ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ავტორი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, რონ ჯონსონია, ხოლო სპონსორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულებას, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერენ.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში მოსმენა გაიმართა, სადაც სენატორმა ჯორჯ კენტმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას, ასევე კიბერთავდასხმებს და დეზინფორმაციის გავრცელებას, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს.
ამავე მოსმენაზე, კენტმა თქვა, რომ “საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა დემოკრატია გააძლიეროს”.
უცხოელი ფასილიტატორების დახმარებით პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი.
რეზოლუციის ხელმომწერები მოუწოდებენ:
1. ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და პარლამენტში არჩეულ ყველა დეპუტატს, სრულად შეასრულოს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული და მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.
2. პარლამენტში არჩეულ ყველა დეპუტატს, დაიკავონ თავიანთი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში და დაიწყონ მუშაობა შემდგომი შეფერხების გარეშე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე – მათ შორის კორონავირუსის პანდემიის, დასუსტებული ეკონომიკისა და რეგიონული გამოწვევების მოგვარებაზე.
3. საქართველოს მთავრობას, დანერგოს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და არ იყოს ის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გაზიარების გზით.
4. საქართველოს მთავრობას, დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ განვითარებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და კრიზისის გამეორების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებითა და განხორციელებით”, – წერია რეზოლუციაში.
ამასთან, დოკუმენტში ხელმომწერები ამბობენ, რომ კრიზისის მოგვარება მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უშლის საქართველოს სწრაფ განვითარებასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.