ხშირად გარშემომყოფებს თანხმობას მხოლოდ იმიტომ ვეუბნებით, რომ ზრდილობიანები გამოვჩნდეთ. სინამდვილეში ამით ჩვენს ჯანმრთელობას ვაზიანებთ.
ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ პირდაპირ უარს როცა ვერ ვამბობთ, ძირითადად ვიყენებთ სიტყვებს: “დაკავებული ვარ“, „იქნებ სხვა დროს იყო“ და ა. შ. ფსიქოლოგების თქმით, ჩვენ ბავშვობიდან ისე გვზრდიან, რომ კარგი გოგოები და ბიჭები ვიყოთ, ამიტომ ბავშობიდან ყველაფერზე თანხმობას ვეჩვევით, იმის შიშით, რომ ვინმე არ გავანაწყენოთ.
ადამიანთა ქცევის მკვლევარები ამბობენ, რომ აუცილებელია ვისწავლოთ უარის თქმა იმაზე, რისი კეთებაც არ გვინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მენტალურ პრობლემებს შევიქმნით.
რა არის პირველი ნაბიჯი, რომ ვიპოვოთ სიტყვა „არა“
ვისწავლოთ გაბრაზება იმაზე, რამდენ დროს და ენერგიას დავხარჯავთ, თუ დავთანხმდებით ჩვენთვის არასასურველ შემოთავაზებას. რამდენი ჭიქა ყავაა, რომლის დალევაც არ გსურთ და შეხვედრაზე უარს ვერ ამბობთ, რამდენი ქორწილია, სადაც გეზარებათ წასვლა, რამდენი საათია, როცა რაღაც დამღლელ შეხვედრას ესწრებით.
ვანესა ვან ედვარდსი, ადამიანთა ქცევის მკვლევარი: „მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. შეხვედრის ნაცვლად, ადამიანებს სთხოვეთ, მესიჯით ან ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნოთ შეტყობინება და ამით დრო დაზოგოთ. შეეცადეთ, რომ რისი კეთებაც არ გსურთ, მასზე ზრდილობის გამო არ დათანხმდეთ”.
თუ მაინც გიჭირთ უარის თქმა, გირჩევთ, გაიხსენოთ მილიარდერ უორენ ბაფეტის სიტყვები: “წარმატებული ადამიანები თითქმის ყველაფერზე უარს ამბობენ“.