ინგა გრიგოლია: “ლექსო ლაშქარავამ მითხრა, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო”

როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

“გისამძიმრებთ თქვენც, მის ოჯახთან და ჩვენს ტელევიზიასთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ასეთი ტრაგედიით დასრულდა სპეცოპერაცია მედიის წინააღმდეგ. ამიტომ,მიმაჩნია, რომ ახლა ჭირისუფლები ხართ თქვენ ყველანი, ვინც მონაწილეობდით ან არ მონაწილეობდით იმ დღეს იმ ძალადობის გაშუქებაში. მედიის სპეცოპერაციის მსხვერპლი არის ლექსო. შესაბამისად, პასუხისმგებელი არის ყველა, ვინც გააკეთა ეს, ვინც დაგეგმა, ვინც წააქეზა და წაახალისა ეს ძალადობა, ყველა არის პასუხისმგებელი.

მოგიყვებით ბოლოს რა მითხრა, რომ ველაპარაკე, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, არ ინერვიულო, შენს გვერდით ვარ მეთქი. ახლა გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, მე, ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა კუნთიანმა ბიჭებმა. “კუნთიანები” რომ გვყავს ხელისუფლებაში, იმიტომაც დაიგეგმა ეს ყველაფერი. ვინმეს, თუკი გჯერათ, რომ ის ძალადობრივი თავდასხმები მედიაზე, მედიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოოპერაცია იყო ხელისუფლების გარეშე დაგეგმილი, ვიტყვი, რომ თქვენ ხართ მიამიტები. ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია საკუთარ მხარდამჭერებს გაუგზავნა ამ შავრაზმული ჯგუფების მეშვეობით გზავნილი, რომ სადაც დაინახავთ ჟურნალისტებს, მიკროფონიანს, კამერიანს, თავს დაესხით,სცემეთ, ეს გზავნილი იყო წინასაარჩევნოდ. ამიტომ,პასუხისმგებელი იმ ნაძირლებთან ერთად, რელიგიის სახელით ჩვენ რომ მუშტებს გვირტყამენ, ცეცხლითა და მახვილით რომ ჟურნალისტებს უპირისპირდებიან რელიგიის სახელითა და რაღაც მორალის სახელით, მათთან ერთად პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”,-განაცხადა გრიგოლიამ.

მისი თქმით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ინგა გრიგოლია პირობას დებს, რომ ჭეშმარიტების დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.

“მე ვაძლევ მას პირობას, რომ ყველა აგებს პასუხს,ვინც ის საშინელი დღე დაგეგმა. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას,იცოდეთ, ახალგაზრდები ხართ, თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მედიას ფიზიკურად, მუშტებით, წიხლებით კლავენ. ვწუხვარ, ახალგაზრდა ჟურნალისტები ხართ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, ვიდრე მიკროფონს ხელში აიღებთ, რომ ქუჩაში რომ გახვალთ, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს თქვენი რეპორტაჟი, არ მოეწონოს თქვენი გამომეტყველება, არ მოეწონოს თქვენი თმის ფერი და მოგკლან, გცემონ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, საქართველოში მედიას კლავენ, ეს დადასტურდა”,-განაცხადა გრიგოლიამ.

რაც შეეხება დღეს დაანონსებულ აქციას, ინგა გრიგოლიას თქმით, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

“ეს ხალხი არის გადაბმული ხელისუფლებაზე, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ღარიბაშვილი შემჩნეულია, ამ შავრაზმულ ჯგუფთან კონტაქტში? არავის ვდებ კონკრეტული სახელით და გვარით ბრალს, პასუხისმგებელი არის ყველა. ახლა, გინდ რამე დაანონსონ, გინდ არა”,-განაცხადა გრიგოლიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share