ოქსფორდ-ასტრაზენეკასა და ფაიზერ-ბიონტექეტის შემდეგ, საქართველოში ჩინური სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა.
ვაქცინის 100 000 დოზა თბილისის აეროპორტში 3 აპრილს, სპეცრეისით ჩამოვიდა. ამჟამად მისი დასაწყობება მიმდინარეობს. ჩინური ვაქცინის ჩამოსვლამდე, საქართველომ, 13 მარტს, ასტრაზენეკას 43 200 დოზა მიიღო, 25 მარტს კი – ფაიზერის 28 200 დოზა. ამ მომენტისთვის ქვეყანაში სულ 8 000 ადამიანია აცრილი.
სად და როდის შეიქმნა სინოფარმის ვაქცინა?
სინოფარმის ვაქცინა ადრეულ 2020 წელს პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების სახელმწიფო ინსტიტუტში შეიქმნა. ასევე სამთავრობო კომპანიის, სინოფარმის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვაქცინამ 79%-იანი ეფექტიანობა გამოავლინა. გასული წლის დეკემბერში ვაქცინამ ჩინეთის მთავრობისა და მარეგულირებლის ავტორიზაცია მიიღო და მალევე, ექსპორტირებაც დაიწყო.
როგორია ვაქცინის მოქმედების მექანიზმი?
სინოფარმის მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია როგორც ფაიზერის, ისე ასტრაზენეკასვაქცინებისგან. ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამოცდილი მეთოდი ორგანიზმში დასუსტებული ან უვნებელყოფილი კორონავირუსის უჯრედების შეყვანას გულისხმობს, რომელთაც იმუნური სისტემა უპირისპირდება, ამარცხებს და იმახსოვრებს.
მწარმოებლები კორონავირუსს ბიორეაქტორებში ამრავლებენ. რეპროდუქციის შემდეგ ვირუსებს ბეტა-პროპიოლაქტონის ხსნარში ათავსებენ, რითაც მათ მავნებლობასა და ზიანის მიყენების უნარს ზღუდავენ. ვაქცინაციის მომენტში ადამიანის მხარში სწორედ ვირუსისა და გამანეიტრალებელი ხსნარის ნარევი შეჰყავთ. ვირუსის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრიდან ისეთივე იმუნური რეაქცია ვითარდება, როგორიც ზემოთ განვიხილეთ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი უვნებელი კორონავირუსის უჯრედების დამარცხებას ისწავლის, რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩენისას პათოგენს მარტივად გაუმკლავდება.
ანალოგიურად მოქმედებს ცოფისა და A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები. დეაქტივირებული ვირუსის ვაქცინა პირველად 1904 წელს, ლუი პასტერმა შექმნა. რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც 21-ე საუკუნის ქმნილებაა, სინოფარმის ტიპის ვაქცინებს მსოფლიო საუკუნეზე მეტია, იყენებს.
რომელი ქვეყნების მიერაა ვაქცინა ავტორიზებული?
3 აპრილის მდგომარეობით, სინოფარმის ვაქცინა მხოლოდ ჩინეთის მარეგულირებლის მიერაა ავტორიზებული. შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო(FDA), ისევე, როგორც ევროპის წამლის სააგენტო(EMA), ვაქცინის ავტორიზებას არ ჩქარობენ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სინოფარმის ვაქცინა საგანგებო ავტორიზაციას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ავტორიზების პროცესზე ნეგატიურად მოქმედებს ჩინურ კვლევებში 60+ ასაკობრივი ჯგუფების ტოტალური ნაკლებობა, რაც ასაკოვან მოსახლეობაში გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შემოწმებას ართულებს.
რომელი ქვეყნები იყენებენ არაავტორიზებულ სინოფარმის ვაქცინას?
ამ ეტაპზე, სინოფარმის ვაქცინა შემდეგ 14 ქვეყანაში გამოიყენება: ბაჰრეინი, კამბოჯა, ეგვიპტე, უნგრეთი, იორდანია, მაკაუ, მაროკო, პაკისტანი, პერუ, სენეგალი, სერბეთი, სეიშელის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ზიმბაბვე.
მომდევნო დღეებში ამ სიას, სავარაუდოდ, საქართველოც შეუერთდება. საინტერესოა, რომ EMA-ს ავტორიზაციის გვერდის ავლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვაქცინას მხოლოდ უნგრეთი იყენებს, რომელსაც ბოლო წლებში ევროპის ბლოკთან სერიოზული უთანხმოებები აქვს.
როგორ შეედარება სინოფარმის ფასი სხვა ვაქცინებს?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და მსოფლიო ბაზარზე “ძალიან დიდი” დეფიციტია:
“ჩვენ ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ფასთან შედარებით, თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში გადავიხადეთ, ფაიზერიც ასევე კოვაქსის საშუალებით შემოვიდა არასაბაზრო ფასში, ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში. ეს ჩინური ვაქცინა სინოფარმი, რომელსაც ვყიდულობთ, უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებშია. მაგრამ ამავე დროს არის დონაცია სხვა ჩინური ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას”. – განაცხადა გამყრელიძემ.
რატომ იყიდა არაავტორიზებული და ძვირიანი ვაქცინა საქართველომ?
ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი “საჩუქრად” გადმოცემული სინოვაკის ვაქცინებია:
“ჩვენთან შემოდის სინოფარმი, რომელიც იყიდა ქვეყანამ და სინოვაკი, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს, 100 000-100 000 დოზა”.
ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩინურ ვაქცინას “მოსახლეობაში მაღალი ნდობა აქვს”:
“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოსახლეობის მხრიდან ჩინური ვაქცინის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია, ვინაიდან, ის ტრადიციულ მეთოდზეა დამზადებული, აქედან გამომდინარე, ესეც გასათვალისწინებელია”. – განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ ვაქცინა მხოლოდ იმ დაშვებით შეიძინა, რომ “სინოფარმი აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს”
“ტაბულა”