ვარინკა წერეთლის ვაჟი-სპირიდონ წერეთელი სამი წელი საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტში სწავლობდა და „სულიკოს“ გრამფირფიტას თან დაატარებდა.
ბარბარე იგივე ვარინკა მაჭავარიანი- წერეთლისა (1874-1948) რომ ნამდვილად არის „სულიკოს“ მელოდიის ავტორი, დღეს ამაში ეჭვი არავის ეპარება.
თუმცა, დაქვრივებულ და შვილმკვდარ ვარინკა წერეთელს მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ამის დასამტკიცებლად, რამდენიმე ინსტანციაში განცხადებების წერა, მერე ამ საჩივრების განხილვის მოლოდინში ყოფნა და მრავალი არასასიამოვნო ამბავი გადახდა თავს.
ცნობილია, რომ როცა აკაკი წერეთლის „სულიკო“ სამეცნიერო და სალიტერატურო ნახატებიან გაზეთ „კვალში“ (1895 წლის 9 ივლისს, #29) გამოქვეყნდა, ამის მერე ვარინკა წერეთელმა, აკაკი წერეთლის თხოვნით, გიტარაზე წაიღიღინა მელოდია.
მგოსანს მოსწონებია და ცოტა ხანში ისე გავრცელებულა, მალე ავტორი ყველას მიავიწყდა და ხალხურ სიმღერად მოიხსენიებდნენ (1900 წელს, კოტე ფოცხვერაშვილმა მელოდია ნოტებზე გადაიტანა).
ისიც ცნობილია, რომ სხვიტორში, აკაკი წერეთელთან, მწერლის მოსანახულებლად მყოფ ივანე მაჩაბელს (1854-1898) და ტასო ბაგრატიონ-დავითიშვილს (1869-1917) მოუსმენიათ ვარინკას შესრულებული „სულიკო“ და ისე მოხიბლულან, რომ 1898 წელს (ივანე მაჩაბლის გაუჩინარებამდე ორი თვით ადრე) მაჩაბლებს თბილისში, თავიანთ სახლში მიუწვევიათ ვარინკა წერეთელი, სადაც ინგლისური მუსიკალური ფირმის წარმომადგენლები ყოფილან ჩამოსული და „სულიკო“ გრამფირფიტაზე ჩაუწერიათ (პაპუნა წერეთლის მოგონებიდან).
ვარინკა წერეთლის „სულიკო“ მეოცე საუკუნის დასაწყისშივე გავრცელდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპაში. რაც შეეხება საფრანგეთს, ამ მელოდიის გავრცელება თავად ვარინკა წერეთლის ერთადერთ შვილს- სპირიდონ (გუგული) წერეთელს უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა.
სერგო გრიგოლის ძე წერეთლის და ვარინკა სპირიდონის ასულ მაჭავარიანის ერთადერთი შვილი- სპირიდონ (გუგული) წერეთელი (1893-1919) მონპელიეს უნივერსიტეტში ეუფლებოდა მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიას, ის ასევე ქიმიის და სხვა ტექნიკური საგნების ლექციებს ესწრებოდა საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
გუგული წერეთელს „სულიკოს“ გრამფირფიტა საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში თან ჰქონია. პარიზიდან საქართველოში მიმავალი გუგული 1919 წელს, ალექსი წერეთელს (რევოლუციის მერე ალექსი რუსეთში აღარ ჩადიოდა) გაუცილებია…
აკაკი წერეთლის ვაჟი- ოპერის იმპრესარიო ალექსი წერეთელი (1864-1942) კი რუს, ფრანგ და ესპანელ საოპერო მომღერლებთან მჭიდრო ურთიერთობაში იყო სიცოცხლის ბოლომდე.
ამიტომაც არაა გასაკვირი, ასე რომ გაიჭრა „სულიკოს“ მელოდია მსოფლიოში, ყველამ გაითავისა და შეიყვარა.
1919 წლის ზამთარში სპირიდონ წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ ხანგრძლივი და დამღლელი გზის გავლის მერე, უკვე ცხრაწყაროში მყოფმა, ძალა დაკარგა და ლოგინად ჩავარდა. ტუბერკულოზით დაავადებული სპირიდონის გადარჩენა შეუძლებელი შეიქმნა და ის მალევე გარდაიცვალა (დაკრძალულია ცხრაწყაროში).
ამის მერე ვარინკა წერეთელი სახლში გამოიკეტა და წლების განმავლობაში გლოვობდა უდროოდ გარდაცვლილ ვაჟს.
ახლა, როცა ვისმენთ სხვადასხვა ენებზე შესრულებულ “სულიკოს“ მელოდიას, ხშირად გაკვირვება გვეუფლება. ის კი არადა, გაისმოდა მოსაზრება, ხომ არ იყო ეს მელოდია უცხოეთიდან შემოსული ჟღერადობა და ვარინკას მიერ აკაკის ლექსზე მისადაგებული.
იშვიათია, ქართული მუსიკა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ასე გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში.
ეს ბედი კი იდუმალ „სულიკოს“ დაჰყვა, რომელიც ერთი შეყვარებული, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის საფლავთან წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს.
აკაკი წერეთელი ვარინკას „ბულბულს“ უწოდებდა ( ვარინკა ასრულებდა ასევე აკაკის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“ და სხვა), ამიტომაც უთქვამს პოეტს ვარინკას მეუღლისთვის-სერგო წერეთლისთვის, სახლში ბულბულიც გყავს და გუგულიცო…..