი, ვხვდები ჩემს ტოლებს და იოლად ვხვდები –
ისინი არასდროს ყოფილან არც ათი წლის, არც თერთმეტის ანაც ცამეტის.
არ ყოფილან, თუმც ახლახან ოცდაჩვიდმეტის ან ორმოცის გახდნენ.
როცა ათის ხარ – ველოსიპედი უნდა გყავდეს და თუ არ გყავს, უნდა გეგონოს, რომ მალე გეყოლება. სიღარიბე სირცხვილი არ არის, სიღარიბისას აკრძალული ფიქრი – კი. ოღონდ მისი არა, ვისაც აკრძალული გვქონდა, მისი კი – ვინც აგვიკრძალა – გაუგებარი ხალხის, მხარზე ავტომატი რომ ეკიდათ, თავზე მომწვანო ნაჭერი წაეკრათ და ერთმანეთს ესროდნენ. ბავშვს კი, ოცნება უნდა შეგეძლოს როცა ათის ხარ, სხვანაირად ათის ვერ იქნები. წლები, რომელიც გამოვტოვეთ, კი არ გამოგვაკლდა – გამრავლებით მოგვემატა. ასე, დავდივართ, მზერამოხრილები გაუქმებულ წელთა სიმძიმით და ერთმანეთს ვამჩნევთ. ჩვენ, ოთხმოცდაათიანელები პატარა თუ დიდი სოფლებიდან და ქალაქებიდან. ამ უცნაური სიბერისთვის კი პასუხი არავინ აგო და არც ბოდიში მოგვიხადა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze