პირობები გაუარესდა, იატაკი სინესტისგან ჩაიმტვრა და ადამიანმა ფეხი იღრძო! – აი, ამ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას გერმანიაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები

(რეზონანსი)გერმანიაში ლეგალური დასაქმების პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეების საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. 24 ადამიანი ისევ უმძიმეს პირობებში იმყოფება. მარწყვის ფერმაში დასაქმებულების განცხადებით, მათი სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო გაუარესდა.

ჯერ კიდევ მაისში, მაშინ, როდესაც მიგრანტებმა მათი დროებითი საცხოვრებლიდან უმძიმესი კადრები გაავრცელეს და სამუშაო კონტრაქტის პირობების დარღვევაზე ალაპარაკდნენ, გერმანიისა და საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან იყო დაპირება, რომ პრობლემები მოგვარდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულებს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ. თუმცა, დასაქმებულების თქმით, დამსაქმებელი სამუშაო ხელშეკრულების პუნქტების დარღვევას დღემდე განაგრძობს.

არასათანადო საცხოვრებელი გარემოს გამო ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯანმრთელობის დაზიანებაც კი მიიღო და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება არ გაეწია.

საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლისა და სამუშაო პირობების შესასწავლად 4 ივნისს მათთან იმყოფებოდნენ გერმანიის შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. „მირამ“ შეისწავლა ადგილზე არსებული სიტუაცია და დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ის არღვევენ როგორც კონტრაქტის, ისე გერმანიის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. მათ გამოსასწორებლად კი ვადა 16 ივნისამდე მისცა, თუმცა ადგილზე სიტუაცია კვლავ არ შეცვლილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share