ფოტო გონიოს ციხე ქრისტეფორე კასტელის ნახატებიდან.
როგორ დაკარგა გურიამ ჭანეთი.
XVI საუკუნეში სრული ფედოლალური დაქსაქსულობა იწყება საქართველოს სამეფო-სამთვაროებს შორის, ამას ემატება ოსმალეთის იმპერიის შემოტევები, რომელთა მთავარ მიზანს სამცხე საათაბაგოს დაუფლება წარმოადგენდა. ჩვენ კი განვიხილოთ ამ პერიოდის ისტორია და აღვნიშნოთ გურიის სამთავროს მდგომარეობა ამ დროს, აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ XVI საუკუნეში 1535-1549 წლებში გურიის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ჭანეთი.
ირან-ოსმალეთის პირველი ომის დროს ირანი უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს და სამცხე საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილს უტევდა, ოსმალეთი კი დასავლეთ საქართველოს და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთ ნაწილს. ამასთანავე ოსმალები ჩრდილო-დასავლეთიდანაც ხშირად აწყობდნენ თავდასხმებს ჯიქების მეშვეობით. ჯიქები ძარცვავდნენ აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის სოფლებს, იტაცებდნენ ქართველებს შემდეგ კი ოსმალეთში ჰყიდდნენ.
იმერეთის მეფე ბაგრატ III იძულებული იყო ორ ფრონტზე ებრძოლა, პირველი ქვეყნის შიგნით მთავრებისა და თავადების წინააღმდეგ და მეორე საგარეო მტრის წინააღმდეგ, რაც საგრძნობლად ასუსტებდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას.
1533 წლის იანვარში ბაგრატ III -ის დავალებით გურიის მთავარმა მამაი I გურიელმა (1512-1534წ) და ოდიშის მთავარმა მამია დადიანმა (1512-1533წ) ზღვით ჯიქეთზე ლაშქრობა მოაწყვეს, პირველი ბრძოლა ქართული ლაშქრის გამარჯვებით დასრულდა მაგრამ მეორე დღეს, ოდიშის მთავარსა და მის რაზმს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რის გამოც მამია დადიანის ლაშქარმა ბრძოლის ველი მიატოვა და უკან გამობრუნდა. დადიანისა და გურიელის ლაშქარი სისხლისმღვრელ ბრძოლაში დამარცხდა. გურიელის ვაჟი ბრძოლის ველზე დაეცა, მამია დადიანი ღალატით შეიბყრეს და მოკლეს. მამია გურიელი თავისი ძმებითურთ და სრულიად ქართული ლაშქარით ტყვედ ჩავარდა. შემდგომში დატყვევებული მთავარი თავის ლაშქართან ერთად კათალიკოსმა გამოიხსნა ტყვეობიდან.
ჯიქეთზე ლასქრობის დამარცხების შემდეგ ბაგრატ III მთელი ყურადღება სამცხე-საათაბაგოს დამორჩილებაზე დაგაიტანა. მისი პოლიტიკის მიზანი სამცხე-საათაბაგოს სრული შემოერთება იყო. რადგან სწორედ სამცხე წარმოადგენდა ბუნებრივ კარს რომლის მეშვეობითაც ოსმალები თავისუფლად შემოდიოდნენ, როგორც იმერეთში, ასევე ქართლში. სამცხის მთავრები კი უმეტეს შემთხვევაშო ოსმალებს გზას უხსნიდნენ იმერეთზე სალაშქროდ.
1535 წელს ბაგრატ III-მ დადიანთან და გურიელთან ერთად სამცხე-საათაბაგოს დასამორჩილებლად ლაშქრობა მოაწყო. გადამწტვეტი ბრძოლა 1535 წელს ახალქალაქთან ახლოს სოფელ მურჯახეთთან მოხდა, ბრძოლაში ბაგრატ III-მ გაიმარჯვა, განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს როსტომ გურიელის მეომრებმა, პირადად გურიელის რაზმმა (როსტომ გურიელის მერიქიფემ გვარად ართუმელიძემ) დაატყვევა სამცხის მთავარი ყვერყვარე III, რომელიც გურიელმა ბაგრატს მიჰგვარა. მალე ათაბაგი იმერეთში გარდაიცვალა. მადლიერმა მეფემ გურიელს გადასცა ჭანეთი და აჭარა. ამავე დროს ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. როგორც ჩანს, ლუარსაბი და ბაგრატი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მათ კარგად ესმოდათ, რომ ოსმალეთის მხრივ მთავარი საფრთხე მთელ საქართველოს სამცხე-საათაბაგოს გზით ემუქრებოდა. 1535 წელს მურჯახეთთან ბრძოლის შემდეგ სამხეთ-დასავლეთ საქართველო იმერეთისა და ქართლის სამეფოსთან გაერთიანდა, მაგრამ თავადურმა რეაქციამ და საგარეო მტერმა სიმშვიდე მალე დაარღვია. საათაბაგოს დიდმა თავადმა ოთარ შალიკაშვილმა ყვარყვარე III–ის მცირეწლოვანი შვილი ქაიხოსრო სტამბოლში ჩაიყვანა და სულთანს დახმარება სთხოვა.
1535 წელს მურჯახეთთან გამართული ბრძოლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში (1535-1545 წწ) სამცხე-საათაბაგო ისევ იმერეთის და ქართლის სამეფოების შემადგენლობაში დარჩა. ყვარყვარე მესამის მცირეწლოვანი შვილი ქაიხოსრო ოსმალების დახმარებით ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს დაბრუნებას.
1543 წელს სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა ფაშა 22 ათასიანი ლაშქრით, იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ წარმოემართა, ბაგრატმა საჭირო ზომები მიიღო შეკრიბა ლაშქარი, მოუხმო გურიელსა და დადიანს, ლევან I-მა დადიანმა (1533-1572) განაწყენებულმა იმით, რომ მეფემ 1535 წ. ჭანეთი და აჭარა გურიელს დაუთმო, ომში მონაწილეობა არ მიიღო. ოსმალთა ლაშქარი, რომელსაც ევროპული ზარბაზნები ჰქონდა, ბრძოლით მიადგა ოლთისის ციხეს. ოლთისელი მეციხოვნეები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. ბაგრატი ხედავდა, რომ მისი ლაშქარი მრავალრიცხოვან და კარგად შეიარაღებულ მტერს ვერ გაუმკლავდებოდა და ხერხი იხმარა: მუსა ფაშას საჩუქრებით დატვირთული მოციქულები მიუგზავნა და შეუთვალა: “მე როგორ შემიძლია ხონთქრის ჯარისათვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ ფაშა უკან გაბრუნდება, ციხის კლიტეებს, ვისაც მიბრძანებთ, იმას გადავცემ”. მოტყუებული ფაშა ციხიდან აიყარა და არზრუმის გზას გაუდგა. არტილერია და ლაშქრის ნაწილი კი იქ დატოვა, რათა შემდეგ მას გაჰყოლოდა და არტილერია არზრუმში მიეტანათ. ბაგრატი, როსტომ გურიელი და ქართველი სარდლები თავს დაესხნენ ოსმალებს, ერთიანად ამოწყვიტეს ისინი, ხელთ იგდეს ზარბაზნები და მუსა ფაშას დაედევნენ. გვიან დილით ბაგრატი დაეწია მუსა ფაშას ძირითად ლაშქარს და იგი სასტიკად დაამარცხა. “ქართველებმა ლალისფრად შეღებეს ბრძოლის ველი მათი სისხლით და მრავალი ოსმალო, მუსა ფაშასთან და წარჩინებულ ოსმალებთან ერთად, დახოცეს, ხოლო მათი ბანაკი დაარბიეს და აიკლეს”. ქართველთა ეს ბრწყინვალე გამარჯვება ქარაღაქთან მოხდა.
ქარაღადთან ოსმალური ლაშქრის დამარცხების შემდეგ სულთან სულეიმანმა, ხელახალი ლაშქარი გამოგზავნა ბაგრატ III-ის წინააღმდეგ, გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1545 წელს სოხოისტასთან, ბაგრატ III-ის მხარდამხარ იბრძოდა ქართლის მეფე ლუარსაბი და გურიის მთავარი როსტომ გურიელი, სოხოისტას ბრძოლაში გმირულად დაიღუპა როსტომ გურიელის ვაჟი ქაიხოსრო გურიელი. სოხოისტას ბრძოლაში არ მონაწილეობდა ოდიშის მთავარი ლევან დადიანი რადგან დადიანი განაწყენდა როცა მურჯახეთთან ბრძოლის შემდეგ ბაგრატ მეფემ მხოლოდ გურიელის ვაჟკაცობა და ერთგულება დააფასა. 1545 წელს სოხოისტას ბრძოლაში ოსმალური ლაშქრის სიმრავლემ ტავისი გაიტანა, ქართველები დამარცხდნენ, ოთარ შალიკაშვილის აქტიური დახმარებით ოსმალებმა დაიჭირეს საათაბაგოს ციხე-სიმაგრეები და ათაბაგად ქაიხოსრო III (1545-1573) დასვეს. ამ დროიდან ოსმალეთი შედარებით მტკიცედ ჩადგა სამხრეთ საქართველოში, რასაც შემდეგში მისი სრული დაპყრობა მოჰყვა.
ოსმალებთან ომის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დასავლეთ საქართველოს ფეოდალების რეაქციული ქმედებები იყო. ოდიშის და გურიის მთავრების მისწრაფება პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ განსაკუთრებით საშიში გახდა ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ბაგრატ III ცდილობდა არ დაეშვა გურიელისა და დადიანის ძალების გაერთიანება, ამ მიზნით მურჯახეთის ომის შემდეგ მეფემ აჭარა და ჭანეთი, რომელიც მზეჭაბუკის დროს გურიელს წაართვეს, ისევ დაუბრუნა გურიელს. ლევან დადიანს ესმოდა, რომ მეფის ეს ნაბიჯი მის წინააღმდეგ იყო მიმართული და აშკარად გადაუდგა ბაგრატს. თუ აქამდე ოდიშის მთავრი ფორმალურად მაინც ცნობდა იმერეთის მეფის უზენაესობას, ახლა აშკარად განუდგა მას და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბაგრატმა გადაწყვიტა ლევან დადიანის დასჯა 1548 წელს მეფემ ხონის ჭალაში დარბაზობა გამართა და ლევან დადიანი მიიწვია, დადიანი დარბაზობაზე მივიდა ბაგრატმა ის შეიბყრო და გელათის სამრეკლოში გამოჰკეტა. ბაგრატი არც როსტომ გურიელს ენდობოდა და მისი შებყრობაც გადაწყვიტა მან გურიელს შეუთვალა დადიანი ჩემს ხელშია, ახლა მე და შენ ისღა დაგვრჩენია უპატრონოდ დარჩენილი ოდიში დავიბყროთ და გავიყოთო, მაგრამ ამჯერად გურიელი არ მოტყუვდა მას უთქვავს: დღეს დადიანი შეიბყრო და ოდიშის დაჭერას აპირებს ხვალ უეჭველად მეც მომადგება და დადიანი დღეში ჩამაგდებსო . გურიელი ბაგრატთან არ მივიდა თან შეუთვალა : კარაგად იცი როგორ მემტერებიან მე ოსმალები და ქაიხოსრო ათაბაგი, ხოდა ახლა მე რომ შენთან წამოვიდე და სამთავრო მივატოვო მტრები შემოიჭრებიან და გურიას წამართმევენ ამიტომ ვერ მოვდივარ და თან გირჩევ ლევან დადიან ფიცი ჩამოართვა და გაანთავისუფლო. ბაგრატი განრისხდა და დადიანისთვის თვალების დათხრა დააპირა მაგრამ შემდეგ გურიელისა და დადიანის შეერთების შიშით გადაიფიქრა. სამცხის მთავარმა ქაიხოსრომ ლევანი ტყვეობიდან გამოაპარებინა, რის შემდეგადაც ლევანი სამეგრელოში დაბრუნდა, ლევან დადიანი სამთავროში როსტომ გურიელმა მიაცილა.
დასავლეთ საართველოს მეფე მთავრების ურთიერთდაპირისპირებას ემატებოდა, ოსმალთა ხელახალი ლაშქრობები და სწორედ ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს გურიის სამთავრომ დაკარგა ბაგრატის მიერ გადაცემული ჭანეთი ეს მოხდა 1549 წელს რასაც დაწვრილებით განვიხილავთ ქვემოთ.
1549 წელს ოსმალებმა ფართომასშტაბიანი ლაშქრობა მოაწყეს სამხრეთ საქართველოს იმართულებით, ამ ლაშქრობის შესახებ გვიყვება თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი. ,, ამ ხანებში საქართველოს ურჯულოები არეულობასა და აჯანყებას აწყობდნენ. როდესაც უზენაესმა ფადიშაჰმა შეიტყო ზოგი მათი დასაგმობ საქმიანობის შესახებ, საქართველოში გალაშქრება მიანდო მეორე ვეზირს მის აღმატებულებას აჰმედ ფაშას არზრუმის, ყარამანის, ზურყადირლისა და სივასის ბეგლარბეგებთან, მათი სამჯაყების ბეგებთან და იანიჩარის ქეთხუდასთან ერთად. მათ მიიღეს ფადიშაჰის ხელზე მთხვევის პატივი და დიდებული შა’ბანის თვის პირველ დღეს გაუდგნენ გზას. ჯერ დიდი ბრძოლით აღებულ იქნა თორთუმის ციხე. ნიხახისა და ამირახორის ციხეები დაგვნებდნენ. ახჩაყალა ბრძოლით იქნა აღებული, ამათ გარდა კიდევ თხუთმეტმა ციხემ მორჩილება გამოაცხადა. დივან’ ად წოდებულ მხარეში შესევის შემდეგ ურიცხვი სავარდნისთვალებიან და კაკაბივით მოგოგმანე ჭაბუკები და ქალწულები მუსლიმან გმირთა ხელში ჩაცვივდნენ. ხსენებულ მხარეში დატოვებულ იქნა თხუთმეტი ციხე დანარჩენი მიწასთან იქნა გასწორებული. შემდეგ თორთუმი, თალხისი, ახჩაყალ’ ა და დივანას ხევი განსაზღვრულ იქნა, როგორც ერთი სასანჯაყო ადგილი“ ასე გადმოგვცემს იბრაჰიმ ფეჩევი 1549 წელს ოსმალების ლაშქრობას სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. როგორც ფეჩევის ცნობებიდან ვრწმუნდებით 1549 წლის აგვისტოში სულთანმა აჰმედ ფაშას სარდლობით დიდძალი ჯარი გამოგზავნა საათაბაგოში. თვე-ნახევრის განმავლობაში მტერმა 25 ციხე-სიმაგრე აიღო, რომელთაგან 15 თავისთვის დაიტოვა, როგორც დასაყრდენი პუნქტი, დანარჩენი კი მიწასთან გაასწორა.
1549 წელს გამართული ლაშქრობით ოსმალები სამცხე-სათაბაგოს პარალელურად ცდილობდნენ ჭანეთ-გურიის დაბყრობას. ჭანეთის დაკავების შემდეგ ისინი გურიაში შეიჭრნენ და ბათუმში ციხე-სიმაგრის შენება დაიწყეს, როსტომ გურიელმა შიკრიკები აფრინა დადიანთან და ბაგრატ იმერთა მეფესთან დახმარების სათხოვნელად, ლევან დადიანი სწრაფად გაეშურა ოდიშელეთა და აფხაზთა ჯარით მოძმე მთავრის დასახმარებლად, ბაგრატ მეფემ კი თავისი უნცროსი ძმა ვახტანგი გაგზავნა 500 მხედრით გურიელის დასახმარებლად, იმერეთის მეფე განმდგარ დადიან-გურიელის შეერთებაში მისთვის საფრთხეს ხედავდა და საიდუმლოდ ვახტანგს დაავალა, რათა არ დაეშვა დადიანის ლაშქრის გურიელთან შეერთება.
გურიელი იძულებული გახდა მაშველი ძალების მოსვლამდე შებრძოლებოდა ოსმალებს და წარმატებასაც მიაღწია: მტერი ჭოროხს გაღმა გადარეკა. ჭოროხი ადიდებული იყო. გურიელს ნავები არ ჰქონდა და მდინარეზე ვერ გადავიდა. ოსმალები კი შეუდგნენ ციხის შენებას გონიოში. ამასობაში დადიანი ოდიშ-აფხაზეთის ლაშქრით და კატარღებით ფოთს შემოსულიყო და სალაშქროდ ემზადებოდა. ამ დროს საჯავახოში მდგარმა ვახტანგმა დადიანს შეუთვალა: “ვინათგან ვარ ფუცებული შენდა აწ უწყოდე: თუმცა შეიკრიბნეთ შენ და გურიელი, აქვს გურიელისაგან პირი ძმასა ჩემსა, დაგესხმის იგი, ანუ მოგაკუდინებენ ანუ შეგიპყრობენ”. დადიანი მოტყუვდა, ყოველივე დაიჯერა და უკან გაბრუნდა, ოსმალებმა კი ააგეს გონიოს ციხე და მასზე დაყრდნობით მალე ჭანეთისა და ბათუმის ზღვისპირი დაიპყრეს. ამის შედეგად ოსმალებმა ფეხი მოიკიდეს გონიო-ჭოროხის მიდამოებში და საქართველომ დაკარგა ჭანეთი.
XVI საუკუნეში ფეოდალურმა დაქსაქსულობამ ცუდი შედეგი მოუტანა დასავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრებს შორის არსებული დაპირისპირება ოსმალებისთვის სასარგებლო მდგომარეობას ქმნიდა, რის შედეგადაც საქართველომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის დიდი ნაწილი დაკარგა და იქ ოსმალური მმართველობა დამკვიდრდა.
1535 წლიდან მურჯახეთთან გამარჯვების შემდეგ ჭანეთი გურიელის მფლობელობაში გადავიდა, რასაც ოდიშის მთავრის განაწყენება მოჰყვა, მაგრამ 1545 წელს სოხოისტასთან ქართველების დამარცხების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გურიელს ჭანეთის შენარჩუნება გაუჭირდებოდა, ოსმალების ქმედებამაც არ დააყოვნა და 1549 წელს დიდი ლაშქრობა მოეწყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში რომლის შედეგადაც გურიამ ჭანეთი დაკარგა. ეს მცირე მონაკვეთია იმის რაც XVI საუკუნეში საქართველოს თავს გადახდა.
1564 წელს როსტომ გურიელი გარდაიცვალა და გურიის მთავარი გახდა მისი ვაჟი გიორგი.
ასე დაკარგა გურიამ ჭანეთი, შემდეგი პოსტი იქნება თუ რაფერ დაკარგა გურიამ საჯავახო.
წყაროები : საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ IV
ბატონიშვილი ვახუშტი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“
იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები
ფოტო გონიოს ციხე ქრისტეფორე კასტელის ნახატებიდან.