მელია: განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს

​ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განსაკუთრებული მადლობა ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს გადაუხადა. მელიას თქმით, მისი დაკავების შემდეგ პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება “გამოაღვიძა”.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიტვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც, გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა ლიტვიდან საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად და ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ.

რომ არა ბატონი პავილიონისი, არამგონია ის შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებებს”. – თქვა მელიამ.

ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვებას Facebook-ზე გამოეხმაურა ჟიგიმანტას პავილიონისიც.

“საბოლოოდ ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია თავისუფალია. მადლობა ევროკავშირს, აშშ-ს და მე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან კრიტიკა მივიღე, თავისუფლება დაცულია”. – წერს პავილიონისი.

ნიკა მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share