გერმანიამ, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორ ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდა

გერმანიამ პორტუგალია და რუსეთი ე.წ. „კორონავირუსის ვარიანტის გავრცელების ქვეყნების“ სიაში შეიყვანა და მგზავრების მიღებაზე შეზღუდვა დააწესა.

კერძოდ, მომავალი კვირის სამშაბათიდან პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში გამგზავრებას მხოლოდ გერმანიის მოქალაქეები ან რეზიდენტები შეძლებენ. იმ პირებს, რომლებსაც პორტუგალიიდან და რუსეთიდან გერმანიაში შესვლის ნებას დართავენ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

სიაში რუსეთისა და პორტუგალიის გარდა 14 ქვეყანაა შესული, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდეს, მკაცრი პოზიცია დაიკავონ ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share