პოლიტიკური ექსპერტი “ისრაელის და არაბების კონფლიქტის ახალმა აფეთქებამ ქართული საზოგადოებაც გაყო”

გია ნოდია; პოლიტოლოგი;
ისრაელის და არაბების კონფლიქტის ახალმა აფეთქებამ ქართული საზოგადოებაც რომ გაყო, ნორმალურია – ამ კონფლიქტზე მთელ მსოფლიოში გაყოფილია პოზიციები, საქართველოში რატომ იქნება სხვანაირად?
პირადად ჩემი ყურადღება ზედმეტად ჭკვიანურმა და უმწიკვლოდ ობიექტურმა შეფასებებმა მიიქცია: ებრაელი ბავშვის დაღუპვაც ცუდია და არაბი ბავშვისაც, კონფლიქტი რთულია და ცალსახა შეფასებები არასწორია, ორივე მხარეს არიან ცუდი ექტრემისტები და კარგი ზომიერები, არც რომელიმე მხარეა ანგელოსი და არც მეორე – ეშმაკის მოციქული. ორივეს აქვს უსაფრთხოების და კარგი ცხოვრების უფლება და ა.შ. ვერც ერთ ამ დებულებას ვერ შეედავები, მაგრამ რა აზრი აქვს ბანალობების განმეორებას?
დღეს დასავლელ მემარცხენე-„პროგრესულ“ წრეებში სულ უფრო ვრცელდება ისრაელის სaწინააღმდეგო განწყობები, რაც ავტომატურად აისახება ქართულ დისკუსიებშიც. დასავლეთში ამას შეიძლება საფუძვლად ედოს ფარული ან არც ისე ფარული ანტისემიტიზმიც, მაგრამ მთავარი სხვაა: პალესტინელები (როგორც საერთოდ მუსლიმები) მყარად ჩასხდნენ „მსხვერპლის“ კატეგორიაში, ხოლო ისრაელი, რაკი ის უფრო განვითარებულია და თან ამერიკა და რაღაც ზომით ევროპაც უჭერს მხარს, „დომინანტ ძალად“ წარმოდგება. რაკი ისრაელი უფრო ძლიერია, ესე იგი ის მტყუანია, ხოლო რაკი პალესტინელები უფრო სუსტები არიან, ესე იგი მათ მხარეზე უნდა იყო. თუ ეს ერთხელ დაიჯერე, მერე არგუმენტები უძლურია.
ცხადია, არც საპირისპირო პოზიცია იქნება სწორი: რაკი ამერიკა ისრაელის მხარეზეა, ესე იგი ისრაელი „ჩვენია“ და ავტომატურად ყველაფერში მართალია. ისრაელი შეიძლება ბევრ რამეში მართალი იყოს, მაგრამ არა ამის გამო.
აბაა როგორ განვსაჯოთ? ლოგიკური ამოსავალია: აქვს თუ არა ისრაელს არსებობის უფლება? ეს არ ისე მარტივი საკითხია. როცა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელი იქმნებოდა, დასავლეთი რთული დილემის წინაშე იდგა. სამართლიანად ჩანდა, რომ ებრაელებს – განსაკუთრებით ჰოლოკოსტის შემდეგ – საკუთარი „სახლი“ ჰქონოდათ. მაგრამ ამ „სახლის“, ანუ ისრაელის, შექმნა, გარდუვალად აზარალებდა არაბებს, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. უმტკივნეულო გადააწყვეტა არ არსებობდა.
ამ საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა; ისრაელის აღიარება (რაც მის ფაქტობრივ საერთაშორისო ლეგიტიმაციას ნიშნავდა), ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც მას ცხოვრებაში მიუღია.
მაგრამ თუ აღიარებ, რომ ისრაელს აქვს არსებობის უფლება, მერე ლოგიკურად უნდა აღიარო, რომ მას თავდაცვის უფლებაც აქვს. ის ათწლეულია ცხოვრობს გარემოში, სადაც მეზობლები მისი არსებობის უფლებას არ აღიარებენ – მათ შორის მისივე არაბი მოქალაქეების დიდი ნაწილი. ამ პირობებში, მან არა მარტო თავი უნდა დაიცვას, არამედ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემაც შეინარჩუნოს, რის გარეშე ის ლეგიტიმური ვერ იქნება. მის არაბ მეზობლებს ეს პრობლემა არა აქვთ – მათ არც დემოკრატია და არც ადამიანის უფლებების დაცვა არ მოეთხოვებათ, რადგან „მსხვერპლის“ სტატუსი უდევთ ჯიბეში.
ამის გამო, ისრაელს მუდმივად უფრო მაღალი სტანდარტების დაცვა მოეთხოვება, ვიდრე მის ოპონენტებს, და საკუთარ თავსაც ამას თხოვს. ჯერჯერობით, ის მაინც ახერხებს, წარმატებული იყოს, თუმცა ეს ძალიან ძნელია.
ცხადია, ეს არ გამორიცხავს, რომ გავაკრიტიკოთ, ვთქვათ, ნეტანიაჰუ იმისთვის, რომ აგრძელებს აღმოსავლეთ იერუსალიმის მცოცავ ათვისებას და იქაური არაბების შევიწროებას, ან არ უწყობს ხელს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მაგრამ რატომ უჭერენ მხარს ისრაელში ნეტანიაჰუს (ვინც უჭერს)? ამ ქვეყნის უმრავლესობა მხარს დაუჭერდა პრაგმატულ შეთანხმებას არაბებთან, რომლის თანახმადაც შეიქმნებოდა პალესტინური სახელმწიფო, არაბები კი ისრაელის არსებობის ლეგიტიმურობას აღიარებდნენ. მაგრამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ეს არ გამოვიდა: არაბების თვალში, ვინც ამას დაანხმდება, მოღალატეა. ამის ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ისრაელის არჩევნებში „მკაცრი ხაზის“ წარმომადგენლები იმარჯვებენ.
კონფლიქტის ბოლო ეპიზოდში, ჰამასმა დაუშინა რაკეტები ისრაელს, ისრაელის შიდა პრობლემების მომიზეზებით. ისრაელი არ უპასუხებდა? ამ პასუხით მან მაქსიმალურად უნდა დააზიანოს ჰამასი, რომ, რამდენიმე წელი მაინც, ისევ ის ვეღარ გაბედოს. არის ეს პრობლემის მდგრადი გადაწყვეტა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ აბა რა უნდა ქნას? როგორ უნდა შეუთანხმდე ძალას, ვისთვისაც შენი არსებობის აღიარება ღალატის ტოლფასია?
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share